პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილმა ლევან ბეჟაშვილი კახეთში პირად წარმომადგენლად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი კახეთის რეგიონში მის პირად წარმომადგენლად დანიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბეჟაშვილი კახეთის აღდგენისა და აღორძინების შტაბს ჩაუდგება სათავეში და იმ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებს ახორციელებს.

ქვეყნის პირველმა პირმა ლევან ბეჟაშვილი ქუთაისში, მთავრობის სახლში მიიღო. შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს სახელმწიფო თანხის განკარგვის დიდი გამოცდილება აქვს, რაც დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს მას დაეხმარება.

შეხვედრის დროს ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ განიხილა სტიქიის შედეგების წინასწარი მონაცემები და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ იმსჯელა. პრეზიდენტის თქმით, დაზარალებულებს დახმარება სჭირდება არა მხოლოდ კახეთში, არამედ მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში

ლევან ბეჟაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, რის მოტივადაც კახეთში მომხდარი სტიქია დაასახელა. პარლამენტმა აღნიშნულ პოსტზე მის შემცვლელად ლაშა თორდია დაამტკიცა.

 

კომენტარები