აშშ-ირანის დაპირისპირება

სუპერბომბი ირანის წინააღმდეგ

პენტაგონი მზადაა ირანის წინააღმდეგ ახალი იარაღი - ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბი გამოიყენოს. იტალიური გამოცემა ლა სტამპას ცნობით, აშშ-ს საჰაერო ძალების სარდალმა მაიკლ დონელიმ განაცხადა, რომ პროექტზე მუშაობა დასრულებულია და „თუ ამის საჭიეროება იქნება, მზად ვართ ის გამოვიყენოთ“.

ახალი იარაღი - Massive Ordnance Penetrator (MOP), საგანგებოდ ირანის მიწისქვეშა ობიექტების გასანადგურებლად შეიქმნა. ბომბი 2400 კილოგრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს და 60 მეტრის სისქის არმირებული ბეტონის გარღვევა შეუძლია. პენტაგონმა ახალი ბომბის შექმნაზე 330 მილიონი დოლარი დახარჯა. ახალი ბომბის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ თეირანმა თავისი ბირთვული ობიექტების მიწისქვეშ გადატანა დაიწყო.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იმ დროს, როდესაც დიპლომატები ჯერ კიდევ ცდილობენ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი მშვიდობიანად გადაწყვიტონ, მხარეები სამხედრო კონფრონტაციისთვის ინტენსიურად ემზადებიან - პენტაგონი სუპერბომბს ქმნის, თეირანი კი საზღვაო ბრძოლებისთვის ემზადება და ხომალდების საწინააღმდეგო იარაღის სრულყოფაზე მუშაობს.

 

კომენტარები