ავღანეთი

ავღანეთი – შეუსრულებელი მისია

ავღანელი ფერმერები. ჯალალაბადი

„თქვენ ალბათ ავღანეთში მსახურობდით”, – ეუბნება შერლოკ ჰოლმსი ექიმ ჯონ უატსონს პირველი შეხვედრისას. იმ დროისთვის, როდესაც არტურ კონან დოილი წიგნზე მუშაობდა, ავღანეთი რუსეთისა და ბრიტანეთის „დიდი თამაშების” ნაწილი იყო. მას შემდეგ ერთი საუკუნე გავიდა, ქვეყანა კვლავ კონფლიქტშია გახვეული და არ კარგავს აქტუალობას. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებმა მაისში გადაწყვიტეს, რომ NATO-ს სამხედროები იქ სამსახურს 2014 წლისთვის დაასრულებენ. ავღანეთში დარჩებიან მხოლოდ ტრენერები, რომლებიც ეროვნულ არმიას გაწვრთნიან. ქვეყანას ფინანსური დახმარება გაუგრძელდება, თუმცა კრიზისის ფონზე კონტრიბუციის გაზრდას ალიანსის წევრები ვერ მოახერხებენ.

ავღანეთის დატოვების ინიციატორი ბარაკ ობამაა. მისთვის ერაყის დატოვების კვალდაკვალ ავღანეთიდან გამოსვლა საარჩევნო გათვლაა. NATO-ს წევრი ქვეყნები ჩიკაგოში შეხვედრისას ცდილობდნენ, ერთიანი გადაწყვეტილება მიეღოთ, თუმცა საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ამერიკელი კოლეგის მსგავსად, შეასრულა ამომრჩევლებისათვის მიცემული სიტყვა, რომ 2012 წლის ბოლოსთვის ფრანგული შენაერთები ავღანეთს დატოვებდნენ. ანგელა მერკელის ნათქვამი, რომ ალიანსი ერთად დაწყებულ მისიას ერთადვე დაასრულებდა, არ გამართლდა.

ავღანეთის მომავლის გამოსაცნობად საჭიროა წარსული გამოცდილებები გავიხსენოთ. 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირი შეიჭრა. მოჯაჰედებთან წარუმატებელი და გაუთავებელი ბრძოლის შედეგად, გორბაჩოვმა 1989 წელს ავღანეთის დატოვება გადაწყვიტა. მოჯაჰედებს, ანუ „თავისუფლებისთვის მებრძოლებს”, დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატები უწევდა. ავღანეთს „საბჭოთა კავშირის ვიეტნამი” უწოდეს. საბჭოთა კავშირი, გამოსვლის შემდგომ, კვლავ ეხმარებოდა ნაჯიბულას რეჟიმს. ხოლო მას შემდეგ, რაც 1992 წელს, სამხედროსთან ერთად მოსკოვმა ქაბულს ფინანსური დახმარებაც შეუწყვიტა, ნაჯიბულას რეჟიმი მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში დამარცხდა. ქვეყანა სამოქალაქო ომში გაეხვია. ირანი, პაკისტანი და საუდის არაბეთი სხვადასხვა მხარეებს აქეზებდნენ ან დახმარებას უწევდნენ. რეგიონალური მოთამაშეების ინტერესებმა სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. ათიათასობით ადამიანი დაიღუპა სამოქალაქო არეულობისას. პაკისტანელი სამხედროების დახმარებით მმართველობა თალიბანმა ჩაიგდო ხელში.

ორთოდოქსი მუსლიმი პუშტუნებისა და მოჯაჰედებისგან შემდგარი თალიბანის მმართველობა მკაცრი შეზღუდვებით და ისლამური სამართლის მკაცრი ინტერპრეტაციით გამოირჩეოდა. ქალები იძულებულნი იყვნენ თავიდან ფეხებამდე ჩადრში ყოფილიყვნენ გახვეულნი, ხოლო მამაკაცებს, რომლებსაც ზომაზე მოკლე წვერი ჰქონდათ, აპატიმრებდნენ. ტელევიზია აკრძალული იყო. რეჟიმი ტოლერანტობით არ გამოირჩეოდა სხვა რელიგიების მიმართ, რისი დამადასტურებელიც იყო ბამიიანში ბუდას ქანდაკებების დანგრევა.

ავღანელი ფერმერები. ჯალალაბადი
აღსანიშნავია, რომ თალიბანის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ინფრასტრუქტურა განადგურდა და ბევრი სკოლა თუ უნივერსიტეტი დაიხურა ან დაინგრა. 2001 წლისთვის თალიბანი ავღანეთის 90 პროცენტს აკონტროლებდა.

დღეს თალიბანი ავღანეთის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებს კვლავ აკონტროლებს. ქვეყნის ჩრდილოეთი დასახლებულია ეთნიკური ტაჯიკებით, უზბეკებით და ხაზარებით, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენენ. ქვეყნის ამ ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს „ჩრდილოეთის ალიანსი”, რომელიც თალიბანის მოწინააღმდეგე პოლიტიკური გაერთიანებაა. ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი კი პუშტუნებია (44 პროცენტი). ისინი ძირითადად ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთში არიან დასახლებულნი და თალიბანის დასაყრდენ ძალას წარმოადგენენ.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო კამპანიის დაწყების მთავარი მიზეზი, რეგიონიდან ალ-ყაიდას გამოდევნა იყო. ბარაკ ობამას დაპირებით, ავღანეთი აღარასდროს უნდა ყოფილიყო ალ-ყაიდას თავშესაფარი. მართალია, დაჯგუფება დღეისთვის ბევრად სუსტია, ვიდრე 21-ე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ საფრთხეს ჯერ კიდევ წარმოადგენს. თერთმეტწლიანი კამპანიის მანძილზე 2000-მდე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 16,000 დაშავდა, 400 მილიარდამდე დოლარი დაიხარჯა და 12,000 ავღანელი მოქალაქე დაიღუპა. თუმცა საშიშროება იმისა, რომ ISAF-ის ჯარების გასვლის შემდგომ ავღანეთი ტერორიზმის ნავსაყუდელად გადაიქცევა, არ გამქრალა.

ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც 22 წლის ავღანელი ნაჯიბას დახვრეტაა ასახული. ნაჯიბას სასიკვდილო განაჩენი თალიბანის წევრებმა მას შემდეგ გამოუტანეს, რაც აღმოჩნდა, რომ დაჯგუფების ორ წევრს მასთან გაურკვეველი სახის ურთიერთობა ჰქონდა. ისინი ვერ შეთანხმდნენ თუ ვის უნდა დარჩენოდა იგი და ამიტომ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტეს. დახვრეტას სოფლის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. ხშირია ასევე შემთხვევები, როდესაც ქალებს კლავენ სკოლაში სიარულის, მუშაობის თუ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გამო.

თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქალთა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნავდნენ, რომ ამერიკა არ მიატოვებდა ავღანელ ქალებს. საჭიროა ითქვას, რომ ქალთა უფლებების შეზღუდვის ხარჯზე თალიბანთან მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა არ უნდა მოხდეს. გარდა ქალთა უფლებების ბრუტალური დარღვევებისა, თალიბანი საშიშროებას წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებისთვისაც. 1998 წელს 5000-6000 ეთნიკურად ხაზარი, ტაჯიკი თუ უზბეკი დაიღუპა თალიბანის მიერ დაწყებული ეთნიკური წმენდის შედეგად.

სამომავლო სურათის სრულად აღსაქმელად ავღანეთის სამეზობლოს და ქაბულისადმი მათ ინტერესებს უნდა გადავხედოთ. აქ პაკისტანთან, ინდოეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად ირანიც მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ირანელებს გავლენა აქვთ ავღანეთის დასავლეთ ნაწილზე, კერძოდ ჰერატსა და ხაზარეთზე. პაკისტანი არაპირდაპირ ეხმარება თალიბებს, სანაცვლოდ კი პუშტუნთა მხარდაჭერა აქვს ინდოეთის წინააღმდეგ. პაკისტანის შინაგანი სამსახურების მოხელეებს პირდაპირი კავშირები აქვთ თალიბანის ლიდერებთან, მათი მეამბოხეთა ნაწილი კი სულაც პაკისტანის ჩრდილოეთში ბინადრობს. პაკისტანელთა მიერ პუშტუნთა მხარდაჭერის სანაცვლოდ, სავარაუდოა, რომ 2015 წლისთვის ინდოეთი ჩრდილოეთის

თალიბი ჯარისკაცები ხელისუფლებას იარაღს აბარებენ
ალიანსის წევრებს დაუჭერს მხარს. ასევე, შესაძლოა, დელიმ ბელუჯისტანელი მეამბოხეები გამოიყენოს დასაყრდენად ისლამაბადის წინააღმდეგ.

საინტერესოა მოსკოვის როლიც. საბჭოთა პერიოდში რუსეთი ცდილობდა ეთნიკური განსხვავებები კიდევ უფრო გაეღვივებინა და ეს მოახერხა კიდეც. არსებული პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრო მეტად ჩრდილოეთში მცხოვრებ ტაჯიკებს და უზბეკებს მიემხრობა, ვინაიდან ისინი კრემლის ინტერესებს უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან.

რაც შეეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, პეკინი უკანასკნელი წლების განმავლობაში ეკონომიკური კავშირებით ცდილობდა ქაბულზე გავლენის მოპოვებას და სამომავლოდ ბუნებრივი რესურსების დონორად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც NATO-მ რეგიონის დატოვება გადაწყვიტა, ჩინეთმა კიდევ უფრო აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ჰამიდ ყარზაის ადმინისტრაციასთან. პეკინის თქმით, ისინი ყოველწლიურად 4,1 მილიარდ დოლარს გაიღებენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განვითარების ფონდისთვის. პეკინს არ სურს, რომ მეზობლად რადიკალური ისლამისტური სახელმწიფო ჰყავდეს.

უკანასკნელი დეკადის მანძილზე დასავლეთის ფულადმა, ინტელექტუალურმა თუ სამხედრო რესურსებმა ქვეყანაში ცვლილებები ვერ გამოიწვია. პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პოლიტიკოსები არ ჩანან. ასევე არ იკვეთება ძლიერი კადრი, რომელიც ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობის გაერთიანებას მოახერხებს. შიდა პოლიტიკური გარემო უმეტესწილად კერძო ინტერესების დაპირისპირებით და ეთნიკური დანაწევრებებით ხასიათდება.

როგორი იქნება ავღანეთის მომავალი მას შემდეგ, რაც მას NATO-ს ძალები დატოვებენ? ამას ავღანეთის ეთნიკური მოზაიკა, საგარეო პოლიტიკური მოთამაშეები და ადგილობრივი პოლიტიკა განსაზღვრავს. 11-წლიანი კამპანია, რომელიც ქვეყნის სტაბილიზაციას და პოლიტიკურ გარდაქმნას ისახავდა მიზნად, ჯერ არ დასრულებულა – ავღანეთის მისია შეუსრულებელია. 2009 წელს ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა წინააღმდეგობას გაუწევდა თალიბანს, რათა მას ავღანეთის მთავრობა არ დაემხო. მიუხედავად ამისა, ეროვნული უსაფრთხოების ძალები, თალიბანთან შედარებით, ბევრად სუსტია და ამერიკის გასვლით, თალიბანის ლიდერები საკუთარ გავლენას გაზრდიან. ისინი ფეხს უფრო მყარად მოიკიდებენ და მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებებზე დასწრებით არ შეიწუხებენ თავს.

ავღანეთის ეკონომიკა საერთაშორისო დონაციებით საზრდოობს. 1988 წლისთვის საბჭოთა კავშირის დახმარება ქვეყნის შემოსავლის 75 პროცენტს შეადგენდა, შიდა შემოსავალზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 30 პროცენტი მოდიოდა. დღეს ავღანეთს არ აქვს უნარი, მხოლოდ საკუთარ ფინანსებზე დაყრდნობით შეინახოს თუნდაც ეროვნული არმია ან პოლიცია. დასავლეთის დახმარების შემცირების კვალდაკვალ უსაფრთხოების შენარჩუნება ავღანეთისთვის საგრძნობლად გართულდება.

ქვეყნის შემოსავლის მთავარი წყარო ოპიუმია, რომლის სიდიდით პირველი ექსპორტიორიც, მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ ავღანეთია. იქ ინფლაციამ, უკანასკნელი წლის მანძილზე, პიკს მიაღწია. თალიბანის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, 5,4 მილიონი ბავშვი წავიდა სკოლაში. აქედან 1.6 მილიონი გოგონაა. თუმცა მასწავლებელთა დევნა ისევ გრძელდება სამხრეთ პროვინციებში და ასევე ხშირია სკოლების დაწვის ფაქტები.

2014 წლისთვისაა დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები. ჰამიდ ყარზაის თქმით, ის აღარ აპირებს შემდეგი ვადისთვის ბრძოლას. ახალ პრეზიდენტს მოუწევს ავღანეთი ახალი ეტაპიდან მართოს, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება ქაბულის დემოკრატიზაციის მცდელობა, ამის თქმა დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია. ავღანეთში არსებული კორუფციის აღმოფხვრა თითქმის წარმოუდგენელი გახლავთ.

საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე მიმდინარე ძალთა დანაწევრება ავღანეთის ეთნიკურ ლაბირინთს კიდევ უფრო გაუვალს ხდის. შიდა და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, ავღანეთს გაუჭირდება ისეთი ერთიანი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელსაც თალიბანზე მეტი გავლენა და რესურსები ექნება. დასავლეთის წასვლის შემდეგ, თალიბანს უფრო ფართო სამოქმედო არეალი შეექმნება და სავარაუდოდ, ავღანეთის მისია, რომელმაც ბევრი ამერიკელი, ქართველი თუ სხვა ევროპელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, შეუსრულებელი დარჩება.

კომენტარები