ტექსტილი

აჭარაში შეკერილი მაისურები იტალიის ნაკრებს

ფეხბურთის გულშემატკივრობა წელს განსაკუთრებით მოდაში იყო. ან, შეიძლება, ასე მეჩვენება, რადგან ეს პირველი ჩემპიონატი იყო, რომელსაც თვალს არა მხოლოდ ეკრანზე, სოციალურ ქსელშიც ვადევნებდი. თუმცა ევრო 2012 მხოლოდ ამიტომ არ ყოფილა გამორჩეული: იტალიის ნაკრებს, რომელმაც, ბევრის აზრით, ფინალამდე ღირსეულად მიაღწია, საქართველოში – კერძოდ კი აჭარაში შეკერილი მაისურები ეცვა.

შპს აჭარა ტექსტილის ქარხანა ქობულეთის რაიონში, სოფელ ბობოყვათში მდებარეობს: ბოლო 18 თვეში მოხდა შენობის რეკონსტრუქცია, ქარხნის ტექნიკური გადაიარაღება და თითქმის ახალი სამკერვალო საწარმოს ამოქმედება. ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ქარხანამ PUMA-ს ბრენდის შეკვეთები მიიღო. მათ შორის, იტალიის ნაკრების მაისურებზეც. ყველა შეკვეთას ქარხნის 600 ადგილობრივი თანამშრომელი ასრულებს.

ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ ერთი გახარებული გულშემატკივარი Facebook-ზე წერდა: „დღეს მაგარი დღეა! შევიძინე იტალიის ნაკრების მაისური და აღმოვაჩინე, რომ შეკერილია/დამზადებულია საქართველოში”.

თუმცა ბევრმა არ იცის, რომ იტალიის გარდა, აჭარის ქარხანაში შეკერილი სპორტული ფორმებით თამაშობენ: ავსტრიის, ჩეხეთის, ახალი ზელანდიის, კამერუნის, ურუგვაის, სენეგალის, ტუნისის, მაროკოს, გვინეის, ბულგარეთის, საუდის არაბეთის და ბაჰამის ეროვნული ნაკრებები.

აჭარაშივე იკერება სპორტული ფორმები საფეხბურთო კლუბებისთვის: აეკი, მონაკო, ბრიუგე, ფეიენორდი, ბორდო, ოლიმპიაკოსი, ლაციო, სპორტინგი, სტრეიდრენერსი, ტოტენჰემი, შტუტგარტი, ბორუსია, ნიცა, პალერმო, უდინეზე.

ტექსტილის დამუშავებას დიდი და სკრუპულოზური შრომა სჭირდება: აჭარის ქარხნებში რამდენიმე რიგად ჩალაგებულ გრძელ მაგიდებთან ასობით ადამიანი ზის და ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებს – ზოგი თარგებს ანაწილებს, ზოგი კერავს, ზოგიც აუთოვებს. სამუშაო ოთახში თავს რომ შეყოფ, ყურები გამუდმებული ზუზუნით გევსება. ადამიანის ხმას იქ ვერ გაიგონებ: კონცენტრირება არ უნდა დაირღვეს, ერთი შეცდომა და მთელი სამუშაო შეიძლება წყალში ჩაიყაროს. ყველაზე მთავარი, რაც ამ ქარხნებში თვალში მოგხვდებათ, ისაა, რომ მაგიდებზე საკერავი მანქანის და ალაგ-ალაგ ლამფის გარდა არაფერი დგას: ტექნიკა თითქმის არ მუშაობს, ადამიანები აქ ძირითადად ხელით შრომობენ.

ამას თავისი მიზეზი აქვს. განვითარებულ ქვეყნებში ტექნოლოგიების კვლევასა და დანერგვაზე დიდი თანხები იხარჯება. განვითარებად ქვეყნებს ამის ფუფუნება არ აქვთ. ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომლებიც წარმოებისთვის საჭირო თანხებთან ერთად, ტექნოლოგიურ ცოდნასაც ავრცელებენ.

ბევრი მკვლევარი ადასტურებს, რომ ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული, წარმოების სექტორი ტექნოლოგიური განვითარების მამოძრავებელი მთავარი დარგი იყო. ტექნოლოგიური განვითარება კი, თავის მხრივ, არა მხოლოდ ზრდის ქვეყნის ეკონომიკას, არამედ ამ ზრდის სტრუქტურასაც ცვლის: ის სექტორები და ფირმები, რომლებიც ძველ ტექნოლოგიებთან ასოცირდება, სუსტდება და გზას უხსნის ახალ სექტორებსა და ფირმებს, რომლებიც ბაზარზე ჩნდება და იზრდება. შესაბამისად, უფრო პროდუქტიული და მოგებიანი სექტორები და ფირმები ანაცვლებენ ნაკლებად მოგებიანებსა და პროდუქტიულებს, რის შედეგადაც, ეკონომიკის მთლიანი პროდუქტიულობა მატულობს.

პროდუქტიულობის მთლიანი ზრდის დაჩქარების შემდეგ, კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება: ამ ზრდის ადრეულ ეტაპზე, მრეწველობა სხვა ყველა დარგზე მეტად იზრდება. თუმცა დაბალი შემოსავლების პირობებში, მშპ-ში მრეწველობის დარგის წილი დაბალი რჩება და ეკონომიკის მთლიან ზრდაზე მხოლოდ მცირე გავლენას ახდენს. როცა ეს გავლენა იზრდება – რაც ხშირად ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნის ზრდის შედეგად ხდება – მთლიანი გამოშვებაც მატულობს და შრომის პროდუქტიულობაც.

მოთხოვნის ზრდა მნიშვნელოვანია, რადგან დაბალი შემოსავლების პირობებში, ინდივიდები თავიანთი შემოსავლის დიდ წილს საკვებზე ხარჯავენ. შემოსავლების მატებასთან ერთად, ეს წილი მცირდება და ნაწარმზე მოთხოვნა იზრდება. შემოსავლის კიდევ უფრო ზრდის პირობებში, ნაწარმზე მოთხოვნა მცირდება და სწრაფად მატულობს სერვისზე. ამდენად, მოთხოვნის ცვალებადობა კონკრეტულ დარგებში ზრდის ან ამცირებს დასაქმებას, რასაც, თავის მხრივ, გავლენა აქვს ეკონომიკის შრომით პროდუქტიულობაზე.

ტექსტილის ინდუსტრია დღეს უდავოდ ერთი დიდი გლობალური საწარმოა, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ამზადებს პროდუქციას და შემდეგ სხვაგან ყიდის. ამასთან, ბოლო პერიოდში, წარმოება სულ უფრო ჯიუტად და სტაბილურად ინაცვლებს განვითარებადი ქვეყნებისკენ. ინვესტორები პროგნოზირებად ბიზნესგარემოს და ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობებს ეძებენ.

ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც ინდუსტრიული განვითარება სწორედ მსგავსი დარგების ხარჯზე დაიწყო, ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მიაღწია – შესაბამისად, ამ ქვეყნებში შრომა გაძვირდა. სამხრეთ კორეა, ტაივანი და ახლა უკვე ჩინეთიც ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი ქვეყნები გახდა. ამიტომ ინვესტიციები ძირითადად უფრო იაფი მუშახელის მქონე ქვეყნებში – ბანგლადეშში, ვიეტნამსა და ეგვიპტეში იდება. თუმცა განვითარებული, მაღალი კლასის ბაზრებამდე ამ ქვეყნებიდან მზა პროდუქციის მიტანა ძვირი ჯდება.

ტექსტილის სექტორი საქართველოში ის დარგია, რომელმაც მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას გაუძლო და ამ კუთხით ინვესტიციები მოიზიდა. ეს განაპირობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის კომბინაციამ: კორუფციის დაბალმა დონემ, ლიბერალურმა ბიზნესგარემომ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებთან ვაჭრობის პრეფერენციულმა რეჟიმებმა, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და გამართული ინფრასტრუქტურის მოგებიანმა ტანდემმა და სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, კვალიფიციურმა და იაფმა მუშახელმა.

ბოლო პუნქტი, ბევრისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ამ სექტორშია დასაქმებული, კონკურენტულ უპირატესობად რთულად აღიქმება. „უცხოელები შავ მუშებად გვამუშავებენ” – ერთ-ერთი საშიში სტერეოტიპია, რომლის ბოროტად გამოყენებაც საკმაოდ ადვილია.

თუმცა საქართველოში ტექსტილის დარგის განვითარების თეორია და პრაქტიკა რამდენიმე საკითხზე არაორაზროვნად მიუთითებს: ჯერ ერთი, ამა თუ იმ დარგის განვითარებას ბაზარზე მოთხოვნა განსაზღვრავს და არა სხვა რამ, თუნდაც მთავრობის მხრიდან რომელიმე დარგის აკვიატება, როგორც ამის თქმა საქართველოში უყვართ. მთავრობის როლი თავისუფალი, ღია, ჯანსაღი, პროგნოზირებადი, დაცული გარემოს შექმნაა, რომელიც ინვესტორებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში დამატებით პლუსად იმუშავებს. და მეორე – გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ტექნოლოგიები განვითარდება. ამისთვის კი წარმატებული უცხოური კომპანიების მხრიდან ინვესტირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ადგილობრივი მუშახელისთვის თანამედროვე ცოდნის გადაცემა ხდება. ამ ცოდნის გარეშე, დასაქმებული ადამიანის შემოსავლების ზრდა შეუძლებელია.

კომენტარები