ენერგია

გაზი, ნავთობი და განახლებადი ენერგია

განახლებადი ენერგიის განვითარება, რაც ძვირი და ჯერჯერობით არაკომერციული პროცესია, შეიძლება დროებით წარსულს ჩაბარდეს. ამით მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად გლობალური მშპ-ის 1%-ის ოდენობის ტვირთი მოსცილდება.

მიზეზი ისაა, რომ პროგნოზები, რომლებსაც განახლებადი ენერგიის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები ემყარებოდა, სულ უფრო არადამაჯერებელი ხდება: ჯერ ნავთობის გლობალური რეზერვები უნდა დაცლილიყო. შესაბამისად, მსოფლიო ენერგიის მეორე უმთავრეს წყაროზე – ნახშირზე დამოკიდებული გახდებოდა. სასათბურე გაზები დიდი რაოდენობით გამოიყოფოდა და გარემოს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. ამ სცენარით, თანამედროვე აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გამოსავალი სუფთა, განახლებადი ენერგიის განვითარება იყო. IEA-ის უახლესი ანგარიში აჩვენებს, რომ დასკვნები, ეკონომიკურზე მეტად, პოლიტიკური ხასიათისაა.

პროგნოზების არცერთი ნაწილი არ მართლდება: მსოფლიო შედის ნავთობის ოქროს ხანაში, ხოლო ნახშირს, როგორც ნავთობის შემდეგ ენერგიის მეორე უმთავრეს წყაროს, ბუნებრივი და არაკონვენციური გაზი, მათ შორის, ყველაზე აქტიურად – ფიქლის გაზი, დაბეჯითებით ანაცვლებს.

IEA-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2010-2035 წლებში გაზზე გლობალური მოთხოვნა 50%-ზე მეტით გაიზრდება. გაზზე მოთხოვნა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ერთად აღებულ ნახშირზე, ნავთობსა და ბირთვულ ენერგიაზე. გლობალური ენერგიის მიქსში 2035 წლისთვის გაზის წილი 25%-ს მიაღწევს, რითაც ჩაანაცვლებს ნახშირს, როგორც ნავთობის შემდეგ მეორე უმსხვილეს წყაროს.

ამ გაზის უდიდესი წილი ფიქლისაა. ფიქლის გაზის წარმოება 2035 წლისთვის გასამმაგდება და 1.6 ტრილიონ კუბურ მეტრს გადააჭარბებს. შესაბამისად, გაზის მთლიან წარმოებაში მისი წილი დღევანდელი 14%-დან, 2035 წელს 32%-მდე, თითქმის 2-ჯერ გაიზრდება. ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი 2020 წლიდან იქნება. ამ დროს ახალი მწარმოებელი ქვეყნები კომერციულ ინდუსტრიად ჩამოყალიბებას მოანდომებენ.

ასეთ ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ჩამოყალიბებას IEA ჩინეთს უწინასწარმეტყველებს: არაკონვენციური რესურსებით უჩვეულოდ მდიდარი ბაზა ამ ქვეყანას სწრაფი ზრდის შესაძლებლობას უქმნის. ანგარიშის მიხედვით, 2010-2035 წლებში არაკონვენციური გაზის უმსხვილესი მწარმოებელი იქნება აშშ, რომელიც ამ პერიოდში რუსეთსაც უკან ჩამოიტოვებს.

გლობალურად გაზის ბაზარზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ამ ორ ქვეყანაში – ჩინეთსა და აშშ-ში – არაკონვენციური გაზის წარმოებას ექნება. ამით გაიზრდება როგორც მსოფლიოში გაზის მოცულობა, ისე გლობალური ენერგოუსაფრთხოებაც: ჩინეთი შეძლებს დამოუკიდებლად დაიკმაყოფილოს გაზზე ადგილობრივი მოთხოვნილება, ხოლო აშშ ჩრდილოეთ ამერიკიდან გაზის ექსპორტირებას შეძლებს. ამ ორი ტენდენციის ტანდემი საერთაშორისო ბაზარზე გაზის, განსაკუთრებით კი თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობას გაზრდის, რაც 2020 წლიდან საერთაშორისო ბაზარს უფრო კონკურენტულს და, შესაბამისად, უფრო ჯანსაღს გახდის. IEA-ის გათვლებით, რუსეთის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების წილი გაზით საერთაშორისო ვაჭრობაში 2010 წლის 45%-დან, 2035 წელს 35%-მდე შემცირდება. მეტიც, ეს მოხდება იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნების მხრიდან გაზის ექსპორტი ამ პერიოდში 20%-ით გაიზრდება.

ამავე პერიოდში მსოფლიოს 1 მილიონზე მეტი გაზის ახალი ჭა დასჭირდება – ეს რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია ჭების იმ რაოდენობაზე, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზეა განთავსებული.

აშშ: გაზის რესურსები და წარმოება

სულ ცოტა ხნის წინ, არაკონვენციური ბუნებრივი გაზის წარმოება ექსკლუზიურად ამერიკული ფენომენი იყო.

ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ისტორია შეკუმშული გაზის წარმოებას აქვს. შეკუმშული გაზი ისეთი ტიპის

ბუნებრივი გაზია, რომელიც მიწაში ღრმად არის ჩამარხული და ისეთ ქანებშია მოყოლილი, რომ მისი მიღება რთულია.

1980-იან წლებში ამერიკამ ქვანახშირის მეთანის კომერციული წარმოება დაიწყო, თუმცა რეალური მოთხოვნა ასეთ გაზზე 90-იან წლებამდე არ ყოფილა. ბოლო წლებში ქვანახშირის მეთანზე მოთხოვნა გარემოსდაცვითი შეხედულებების გამო ისევ დაეცა.

ფიქლის გაზის აღმოჩენაც აშშ-ს უკავშირდება. პირველად ამ ტიპის გაზს რამდენიმე ათეული წლის წინ მიაგნეს, თუმცა მან განსაკუთრებული მნიშვნელობა 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან შეიძინა: 2005-2010 წლებში ფიქლის გაზის მოცულობა ყოველწლიურად 45%-ით იზრდებოდა.

2010 წელს არაკონვენციური გაზის წარმოება შეერთებულ შტატებში მთლიანი წარმოების თითქმის 60%-ს აღწევდა. ამ მოცულობის უდიდესი წილი შეკუმშულ და ფიქლის გაზზე მოდის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ფიქლის გაზი კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის გაზის მარაგების ზრდის უპირობო წყაროდ დარჩება.

აშშ-ში სამივე ტიპის არაკონვენციური გაზის დიდი რესურსია. 2011 წლის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი 74 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის რესურსების თითქმის ნახევარი არაკონვენციურია. ამ მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, გაზის საწარმოებლად ამერიკას ეს რესურსები დაახლოებით 110 წელიწადს ეყოფა.

ქვანახშირის მეთანის საბადოები უმეტესწილად ვაიომინგის, იუტის, ნიუ მექსიკოს, კოლორადოსა და მონტანის შტატებშია. რაც შეეხება შეკუმშულ და ფიქლის გაზს, მათი რესურსები შეერთებული შტატების თითქმის მთელ ტერიტორიაზეა. ნაწილს ქვეყანა კანადასთან და მექსიკასთანაც კი იყოფს. ამერიკას ფიქლის გაზის ორი იმხელა რეზერვუარი აქვს, რომ თითოეული მათგანი მსოფლიოში გაზის უდიდეს საბადოდ ითვლება.

IEA-ის შეფასებით, გაზის მთლიანი წარმოება აშშ-ში 2010 წელს 610 მილიარდი კუბური მეტრიდან, 2035 წელს 820 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. მთელი ამ ზრდის მამოძრავებელი ფიქლის გაზია. კონვენციური გაზის, ქვანახშირის მეთანისა და შეკუმშული გაზის წარმოება აშშ-ში დღეს არსებულ დონეზე შენარჩუნდება. ამის შედეგად, ფიქლის გაზის წილი მთლიან წარმოებაში (2010-2035 წლებში) თითქმის გასამმაგდება და 2035 წლისთვის არაკონვენციური წარმოება მთლიანი გაზის 71%-ს მიაღწევს.

შეერთებული შტატები და კანადა ამ დრომდე მსოფლიოში წარმოებული თითქმის მთელი ფიქლის გაზის კომერციული მწარმოებლები არიან. თუმცა მსოფლიოში უკვე ბევრი ქვეყანა ცდილობს ამ რეკორდის მოხსნას.

ჩინეთი:

გაზის რესურსები და წარმოება

ჩინეთში არაკონვენციური გაზის რესურსები შეფასების ადრეულ სტადიაშია, თუმცა უკვე არავინ ეჭვობს, რომ ქვეყანა ამ რესურსებით საკმაოდ მდიდარია. 2011 წლის მონაცემებით, ჩინეთის ჯერ კიდევ აუთვისებელი არაკონვენციური გაზის რესურსები 50 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. აქედან 36 ტრილიონი ფიქლის გაზია, 9 ტრილიონი – ქვანახშირის მეთანი, ხოლო 3 ტრილიონი კუბური მეტრი – შეკუმშული გაზი.

დღეს ჩინეთში არაკონვენციური გაზის მთავარი წყარო ქვანახშირის მეთანია: 2010 წელს ამ ტიპის გაზის წარმოებამ 10 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამ მოცულობის უდიდესი წილი ნახშირის მწარმოებლებზე – Petro China-სა და United Coal Bed Methane Company-ზე მოდის.

ფიქლის გაზის რესურსების ათვისებაზე ზრუნვა ჩინეთმა ბოლო წლებში დაიწყო. იქაურმა კომპანიებმა 2012 წლის დასაწყისში ფიქლის გაზის 20 ჭა გაბურღეს.

რამდენიმე პილოტური პროგრამის წინასწარი შეფასებით, ფიქლის გაზის ყველაზე დიდი მარაგები სიჩუანისა და ტარიმის აუზებში უნდა იყოს დაცული. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩინეთის მთავრობა სიჩუანში კვლევების დასრულებას და 2020 წლისთვის ფიქლის გაზის მოცულობის 60-100 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას გეგმავს.

გაზს ჩინეთის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს. IEA-ის შეფასებით, არაკონვენციური გაზის წარმოება 2020 წლამდე თითქმის 10-ჯერ, ხოლო 2035 წლისთვის თითქმის 30-ჯერ უნდა გაიზარდოს. გაზის წარმოება 2010 წლის 100 მილიარდი კუბური მეტრიდან, 2035 წლისთვის 475 მილიარდამდე გაიზრდება. არაკონვენციური გაზი მთლიანი წარმოების 83%-ს მიაღწევს. 2035 წელს დიდი წილი – 56% – ფიქალზე, 38% – ქვანახშირის მეთანზე, ხოლო მხოლოდ 6% – შეკუმშულ გაზზე მოვა.

არაკონვენციური გაზის სწრაფი ტემპით ზრდა გააძლიერებს ჩინეთის ენერგოდამოუკიდებლობას და სერიოზულ გავლენას მოახდენს გაზით საერთაშორისო ვაჭრობაზე. ჩინეთი გაზის ნაკლები მოცულობით იმპორტს გასწევს, რაც უარყოფითად პირველ რიგში რუსეთზე აისახება, რადგან რუსული გაზის დიდი წილი სწორედ ჩინეთის და ევროპის ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. ევროპაში ფიქლის გაზის მარაგები უკვე აღმოაჩინეს, თუმცა აქ, სხვა ყველა ქვეყანასთან შედარებით, ფიქლის პოტენციალის ათვისებას გარემოსდაცვითი მოსაზრებები უფრო აფერხებს.

ევროპა:

გაზის რესურსები და წარმოება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროპის არაკონვენციური გაზის რესურსები დიდ ყურადღებას იმსახურებს დანარჩენი მსოფლიოს მხრიდან. თუმცა პრაქტიკაში ამ რესურსების ათვისებაზე დახარჯული დრო, ენერგია და თანხები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ადგილობრივი საწვავები არსებობს და რისი იმპორტირება ხდება, ასევე იმაზე, თუ რამხელაა ენერგოუსაფრთხოების თუ გარემოსადმი მიყენებული ზიანის რისკი.

თავიდან, როცა ევროპამ არაკონვენციური გაზის პოტენციალის ათვისებაზე ფიქრი სერიოზულად დაიწყო, ძირითადი აქცენტი ქვანახშირის მეთანსა და შეკუმშულ გაზზე კეთდებოდა. ბოლო პერიოდში კი უფრო პრიორიტეტული ფიქლის გაზი გახდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სხვადასხვა დროს ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევამ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ფიქლის გაზის დიდ მარაგებზე მიუთითა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ამ მარაგების დამუშავება კომერციულად რამდენად მოგებიანი იქნება.

ევროპის ფიქლის გაზის რესურსები სამი ტიპის ადგილებში არის განაწილებული – იქ, სადაც რამდენიმე აუზი იკვეთება, ქვე-აუზები არსებობს და ფიქლის გაზით მდიდარი დიდი ველებია: დანიიდან და სამხრეთ შვედეთიდან, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პოლონეთამდე; ჩრდილო-დასავლეთ ინგლისიდან, ნიდერლანდების გავლით და ჩრდილო-დასავლეთ გერმანიიდან, სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთამდე; და სამხრეთ ინგლისიდან პარიზის აუზის გავლით, ნიდერლანდებში, ჩრდილოეთ გერმანიასა და შვეიცარიაში. საკმაოდ დიდი რაოდენობით ფიქლის გაზია ნორვეგიაში, უკრაინაში, შვედეთში, დანიასა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქვეყნების უმეტესობაში ასევე დიდი რაოდენობით მოიპოვება ქვანახშირის მეთანი.

ფიქლის გაზი მთელ ევროპაში ყველაზე დიდი რაოდენობით საფრანგეთსა და პოლონეთშია. სხვადასხვა შეფასებით, თითოეულ ამ ქვეყანაში, სულ მცირე, 768 მილიარდი კუბური მეტრი ფიქლის გაზის რესურსია.

პოლონეთს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ნავთობინდუსტრია გააჩნია. აქ ნავთობისა და გაზის მიღება კონვენციური რეზერვუარებიდან 1850-იანი წლებიდან იწყება, თუმცა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში წარმოების ტემპები და მოცულობა მკვეთრად დაეცა. შედეგად, ბოლო დეკადის მანძილზე ფიქლისა და შეკუმშული გაზის მიმართ ქვეყნის ინტერესი განსაკუთრებით გამოიკვეთა.

ფიქლის გაზის მოსაპოვებელი ჭის გასაბურღად აუცილებელი ლიცენზიების დიდ ნაწილს პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია ფლობს. თუმცა, ბოლო პერიოდში, ქვეყნის ფიქლის პოტენციალით საერთაშორისო კომპანიებიც დაინტერესდნენ: ExxonMobil, Chevron, Eni, Talisman და Marathon – ყველა ეს კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს აშშ-შიც, ჭის ბურღვის ლიცენზიას ან უკვე ფლობს, ანაც რიგში დგას.

კომპანიები პოლონეთში სკრუპულოზურად და დაჟინებით ეძებენ ფიქლის გაზს: ExxonMobil-მა ორი ჭა კომერციულ პროექტად არ ჩათვალა, თუმცა იმის მაგივრად, რომ ბურღვითი სამუშაოები გაეჩერებინა, ტექნოლოგიის დახვეწაზე დაიწყო ფიქრი.

მას შემდეგ, რაც პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიამ 2009 წელს პირველი ჭა დაასრულა, პოლონეთის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 18 ახალი ჭა გაჩნდა, 14 სულ მალე იქნება მზად, ხოლო კიდევ 39 უკვე დაგეგმილია.

საფრანგეთში თითქმის იმდენივე რესურსია, რამდენიც პოლონეთში. ყველა გათვლით, საფრანგეთი უნდა ყოფილიყო პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ფიქლის გაზის კომერციული წარმოება უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის აღმოჩნდა პირველი ქვეყანა კონტინენტზე, რომელმაც რესურსების დამუშავებაზე უარი თქვა გარემოსდაცვითი მოსაზრებების გამო.

გარემოსდამცველი ლობისტები ამტკიცებენ, რომ ჭის ბურღვა რისკიანი პროცესია, რადგან ფიქლის მიწისქვეშა ქანებისგან გამოთავისუფლების დროს შეიძლება მიწისქვეშა წყლები დაბინძურდეს. თუმცა ბოლო კვლევები, მათ შორის, IEA-ის უახლესი კვლევაც აჩვენებს, რომ ეს შიშები გადაჭარბებულია: სტატისტიკურად ძალიან იშვიათად თუ იხვრიტება თვითონ ჭა და ამ დრომდე არცერთი ასეთი შემთხვევის დროს, არსად მიწისქვეშა წყლების დაბინძურება არ მომხდარა.

IEA-ის გათვლებით, ევროკავშირში არაკონვენციური გაზის წარმოება 2020 წელს 10 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება. 2035 წლამდე წარმოების ტემპი მოიმატებს და 80 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ამ ზრდის უდიდესი წილი ფიქლის გაზზე მოვა.

ფიქლის გაზი ევროპაში ჩუმ რევოლუციას ახდენს: 2035 წლისთვის არაკონვენციური გაზი მთლიანი წარმოების თითქმის ნახევარი იქნება, თუმცა მოთხოვნის მხოლოდ 10%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბალანსში დრამატული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, 2020 წლიდან არაკონვენციური წარმოების ზრდა თანდათანობით დააბალანსებს კონვენციური გაზის დანაკლისს.

ევროკავშირი მსოფლიოში გაზის მეორე უმსხვილესი ბაზარია. მასზე მოთხოვნა 2010 წელს 550 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. ამასთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ ბუნებრივ გაზზე ფასი უფრო მაღალია, რაც ახალი რესურსების განვითარებას მიმზიდველობას მატებს.

ევროპაში, ჩინეთსა და ამერიკაში გაზის მარაგები იმის წინაპირობაა, რომ მისმა ფასმა არ მოიმატოს. შესაბამისად, ნახშირზე მომუშავე ელექტროენერგიის გამანაწილებლები გაზზე გადაერთვებიან, რაც ბევრად უფრო სუფთა წვით გამოირჩევა. „უკვე შესამჩნევია, რომ ნახშირს გაზი ანაცვლებს დაბალი ფასის გამო, რასაც უდავოდ პოზიტიური ეფექტი აქვს სასათბურე გაზების ემისიაზე”, – ამბობს ვაშინგტონის კვლევითი ორგანიზაციის, CNA-ის უფროსი მკვლევარი პოლ ფაეტი.

გლობალურად კლიმატის ცვლილების ლობირებაც, ერთი შეხედვით, პოპულარული აღარ არის: აშშ-ში დემოკრატები ამ თემას თითქმის აღარ განიხილავენ, რესპუბლიკელებმა კი თავიდანვე პოლიტიკურ თაღლითობად მონათლეს. რიო დე ჟანეიროში დედამიწის სამიტის მეოცე წლისთავს სხვადასხვა მიზეზით არ დაესწრნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

საერთაშორისო მედიის შეფასებით, 2009 წელს კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხებოდა, ამ პოლიტიკოსებმა დებატებში ისეთი მარცხი განიცადეს, რომ ეკონომიკური კრიზისის ეფექტის ბოლომდე განეიტრალებამდე ამ თემაზე საუბარს გაურბიან. პრეზიდენტ ობამასთვის კი საარჩევნო პერიოდში ნავთობისა და გაზის ოქროს ხანაზე აქცენტირება უფრო მოგებიანია.

IHS Global Insight-ის შეფასებით, ფიქლის გაზის წარმოების ზრდა გაზზე ფასს შეამცირებს. შედეგად, 2012-2015 წლებში ყოველ ამერიკულ ოჯახს, ყოველწლიურად, გაზზე 926 აშშ დოლარის დაზოგვა შეეძლება. იაფი გაზი, თავის მხრივ, იმ პროდუქციას გახდის უფრო ხელმისაწვდომს, რომელთა დასამზადებლად ენერგიის წყაროდ სწორედ გაზი გამოდგება.

მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს საერთაშორისო მედია სვამს, ისაა, თუ რამდენ ხანს იქნება გლობალური დათბობის საკითხი მარგინალიზებული – მომდევნო ერთი, ორი, სამი წლის თუ ათწლეულების განმავლობაში? დასკვნა ასეთია: არაკონვენციური გაზის ათვისებამ ტემპი თუ აკრიფა – შეიძლება უფრო დიდხანსაც.

კომენტარები