რკინიგზა

ახალი რკინიგზა - ახალი გეოპოლიტიკა

რუსეთის გავლენა ყირგიზეთზე საგრძნობლად შეირყა. ეს უკანასკნელი აქტიურად ცდილობს, ჩინეთთან უფრო ახლო ურთიერთობები დაამყაროს და ამით ქვეყანაზე რუსეთის გავლენა დააბალანსოს. როგორც ყირგიზეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ, ამ მხრივ, ახალ რკინიგზას შეიძლება გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდეს.

რკინიგზის მშენებლობის გეგმა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა ჩინეთს, ყირგიზეთს და უზბეკეთს, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან განიხილება, თუმცა 2009 წლამდე იდეა მხოლოდ იდეად რჩებოდა. 2009 წლის ოქტომბერში ჩინეთმა რკინიგზის ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პოტენციალის აქტიური შესწავლა დაიწყო. გაჩნდა მოსაზრება, რომ პერსპექტივაში ახალი რკინიგზა ირანისა და თურქეთის ქსელებს დაკავშირებოდა, თუმცა 2010 წლის აპრილში მომხდარმა მეორე ყირგიზულმა რევოლუციამ ყველა გეგმა არია და რკინიგზის მშენებლობაც ყველას გადაავიწყდა.

საინტერესოა, რომ მაშინაც, ისევე როგორც დღეს, რკინიგზის მშენებლობის იდეის გააქტიურება ყირგიზეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების მკვეთრ დაძაბვას დაემთხვა. 2010 წელს ყირგიზეთმა პეკინზე ფსონი მას შემდეგ დადო, რაც რუსეთისთვის ორი მსხვილი კრედიტის სანაცვლოდ დადებული პირობა დაარღვია, ფული მიიღო, მაგრამ ქვეყნიდან ამერიკული ავიაბაზები მაინც არ გაიყვანა.

რუსეთთან ურთიერთობაში ყირგიზეთისთვის 2011 წლის თებერვალიც დაძაბული გამოდგა. ყირგიზეთმა ქვეყნის ბიუჯეტის შესავსებად აუცილებელი კრედიტი ვერ მიიღო ანტიკრიზისული ფონდიდან – ЕврАзЭС. ამის საპასუხოდ, ქვეყნის პრეზიდენტმა მოსკოვი ყველა ერთობლივი პროექტის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა – მათ შორის, შეახსენა ის, რომ წინასწარი მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთის ენერგოგიგანტს ჯერ კიდევ არ შეუსყიდია ყირგიზეთის ნავთობისა და გაზის ორი მსხვილი კომპანია, არ დაუწყია მდინარე ნარინზე ოთხი ჰესის მშენებლობა და არ გადაუხდია ყირგიზეთში განთავსებული რუსული საბრძოლო ბაზების არენდისა და კომუნალური გადასახადები. რუსული პროექტების და კრედიტების ალტერნატივად ყირგიზეთის პრეზიდენტმა დაასახელა ჩინეთი, რომელიც, მისივე თქმით, ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობისთვის 3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.

3 მილიარდი ყირგიზეთისთვის პატარა თანხა არ არის. იმ პირობებში, როცა ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირება თითქმის მთლიანად კრედიტების მოცულობაზეა დამოკიდებული, ვალის გასტუმრების ყველაზე ლოგიკურ საშუალებად მიიჩნევა ქვეყნის ტერიტორიაზე ალუმინით, ფოლადით, ნახშირით და ოქროთი მდიდარ რამდენიმე საბადოზე ჩინელებისთვის უფლების გადაცემა. თავის დროზე, 2009 წელს, როცა რკინიგზის მშენებლობის იდეა პირველად გაჩნდა, ოთხი ოქროს საბადო სწორედ პროექტის დაფინანსებისთვის იყო დარეზერვებული. თუმცა დღეს, ყირგიზეთის ხელისუფლება ჩინეთისთვის ძვირფასი, ფერადი და შავი მეტალების საბადოების გახსნის შესაძლებლობას და ამ მიმართულებით ჩინეთთან რაიმე მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფს.

დღეს, ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის პროექტი უბრალო იდეაზე ბევრად მეტია. მსოფლიო ბანკი მზად არის, ფინანსური ანალიზისა და ტექნიკური დახმარებისთვის პოტენციურ ინვესტორებთან იმუშაოს და ქვეყნისთვის სხვადასხვა წყაროსგან 1.2 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდოს.

პროექტის განხორციელებას ისიც ამარტივებს, რომ სარკინიგზო მარშრუტის – ირანი-ცენტრალური აზია, რომელიც რეგიონის ქვეყნებს სპარსეთის ყურეზე და თურქეთის სარკინიგზო ქსელზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს – დაფინანსება ისლამის განვითარების ბანკმა იტვირთა. ამ მარშრუტის ყველაზე რეალური ვარიანტი ტაჯიკეთსა და ავღანეთზე გადის. შესაბამისად, ყირგიზეთი რკინიგზის ახალ განშტოებას ტაჯიკეთის სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს.

ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად ფართო იქნება ხაზების შემაერთებელი მონაკვეთი. ჩინეთი 1435 მილიმეტრის სიგანის მქონე მონაკვეთს ითხოვს, რადგან იგივე სტანდარტია მიღებული როგორც ირანში, ისე თურქეთშიც. თუ ამ სტანდარტს ყირგიზეთიც დაიცავს, მაშინ საზღვრებზე ტვირთის გადმოზიდვა და შემდეგ მისი ხელახლა დატვირთვა საჭირო აღარ იქნება. ეს ტვირთის ტრანსპორტირებას და მის დანიშნულების ადგილზე მიტანას დააჩქარებს.

მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირისგან ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს მემკვიდრეობით 1520 მილიმეტრის სიგანის შემაერთებელი მონაკვეთები ერგოთ. თუ რომელიმე ქვეყანა ამ მემკვიდრეობაზე უარს იტყვის, მაშინ ხაზების ერთმანეთთან დაკავშირება გართულდება. ფაქტობრივად, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ორი განსხვავებული სარკინიგზო ხაზი იმოქმედებს: ერთი მათგანი გათვლილი იქნება დსთ-ს, მეორე კი – ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ჩინეთზე.

რკინიგზის მშენებლობის დეტალური გეგმა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი დასრულდება. ასევე, გამოიკვეთება დამატებითი დაფინანსების წყაროები. აღსანიშნავია, რომ ჩინეთს უკვე აქვს მსგავსი მიძინებული ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცოცხლების გამოცდილება – ასეთი იყო, მაგალითად, 2009 წელს ტრანსკონტინენტური გაზსადენი: თურქმენეთი-უზბეკეთი-ყაზახეთი-ჩინეთი.

ყირგიზეთსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების პირობებში, ახალი რკინიგზის ფორსირებული ტემპებით მშენებლობის მთავარი მიზანი ცენტრალური აზიის ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულებისთვის ალტერნატივის მოძებნაა: ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ყირგიზეთი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ორიენტირებს შეიცვლის და რუსეთის ნაცვლად, რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადაერთვება. იგივე მიზანი აქვს ტაჯიკეთსაც, რადგან უზბეკეთის მხრიდან მისი მისამართით ელექტროენერგიითა და გაზით მანიპულირების შემთხვევები გახშირდა.

სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილება ეკონომიკური კავშირების გადაწყობას გამოიწვევს. ამას კი, მომავალში, გეოპოლიტიკური ხასიათის ცვლილებებიც მოჰყვება.

კომენტარები