ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმის ანგარიშზე 80 მილიონი ლარი გადარიცხა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად მითითებულ ანგარიშზე 80 მილიონი ლარი გადარიცხა. ამის შესახებ ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კოალიციის ლიდერის მიერ ჯარიმის დაფარვის ფაქტს აღსრულების ეროვნული ბიურო გამოეხმაურა. ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქალაქო სასამართლო 24 საათის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს "ქართუ ჯგუფს" დაუბრუნებს.

"2012 წლის 24 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა სრულად დაფარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებით დაკისრებული თანხა 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარის ოდენობით. დღეს, 25 ივლისს, აღსრულების ეროვნული ბიურო შუამდგომლობით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად 24 საათის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების იძულებითი მართვის შეწყვეტისა და მისი მესაკუთრისთვის მმართველობაში დაბრუნების შესახებ", - აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

ქართული ოცნების ლიდერის Facebook–ზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმის გადასახდელად მითითებულ ანგარიშზე 80 მილიონი ლარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის განკუთვნილი, თანხის ხარჯვის მონიტორინგს კი ქართული ოცნება განახორციელებს.

კოალიციის ლიდერი Facebook–ზე გამოქვეყნებულ ვიდეოკომენტარში აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია დაზარალებული მოსახლოებისთვის მაქსიმუმ 1500 ლარიანი კომპენსაციების გაცემის გადაწყვეტილება, რადგან აღნიშნული თანხა მოსახლეობას ზარალს სრულად ვერ აუნაზღაურებს.

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ქართული ოცნების ლიდერმა ჯარიმა ქართუ ბანკის დაბრუნების მიზნით გადაიხადა. მისი თქმით, ივანიშვილის ქმედება იაფფასიანი პოპულიზმია.

კოალიციის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად მითითებულ ანგარიშზე 10 მილიონი ლარი  გადარიცხა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტში აღნიშნული თანხა მან სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გადარიცხა.

 

კომენტარები