გამოგონება

პერსონალური რობოტი Paro

0 კომენტარი

ივლისის დასაწყისში პარიზში გაიმართა მორიგი Japan Expo, უკვე ტრადიციად ქცეული გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთის დედაქალაქში. გამოფენაზე იაპონელთა უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევები იყო წარმოდგენილი, სადაც უპირატესად სხვადასხვა დანიშნულებისა და ფუნქციონალობის მქონე რობოტები ჭარბობდა. მათ შორის იყო გამოფენის აღმოჩენა, ტაკანორი შიბატას ქმნილება, პერსონალური რობოტი Paro, რომელიც ხანშიშესული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და ერთი კონკრეტული ფუნქცია აქვს: ყველა საშუალებით შეაყვაროს მოხუცებს თავი.

Paro-ს შექმნის იდეა ტაკანორი შიბატას გასული საუკუნის 90-იან წლებში მოუვიდა, როდესაც იაპონია ახალი ტიპის პრობლემის, ერის დაბერების წინაშე დადგა. დღესდღეობით იაპონია ყველაზე „ხანშიშესული” ქვეყანაა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით მთელ მსოფლიოში ლიდერობს, ამას დემოგრაფიული კრიზისიც ერთვის და სპეციალისტების პროგნოზის თანახმად, 2030 წლისათვის იაპონიის მოსახლეობის მესამედი 65 წელს გადაცილებული იქნება. მოხუცებს გართობა და ზრუნვის საგანი სჭირდებათ, საამისოდ ძაღლები და კატები კი არ გამოდგებიან, ვინაიდან მარტოხელა მოხუცებს მათი მოვლის თავი არ აქვთ.

Paro პერსონალური რობოტია, რომელსაც პატარა საყვარელი სელაპის იერსახე აქვს. ის გარემოსთან რეაგირებს. გამოსცემს ხმებს და ცნობს სახელს, რომელსაც პატრონები ეძახიან. მოფერებაზე ადეკვატური რეაქცია აქვს და ყურადღების ნაკლებობას მწვავედ განიცდის. ითხოვს ჭამას, ანუ საწოვარას ფორმის დამტენის პირში ჩადებას, რაც მის ელემენტს ტენის, იღიმება და თვალებს სულგანაბული ხუჭავს, როგორც კი თავზე ხელის გადასმას იგრძნობს. ღამით სძინავს და დღისით აქტიურია. ერთი სიტყვით, Paro-ს კომპანიაში მოხუცებს მოწყენა არ ემუქრებათ.

ის 2,7 კილოგრამს იწონის (დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ახალშობილი), აღჭურვილია ორი 32-ბიტიანი პროცესორით, სამი მიკროფონით და 12 ტაქტილური სენსორით, რომლებიც მის მთელ ბეწვს ფარავს. Paro-ს ასევე აქვს ზემგრძნობიარე ულვაშები და კიდურებისა და თავის ბრუნვის საშუალება. მისი ფასი 6000 დოლარია და როგორც გაზეთი Washington Post წერდა, „ძვირადღირებული ფუმფულა სათამაშო კი არ არის, სამედიცინო მოწყობილობაა”.

ახალი რობოტი პირველად 2001 წელს წარუდგინეს ფართო საზოგადოებას. უკანასკნელი 11 წლის მანძილზე კი მისი მრავალი მოდიფიკაცია გამოიცადა. მას, გარდა „საყვარელი ცხოველის” სტატუსისა, სამედიცინო დანიშნულებაც აქვს. დღესდღეობით Paro-ს აქტიურად იყენებენ სამედიცინო-სამკურნალო მიზნით. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, მოხუცები, რომლებიც აქტიურად ურთიერთობენ მასთან, გაცილებით ცოტას ჭირვეულობენ და ნაკლები დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება სჭირდებათ.

დღესდღეობით Paro-ს აშშ-ის და იაპონიის მასშტაბით სამედიცინო მოწყობილობის სტატუსი აქვს და მისი შემქმნელები იმედოვნებენ, რომ იაპონიისა და ამერიკის მაგალითს მიბაძავენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც, სადაც ხანშიშესულთა ჭარბი რაოდენობა ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები