რუმინეთი

რუმინეთში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს

რუმინეთში ქვეყნის პრეზიდენტის, ტრაიან ბესესკუს საბოლოო იმპიჩმენტთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები უკვე გახსნილია, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობას ხმის მიცემა შეუძლია.

Svobodanews–ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. თავად ბესესკუმ თავის მომხრეებს რეფერენდუმის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით,  იგი სამოქალაქო გადატრიალების მსხვერპლია.

6 ივლისს რუმინეთის პარლამენტმა ტრაინ ბასესკუს იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. რუმინეთის პირველ პირს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედება, საბიუჯეტო სახსრების მკაცრი ეკონომიკის გატარებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის გადაყენების მომხრეა აგრეთვე ქვეყნის მმართველი პარტია სოციალურ–ლიბერალური კავშირი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ხელმძღვანელობით. რუმინეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირმა, აშშ–მ და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა.

 

კომენტარები