კვლევა

საკვებზე ხელმისაწვდომობა და ოჯახების სუფთა შემოსავალი

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) 2010 წლის კვლევა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მსოფლიოს 84 ქვეყანას შორის, საკვებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ამერიკა პირველ ადგილზეა.

კვლევის მიხედვით, ბოლო 80 წლის მანძილზე შეერთებული შტატების სუფთა შემოსავლებში საკვებზე დანახარჯების წილი 15.6%-ით, თითქმის 3-ჯერ შემცირდა, ხოლო ბოლო 30 წლის განმავლობაში, საშუალო ამერიკელის სუფთა შემოსავალი თითქმის 4%-ით გაიზარდა. 2010 წელს, ამერიკაში საკვებზე ოჯახების მთლიანი შემოსავლის 6.6% დაიხარჯა.

იმავე კვლევის მიხედვით, 2010 წელს საქართველოში მცხოვრებმა ოჯახმა მთლიანი შემოსავლებიდან საკვებზე 34.7%-ით, თითქმის 6-ჯერ მეტი დახარჯა. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მსოფლიოს 84 ქვეყანას შორის 76-ე ადგილზეა. საკვებზე საქართველოს ოჯახებზე მეტს კვლევაში ჩართული მხოლოდ 7 ქვეყანა ხარჯავს: უკრაინა, კენია, პაკისტანი, ბელარუსი, ალჟირი, აზერბაიჯანი და კამერუნი.

უშუალო მეზობლებიდან საკვები უფრო ხელმისაწვდომია თურქეთსა და რუსეთში. ამ უკანასკნელში, საკვებზე ერთი ოჯახი თავისი შემოსავლების 29%-ს, ხოლო თურქეთში – 21.4%-ს ხარჯავს. სომხეთის მონაცემები კვლევას არ აქვს.

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებიდან კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება: კვლევაში ჩართულ 28 ქვეყანაში, ანუ მთელი რაოდენობის მესამედში, ოჯახი საკვებზე საშუალოდ 23.58%-ით იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ამერიკა დიდი დეპრესიის დროს. ამ ქვეყნებში რუსეთი, საქართველო და აზერბაიჯანიც შედის.

საკვებზე ხელისაწვდომობით ამერიკას მოსდევს სინგაპური, სადაც ერთი ოჯახი საკვებზე თავისი შემოსავლის 7.5%-ს ხარჯავს. ხუთეულში ასევე შედიან: გაერთიანებული სამეფო – 9.7%-ით, კანადა – 9.8%-ით და ირლანდია – 10.2%-ით. თუმცა ამერიკა მაინც გამორჩეულია, რადგან იქ, მთელი 80 წლის მანძილზე, საკვები ისეთი იაფი არასდროს ყოფილა, როგორც ეს 2010 წელს იყო.

 

კომენტარები