ეკონომიკური ფორუმი

მნიშვნელოვანი ევროპული ტრიბუნა

0 კომენტარი

მიხეილ სააკაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე. კრინიცას ყოველწლიური ფორუმი
„ახალი მიდგომები რთულ პერიოდში: ევროპა და მსოფლიო კრიზისთან ბრძოლაში” – ამ დევიზით პოლონეთის ქალაქ კრინიცაში 4-6 სექტემბერს მორიგი, 22-ე ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. მისი ორგანიზატორია პოლონეთის აღმოსავლური კვლევების ინსტიტუტი.

კრინიცას ყოველწლიური ფორუმი, რომელიც 1991 წლიდან იმართება, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ელიტის შეხვედრის ადგილად იქცა. გასულ წელს ფორუმში 2600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ევროპის, ამერიკისა და აზიის 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

მასში რეგულარულად მონაწილეობენ ქვეყნების მეთაურები, წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაციები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.

ფორუმზე, რომელსაც მედიამ „აღმოსავლური დავოსი” უწოდა, ტრადიციულად განიხილება რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, მაკროეკონომიკის, ბიზნესის, საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. მის ფარგლებში, ყოველწლიურად, ყველა აქტუალურ თემაზე 100-ზე მეტი დისკუსია იმართება.

როგორც გასულ წელს ფორუმზე გამოსვლისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ეჟი ბუზეკმა აღნიშნა, „ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ყოველწლიურ შეხვედრებში ისაა, რომ ევროპა უარს ამბობს ახალი საზღვრების და გამყოფი ხაზების შექმნაზე და უპირატესობას ეკონომიკურ და პოლიტიკურ დისკუსიებს ანიჭებს, ეს ევროპის საუკეთესო მომავალია”. ბუზეკის განცხადებით, შეხვედრები კრინიცაში ხელს უწყობს რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლებას და „მილიონობით ადამიანის აზრის შეცვლას ევროპისა და მასში თითოეული ქვეყნის ადგილის შესახებ”.

კრინიცას ფორუმი მნიშვნელოვან ტრიბუნად იქცა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური

პრობლემები ფორუმზე არაერთხელ განხილულა. დისკუსიებსა და შეხვედრებზე საქართველოს წარმომადგენლებს არაერთხელ ჰქონიათ შესაძლებლობა, ევროპასა და მსოფლიოსთვის საკუთარი პოზიცია მიეწოდებინათ.

შარშან კრინიცას ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილი გახსნაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება საქართველოში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა. მან ასევე ისაუბრა რუსულ აგრესიაზე და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოსახლეობის ნაწილი დევნილია, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანა წინსვლას განაგრძობს.

„პოლონეთი სანიმუშო მაგალითად და სტიმულად იქცა სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპისკენ ისწრაფვიან, დღემდე სწამთ ევროპული ინტეგრაციის უდიდესი პროექტის და არ არიან ევროპისადმი ცინიკურად განწყობილი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, პოლონეთის ეკონომიკა გამართულად მუშაობს, რაც სწორედ 90-იანი წლების დასაწყისში განხორციელებული რადიკალური რეფორმების დამსახურებაა.

სწორედ კრინიცას შარშანდელ ფორუმზე გამოსვლისას, პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ევროკავშირის ქვეყნებმა „ძალიან მძლავრი გზავნილი” უნდა გაუგზავნონ ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველებს, რათა ხელი შეუწყონ ამ ქვეყნების მისწრაფებებს.

ფორუმს მიხეილ სააკაშვილი 2006 წელსაც ეწვია. მაშინ კრინიცაში საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის წლის ადამიანად დასახელდა. ეს ჯილდო ენიჭებათ გამორჩეულ პიროვნებებს, რომელთა მიღწევებმა აღმოსავლეთ ევროპის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. სხვადასხვა დროს ჯილდო ერგოთ ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს ეჟი ბუზეკს და ა.შ. 2011-ში „წლის ადამიანი” მოლდოვის პრემიერი ვლად ფილატი გახდა.

წლის ადამიანის გარდა, კრინიცას ფორუმზე ყოველწლიურად კიდევ ორი ნომინანტი ჯილდოვდება – წლის კომპანია და „ახალი ევროპის ახალი კულტურა”.

წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა ევროპის სამხრეთში შექმნილი ვალების კრიზისი და გამოსავლის გზების ძიებაა. „ცვალებადი სიტუაცია გვაიძულებს ვიფიქროთ მიზნებზე, რომელთა მიღწევასაც ვაპირებთ, ვიღებთ რა შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამ სიტუაციაში როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეკონომიკური პოლიტიკის ახალი მოდელი და განისაზღვროს მისი პრინციპები?” – ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ 22-ე ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს პასუხის გაცემა სწორედ ამ კითხვაზე მოუწევთ.

როგორც ფორუმის ანონსშია აღნიშნული, კრიზისი ასევე უშუალოდ შეეხება ევროპის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის განვითარების მოდელს. დემოკრატიის პრინციპებიდან გადახვევა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა, აგრეთვე რევოლუციები ჩრდილოეთ აფრიკაში, ბადებს კითხვებს ამ რეგიონებთან ევროკავშირის თანამშრომლობის, ასევე დემოკრატიის არსისა და მასში ინვესტირების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის შესახებ მსჯელობაც ფორუმზე შედგება, დინამიკურად განვითარებადი სოციალური ქსელებია, „რომლებიც მთავრობების გადაწყვეტილებებზე რეაგირებენ არა თავსმოხვეული სტანდარტებით, არამედ საკუთარი შეფასებების საფუძველზე”.

„იბადება ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობის ახალი ფორმა. ნიშნავს თუ არა ეს ინფორმაციით მანიპულირების გზით დომინირების დასასრულს და დემოკრატიის ახალი პრინციპების დაბადებას, რაც ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს დაეფუძნება?

ფორუმის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ „ბევრ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. იმისთვის, რომ ისინი გაჩნდეს, აუცილებელია ფართო დისკუსია. 2012 წელს ეკონომიკური ფორუმი ამისთვის შესანიშნავი საშუალება იქნება”.

ტაბულა კრინიცას 22-ე ეკონომიკური ფორუმის ოფიციალური მედიაპარტნიორია. ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე http://www.forum-ekonomiczne.pl

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები