ოლიმპიური თამაშები

მიხეილ მამიაშვილი: კუდუხოვს და ცარგუშს ოლიმპიადაში მონაწილეობაში ხელს ვერავინ შეუშლის

რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ მამიაშვილის განცხადებით, რუს სპორტსმენებს, ბესიკ კუდუხოვსა და დენის ცარგუშს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლაში ხელს ვერავინ შეუშლის.

როგორც ცნობილია, ლონდონის ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუდაუთასა და სამხრეთ ოსეთში დაბადებული სპორტსმენების დაბადების ადგილად რუსეთია მითითებული.

”მასშტაბური ტურნირების, მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების ორგანიზატორებს რუსეთის ოფიციალურ განაცხადზე პრეტენზია არასოდეს გამოუთქვამთ და ბესიკ კუდუხოვს და დენის ცარგუშს ოლიმპიადაზე გამოსვლაში ხელს ვერავინ შეუშლის", - განაცხადა მამიაშვილმა РИА Новости-სთან საუბარში.

რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი დაეხმარა კუდუხოვს და ცარგუშს სრულფასოვან სპორტსმენებად ჩამოყალიბებაში. მისი განცხადებით, მოჭიდავეები ამაყნი და ბედნიერნი არიან იმით, რომ ოლიმპიადაზე ამ ქვეყანას წარმოადგენენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბესიკ კუდუხოვის დაბადების ადგილად ლონდონის ოლიმპიადის ვებ-გვერდზე მითითებულია ცხინვალი, ხოლო ქვეყნად - რუსეთი. გუდაუთაში დაბადებული მოჭიდავე დენის ცარგუშის დოსიეში ქვეყნად ასევე რუსეთია მითითებული.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს უკვე გაუგზავნა განცხადება მოთხოვნით, გამოსწორდეს შეცდომა და აღნიშნული  სპორტსმენების დაბადების ადგილად საქართველო მიეთითოს.

კომენტარები