რუმინეთი

რუმინეთის პრეზიდენტი იმპიჩმენტს გადაურჩა

რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ იმპიჩმენტის რეფერენდუმს გადაურჩა. საარჩევნო კომისიამ დაადგინა რომ რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის 45.9% მიიღო, იმპიჩმენტისთვის კი 50% იყო საჭირო.

ბესესკუ თავის მომხრეებს მოუწოდა რეფერენდუმისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა. რეფენერდუმის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა თქვა, რომ მოსახლეობამ "გადატრიალება" არ დაუშვა. 

ბესესკუს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც მისი იმპიჩმენტისთვის რეფერენდუმი დაინიშნა. მემარცხენე-ცენტრისტმა მთავრობამ მემარჯვენე-ცენტრისტი პრეზიდენტი ძალაუფლების გადამეტებაში დაადანაშაულა. 

მთავრობის ლიდერს, ვიქტორ პონტას და ბესესკუს შორის პოლიტიკური დაპირისპირება განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა სამთავრობო ხარჯვის შემცირებას. რუმინეთს ხარჯვაზე ლიმიტის დაწესებას საერთაშორისო კრედიტორები სთხოვენ. ბესესკუს რეიტინგი ამ პოზიციის გამო სწრაფად დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის 60%-ს მისი გადადგომა სურს. თუმცა ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ მთავრობას მოსახლეობის რეფერენდუმზე მიყვანა გაუჭირდებოდა.

პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. პრემიერ პონტას ბრალს დებენ მოსამართლეებზე ზეწოლაში. ამასთან ერთად პონტა პლაგიატობის სკანდალში არის გახვეული. 

ქვეყნის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი კრიტიკა დაიმსახურა ევროკავშირის ლიდერებისგან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რამპოიმ "შეშფოთება" გამოხატა რუმინეთის პოლიტიკურ კრიზისის გამო და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.

 

კომენტარები