ოკუპირებული ტერიტორიები

გაუგებრობა რეზოლუციის გარშემო

საერთაშორისო დოკუმენტში „ოკუპირებული ტერიტორიების” მოხსენიებასთან დაკავშირებით მოსკოვმა პოზიცია შეიცვალა? ეს კითხვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ გაჩნდა. რუსული დელეგაციის „კონსტრუქციულობამ” შეშფოთება სოხუმსა და ცხინვალში გამოიწვია, სადაც მისი „თავშეკავებული” პოზიცია უკან დახევად აღიქვეს.

რეზოლუცია, რომელიც ასამბლეამ 9 ივლისს დაამტკიცა, მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს.

პოლონელი დეპუტატის, მიხაელ შჩერბას მომზადებული დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას მოსკოვისა და „დე ფაქტო ხელისუფლებების” მიმართ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებლების მისია დაუშვან. ასევე – უზრუნველყონ დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. რეზოლუცია მოუწოდებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს აღადგინონ ორგანიზაციის მისია საქართველოში, როგორც ნდობის აღდგენის ერთ-ერთი მექანიზმი.

რეზოლუციაზე მსჯელობის დროს რუსული დელეგაცია დოკუმენტის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. პირველ რიგში, იმის გამო, რომ ტექსტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად იყვნენ მოხსენიებულნი. რუსი დეპუტატების აზრით, ეს „სუვერენული სახელმწიფოებია”, რეზოლუციის პროექტი კი – ტენდენციური.

მაგრამ, დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, რუსული დელეგაცია მოულოდნელად ალაპარაკდა საკუთარ კონსტრუქციულ პოზიციაზე. სააგენტო REGNUM-თან საუბრისას დელეგაციის ხელმძღვანელმა, მმართველი ედინაია როსიას წევრმა ნიკოლაი კოვალიოვმა განაცხადა, რომ რეზოლუცია საერთო ჯამში „ტენდენციური და ანტირუსულია”. თუმცა, დელეგაციამ თავი შეიკავა მის წინააღმდეგ ხმის მიცემისგან, ვინაიდან დოკუმენტში იყო „სწორი და გონივრული საკითხები, რის წინააღმდეგაც გამოსვლა არამიზანშეწონილი იქნებოდა”. დეპუტატის განცხადებით, რუსული დელეგაციის პოზიცია ამ საკითხებზე დაბალანსებული იყო, რათა „დაპირისპირება აბსურდამდე არ მიგვეყვანა”.

ამ პოზიციამ სოხუმსა და ცხინვალში ზოგიერთი ექსპერტი აღაშფოთა. აფხაზი ექსპერტისთვის, „ხალხთა უფლებების დაცვის მოძრაობის” კოორდინატორ ბესლან კობახიასთვის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის მოსაზრება „სრულიად გაუგებარი” აღმოჩნდა. „თუ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იღებს

დოკუმენტს, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაციაა” ნახსენები, ნიშნავს თუ არა ეს ამ ოკუპაციის აღიარებას რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების მიერ?” – კითხულობს კობახია. „თუ ეს ასეა, ჩვენ ამ საკითხებზე რუსეთის ფედერაციის პოზიციის რადიკალური ცვლილების მოწმეები ვართ და თუ ამ ლოგიკას მივყვებით, გადაწყვეტილებას უნდა მოჰყვეს „დეოკუპაცია”, ანუ რუსული ძალების გაყვანა ამ ქვეყნებიდან”, – აცხადებს აფხაზი ექსპერტი.

თუმცა მას კრემლის პოზიციის შეცვლის არ სჯერა. კობახიამ მოუწოდა რუსეთის საგარეო უწყებას, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადების „დეზავუირება” მოეხდინა და ასევე გაეანალიზებინა, „თუ როგორ გახდა შესაძლებელი, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელს ქვეყნის პოზიციისგან განსხვავებული განცხადებები გაეკეთებინა”.

კოვალიოვის სიტყვები იმის შესახებ, რომ მიღებულ რეზოლუციაში იყო „სწორი და გონივრული საკითხები, რის წინააღმდეგაც გამოსვლა არამიზანშეწონილი იქნებოდა”, მიუღებელი აღმოჩნდა ცხინვალელი ექსპერტის ინალ პლიევისთვის.

„შეუძლებელია, გონივრული და სწორი იყოს ის, რაც ზიანს აყენებს შენი ქვეყნის ინტერესებსა და ავტორიტეტს და მას ოკუპანტის იმიჯს უქმნის”, – განუცხადა REGNUM-ს პლიევმა. მისი თქმით, რუსულ დელეგაციას „ხმა არ მიუცია რუსეთისთვის შეურაცხმყოფელი ფორმულირებების წინააღმდეგ. შთაბეჭდილება იქმნება, რომ დელეგაციის წევრებისთვის არ აქვს მნიშვნელობა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სახელმწიფო მაღალ პოლიტიკურ დონეზე იღებს”.

რუსული დელეგაციის გაურკვეველმა პოზიციამ ეუთოში ზოგიერთ ექსპერტს აფიქრებინა, რომ მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პოზიციის შესაცვლელად მზად არის, მაგრამ განცხადებას, რომელიც 14 ივლისს რუსეთის საგარეო უწყებამ გააკეთა, ეჭვი აღარ უნდა დაეტოვებინა მოსკოვის ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით. უწყებამ დაგმო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიება და განაცხადა, რომ „რუსული დელეგაცია ამ ტენდენციური დოკუმენტის მკვეთრი წინააღმდეგი იყო და ის აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნია”.

„ასამბლეის დეპუტატთა უმრავლესობას კვლავ არ სურს ობიექტურად აღიქვას დღეისთვის კავკასიაში შექმნილი რეალობა. ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ, ეუთო-ს ამ სტრუქტურას არ აძლევს შესაძლებლობას, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს”, – მიიჩნევს ოფიციალური მოსკოვი.

16 ივლისს კი თავის მართლება თავად დელეგაციის ხელმძღვანელს, კოვალიოვს მოუხდა. მან სიცრუე უწოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსულმა დელეგაციამ ხმის მიცემისას თავი შეიკავა და ამ ინფორმაციის გავრცელებას „ქართული მედიის პროვოკაცია” უწოდა. სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, კოვალიოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა და „ადეკვატური პასუხით” დაუმუქრა ყველას, ვინც განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ტაბულა ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი კანდელაკს ესაუბრა, რომელიც მონაკოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობდა. კანდელაკის განმარტებით, რუსულმა დელეგაციამ მართლაც მისცა ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ, როდესაც დოკუმენტი ასამბლეის პოლიტიკურ კომიტეტზე განიხილებოდა. თუმცა მეორე დღეს, დოკუმენტის საბოლოოდ დამტკიცების დროს, კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. ყველა სხვა ქვეყნის დელეგაციამ რეზოლუციას ხმა მისცა.

კანდელაკის თქმით, ასამბლეაზე რუსეთისთვის ძალიან მძიმე ატმოსფერო შეიქმნა, რადგან საქართველოს საკითხის გარდა, მიღებული იყო მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელიც ამ დანაშაულში ბრალდებული თანამდებობის პირებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების შემოღებას მიესალმება.

„რუსულ დელეგაციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია და შესაძლოა, ამის გამო კონსტრუქციულობის მუზა მოუვიდა”, – უთხრა ტაბულას კანდელაკმა. დეპუტატის განცხადებით, „იმ ხალხისთვისაც, ვინც რუსეთის საგარეო პოლიტიკის აღსრულებაში მონაწილეობს, ამ პოლიტიკის უაზრობა ცხადი ხდება”.

კომენტარები