შოუ-ბიზნესი

მაიკლ ჯექსონის ექიმმა ციხეში მომღერლის დედა მიიწვია

ექიმმა კონრად მიურეიმ, რომელიც მაიკლ ჯექსონის წინასწარი განზრახვის გარეშე ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელს იხდის, ციხეში გარდაცვლილი მომღერლის დედა კეტრინ ჯეკსონი მიიწვია.

მიურეის თქმით, იგი მზადაა 82 წლის ქალბატონს ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი. „ადვოკატებმა მითხრეს, რომ ქალბატონ ჯექსონს სიკვდილამდე ჩემთან შეხვედრა სურს. ვფიქრობ, ჩვენი საუბარი მას დააწყნარებს“, - განაცხადა მიურეიმ.

CNN–ის ინფორმაციით, ექიმის განცხადება გარდაცვლილი შემსრულებლის ოჯახში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. 25 ივლისს სასამართლომ კეტრინ ჯექსონს შვილიშვილების მეურვეობის საკითხი დროებით შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კეტრინის ლოს ანჯელესიდან, სადაც მისი შვილიშვილები ცხოვრობენ, არიზონაში გამგზავრება დასახელდა.

გამოცემის ცნობით, ოჯახური კონფლიქტის მიზეზი მაიკლ ჯეკსონის მემკვიდრეობაა. ანდერძის თანახმად, მომღერლის ქონების ნაწილი მის შვილებსა და დედას გადაეცა, ხოლო ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო კეტრინის შვილებმა ანდერძის აღმსრულებლებს წერილი მისწერეს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ანდერძი ყალბი იყო.

2011 წელს მაიკლ ჯექსონის პირად ექიმს კონრად მიურეის წინასწარი განზრახვის გარეშე ჩადენილი მკვლელობისთვის ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამოძიების ვერსიით, მიურეიმ მომღერალს დამამშვიდებელი პრეპარატის გადამეტებული დოზა მისცა, რაც ჯექსონის სიკვდილის მიზეზი გახდა.

 

კომენტარები