ძარცვის ეკონომიკა

გავიტანოთ თუ არა ბანკი?

ჯონ დილინჯერი

ბონი ელიზაბეთ პარკერი და კლაიდ ჩესნათ ბაროუ
მხოლოდ ასე თუ დავიწყებთ: დიდი დეპრესიის დროინდელი ცენტრალური ამერიკა. ბანკები ერთიმეორის მიყოლებით იძარცვება. მთელი პოლიცია ერთ ბანდას დასდევს. ბანდაში სულ ცხრა წევრია და აქედან ორი ყოველთვის საქმეშია. ერთი ქალია. მეორე – კაცი. თორმეტზე მეტი ბანკის გატანას ახერხებენ. მათი ძარცვა, როგორც წესი, სისხლიანია: სხვადასხვა შემთხვევის დროს ცხრა პოლიციელი და რამდენიმე სამოქალაქო პირი იღუპება. 1934 წლის 23 მაისს, ლუიზიანის შტატის პოლიციას უმართლებს: დამნაშავეებს წარმატებულად უსაფრდება და ორივეს კლავს. ამ შემთხვევიდან 33 წლის შემდეგ არტურ პენი ამერიკის პოპფოლკლორის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფილმს იღებს: ბონი ელიზაბეთ პარკერი და კლაიდ ჩესნათ ბაროუ ეკრანზე ერთხელ და სამუდამოდ ცოცხლდებიან.

ბონის და კლაიდის მერე ბევრი არც არაფერი შეცვლილა: ბანკის გაძარცვა იოლი ფულის სინონიმად დღემდე რჩება. როგორც კი ფული შემოგვაკლდება, მაშინვე ვამბობთ – რა ვქნა აბა, ბანკს ხომ არ გავიტან? საბედნიეროდ, ბევრი ჩვენგანი ამ საქმეს ხელს არ კიდებს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ბანკების ძარცვას ცხოვრების წესად ირჩევენ.

რატომაც არა? – იტყვით თქვენ. საკმაოდ მიმზიდველია. რამდენიმე საათი დაგეგმვისთვის, რამდენიმეწუთიანი, ადრენალინით გაჟღენთილი სამუშაო პროცესი, სულ მცირე, ერთი სატვირთო, სავსე ბევრი ფულით, არავითარი გადასახადები და სადმე შენთვის, წყნარად, მზიან ადგილას მიყუჩება, საიდანაც შენს ექსტრადირებას ვერავინ შეძლებს. მთელი დღე აუზზე, კოქტეილებით, კარგი მუსიკით – ცხოვრების ბოლომდე. შესანიშნავია!

აი, მაგალითად, ავიღოთ ვილიამ-ვილი სატონი – თავაწყვეტილი მძარცველი, რომელმაც შეერთებული შტატების ბანკებს მუსრი გაავლო. თავისი 40-წლიანი კარიერის მანძილზე მან 2 მილიონი აშშ დოლარი მოიპარა. ის იმდენად ნიჭიერად ძარცვავდა ბანკებს, რომ მეტსახელიც შეარქვეს: მსახიობი ვილი ან მარჯვე ვილი. მასზე ურბანული ლეგენდაც დადის: თითქოს ვილი ამბობდა, ბანკებს ვძარცვავ, რადგან „ფული სწორედ იქ არისო”.

და თქვენ კიდევ კითხულობთ, რატომ არ უნდა აირჩიოს ვინმემ ბანკების ძარცვა კარიერად? სწორადაც კითხულობთ: ამ კითხვაზე კანონის, მორალის ან თუნდაც სტატისტიკის ენით ძალიან ამომწურავი პასუხის გაცემა შეიძლება.

მორალზე და კანონზე სხვას მიმართეთ. სტატისტიკური დასაბუთება ჩემზეა: მარჯვე ვილის გაუმართლა, ბანკის გაძარცვა

ჯონ დილინჯერი
არც იმდენად მოგებიანია, როგორც ეს შეიძლება შორიდან ჩანდეს.

კრიმინალი ეკონომიკური აქტივობაა – თავისი მოგებით, წაგებით, რისკით და შემოსავლით. საჭიროებს როგორც შრომითი რესურსის, ისე საწყისი კაპიტალის ინვესტიციას. აქვს დანახარჯიც.

ბანკის გაძარცვა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც წარმოების პროცესი: მას აქვს წარმოების ხარჯები, რისი მიწოდებაც პოტენციურმა მძარცველმა უნდა უზრუნველყოს და შედეგები – სასურველია ფული, რომლის სრულად შენარჩუნებასაც ბოლომდე შეძლებს.

პოტენციური მძარცველისთვის წარმოების ხარჯებში შედის: შრომის ხარჯი – ანუ ის, თუ რამდენი წევრი ერთიანდება ბანდაში და კაპიტალის ხარჯი იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავს. ასევე სჭირდება რისკების შეფასება და მათ გასანეიტრალებლად შემუშავებული კონკრეტული გეგმაც.

როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი – სწორედ ამაზეა დამოკიდებული შედეგი, რომელიც მოპარული ფულის ღირებულებით განისაზღვრება. წარუმატებელი კომბინაციის შემთხვევაში, ის, რა თქმა უნდა, ნულოვანი იქნება. შედეგი შეიძლება რამდენიმე წლით ციხეში გამოკეტვაც იყოს (იმის მიხედვით, თუ რამდენი ბანკი აქვს გაქურდული მძარცველს).

რთულია იმის დათვლა, რეალურად რამხელა თანხის მიტაცებას ახერხებენ მძარცველები. ბანკის გაძარცვა მაღალი პროფილის კრიმინალია. ასეთ შემთხვევებს, როგორც წესი, დიდი მედიააჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და ალბათ ამიტომაც, ბანკები ხშირად ერიდებიან იმ ციფრების დასახელებას, რომლებშიც გატაცებული თანხები გამოისახება.

FBI-ის მონაცემებით, ამერიკაში ერთი ძარცვა ბანკს საშუალოდ 10,025 აშშ დოლარი უჯდება. ბრიტანეთში – სამჯერ მეტი. ერთი შეხედვით, დიდი თანხებია, თუმცა არც იმდენი, რომ დიდ ბანდას ეყოს. არადა, იმ საქმეების გახსნა უფრო რთულია, სადაც ძარცვაში ბევრი ადამიანი მონაწილეობს.

თუმცა, ისიც მართალია, რომ ამ კალიბრის მძარცველები მხოლოდ მაშინ გეგმავენ რეიდს, თუ ბოლომდე დარწმუნებულები არიან – გაძარცვიდან მიღებული სარგებელი ხარჯს ისე გადააჭარბებს, როგორც ამას მძარცველი გეგმავს. მოსალოდნელი სარგებელი, რა თქმა უნდა, ნაღდი ფულია და მაღალია ალბათობა, რომ ამ ფულს და მის ახალ მფლობელს პოლიცია ვერ მიაგნებს. მოსალოდნელი ხარჯი – უკეთეს შემთხვევაში, პატიმრობის ხანგრძლივი ვადა და საკანში უაზროდ გაფლანგული წლები.

როგორც გამოჩნდა, საბანკო კრიმინალის გაანალიზება ისევეა შესაძლებელი, როგორც ნებისმიერი სხვა ეკონომიკური აქტივობის.

კრიმინალის ბევრი ფორმა კარგად არის შესწავლილი – მაგალითად, ერთ-ერთი კვლევა აანალიზებს, თუ რატომ ცხოვრობენ ნარკოტიკების გადამყიდველები მშობლებთან ერთად – ნარკოტიკების შესყიდვა და შემდეგ მათი გასაღება იმდენად არამოგებიანი საქმეა, რომ გადამყიდველები საკუთარი თავისთვის ცალკე ბინის შესასყიდად საჭირო თანხასაც ვერ აგროვებენ.

რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ბანკის ძარცვის ფაქტების ეკონომეტრიული ანალიზი აქამდე არავის გაუკეთებია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

ამერიკა ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ბანკის ძარცვა კრიმინალის ცალკე კატეგორიად არის გამოყოფილი. სხვა ქვეყნების კონკრეტული მონაცემებიც თუ გლობალური განზოგადებებიც, უმეტესწილად, სწორედ ამერიკაში ჩატარებული კვლევების შედეგია.

ამერიკაში ბანკის ძარცვის ფაქტები ცალკე აღირიცხება. ამ ქვეყნის შესახებ მონაცემები უკვე კარგა ხანია გროვდება, რაც ტრენდების გამოკვეთის და მათი შედარების შესაძლებლობას იძლევა.

შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი ბანკი 1965-75 წლებში გაიძარცვა: ამ პერიოდში ბანკის ძარცვის ფაქტები გაოთხმაგდა. 1968 წელს ქვეყანამ შემოიღო ფედერალური რეგულირებების მთელი კასკადი, რომლებიც ბანკის დაცვის აქტში გააერთიანა, მაგრამ ამით ძარცვის ფაქტების შემცირებას მაინც ვერ მიაღწია: პირიქით, მსგავსი შემთხვევები 90-იანი წლების დასაწყისამდე სულ იზრდებოდა.

დღეს ამერიკაში, ისე როგორც საშუალოდ მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად 9 ათასამდე ბანკი იძარცვება. ეს არაა დიდი

ბუჩ კესიდის და სანდენს კიდის მძარცველთა ბანდა. 1900 წელი
რიცხვი: სხვადასხვა გათვლით, ყოველი 100 ძარცვიდან მხოლოდ 2 ეხება ბანკს.

რასაც არ უნდა ხედავდეთ კინოში, ფულის დიდი ტომრების ბანკიდან გამოტანა საკმაოდ რთულია. ამერიკაში მძარცველების დიდი უმეტესობა დახლსაც კი ვერ სცილდება; მხოლოდ 5-10% ახერხებს საცავში შეღწევას. მიუხედავად იმისა, რომ ბანკის ბევრ მძარცველს, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის იჭერენ, ფულის სრულად დაბრუნება მაინც ვერ ხერხდება: ყველაზე კარგ შემთხვევაში, თანხის მხოლოდ 20% ბრუნდება.

ბანკის მძარცველის დანაშაულის ადგილიდან აყვანის ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კრიმინალის შემთხვევაში: ყველაზე მეტი რაოდენობით – მთელი კრიმინალის 60% – სწორედ ბანკის ძარცვის ფაქტები იხსნება.

ბევრ მძარცველს არ სჯერა, რომ დაიჭერენ: პირიქით, მათ ჰგონიათ, რომ ფულს ადვილად ჩაიგდებენ ხელში და ძარცვის პროცესიც მალე დასრულდება. ამდენად, მძარცველები ყურადღებას არ აქცევენ დაცვის სისტემებს. გაძარცვული ბანკების თითქმის 98%-ში, ჩვეულებრივ, დამონტაჟებულია როგორც სათვალთვალო კამერები, ისე სიგნალიზაცია.

სინამდვილეში, ყველა ასეთი ძარცვის 10% წარუმატებელია. აქედან მძარცველების 15%-ს დანაშაულის ადგილზე აკავებენ. ყველა ძარცვის 1/3 იმავე დღეს იხსნება. ნახევარზე მეტს კი 30 დღე და ნაკლები სჭირდება. როგორც სხვა კრიმინალის შემთხვევაში, ბანკის იმ მძარცველებს, რომლებსაც მალე ვერ აკავებენ, საერთოდ ვერ იჭერენ.

ბანკის მძარცველები საკმაოდ პროგნოზირებადი ხალხია. ისინი ხშირად, ერთსა და იმავე დღეს, რამდენიმე ბანკს ძარცვავენ და ერთსა და იმავე მეთოდს იყენებენ. ხშირად სწორედ ეს მრავალჯერადობა – განსაკუთრებული ხელწერა თუ სავაჭრო მარკა, მაგალითად, პოლიციისთვის დატოვებული წერილი ან მსგავსი შენიღბვა – აადვილებს მათ დაჭერას. ამის გამო, ერთმა დაპატიმრებამ შეიძლება ბანკების ძარცვის მთელი კასკადი გახსნას. ლონდონში, მაგალითად, ერთი ბანკის მძარცველის დაჭერა, საშუალოდ, სამამდე ახალ შემთხვევას ხსნის.

ბანკის მძარცველებს წარმატებულად გაქურდული ბანკების ხელახლა გაქურდვაც უყვართ. გაერთიანებულ სამეფოში, სამი წლის მანძილზე, მძარცველებმა ერთხელ გაძარცვული ბანკების 37% კიდევ 2-ჯერ მაინც გაძარცვეს. ძარცვის ასეთი

შემთხვევები საბანკო კრიმინალის 58% აღმოჩნდა. ამასთან, პირველ და მომდევნო ძარცვებს შორის საშუალოდ 2-თვიანი შუალედია.

დანაშაულის ადგილზე მიბრუნებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მძარცველი ბრუნდება, რომ გაიმეოროს ერთხელ მიღწეული წარმატება ან დაასრულოს დაწყებული საქმე, რომელშიც თავის დროზე პოლიციამ ხელი შეუშალა და ბოლომდე ვერ მიიყვანა. გამეორების შესაძლებლობა მაშინ უფრო მაღალია, თუ მძარცველისთვის პირველი შემთხვევა ადვილი იყო.

გამეორებული ძარცვის შემთხვევების საფუძველზე ერთი ზოგადი ტენდენცია იკვეთება: ბანკი, რომელიც არასდროს გაქურდულა, უფრო დაბალი რისკის მატარებელია, ვიდრე ის, რომელიც ერთხელ მაინც გაქურდეს. ამასთან, საინტერესოა, რომ ადგილებში, სადაც ბანკების ძარცვის ფაქტები ხშირია, გაძარცვული ბანკების გარშემო ახალი ფილიალები შენდება.

გაძარცვული ბანკის სიახლოვეს ახალი ფილიალების აშენება შეიძლება ამ კონკრეტული ბანკის დასაცავადაა კარგი სტრატეგია, თუმცა თავისთავად, ძარცვის ალბათობას ზრდის: ყველა ფილიალს მსგავსი დიზაინი აქვს – ცენტრალიზებული შესასვლელი და ამ შესასვლელთან მაქსიმალურად ახლოს, ოპერატორებისთვის მკერდამდე სიმაღლეზე გამოჭრილი ფანჯრები. მართალია, ასეთი ერთგვაროვნება მომხმარებლებს უადვილებს ფილიალში ორიენტირებას, თუმცა ამასთან, ძარცვისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

რისკფაქტორია გახანგრძლივებული მომსახურების დროც: დათვლილია, რომ მომხმარებლისთვის ასეთ უდავოდ უფრო კომფორტულ ფილიალებში ძარცვის რისკი საშუალოდ 25%-ით უფრო მაღალია.

ზოგადად, რაც კომფორტს უქმნის მომხმარებელს, ის ხელს უწყობს მძარცველსაც: თავად ნაძარცვი ფულის ტრანზაქციაც კი, როგორც წესი, სწრაფი და ეფექტური პროცესია. ნაძარცვი ფულის მძარცველის ანგარიშზე დასმას დატერორებული, მძევლად აყვანილი ბანკის თანამშრომლები სულ რაღაც 3 წუთს ანდომებენ.

ყველაზე მეტი ბანკი პარასკევობით იქურდება: ამ დღეს კრიმინალის ალბათობა ნებისმიერ სხვა დღეზე 25%-ით მეტია. ზამთარში უფრო მოსახერხებელია ბანკის დახურვის დროს თავდასხმა, რადგან ამ დროს უკვე ბნელა. ფულთან ერთად მიმალვაც უფრო ადვილია. წლის სხვა დროს ბანკის გაძარცვისთვის ყველაზე პოპულარული დრო დილიდან შუადღემდეა. ამერიკაში, ნიდერლანდებში, დასავლეთ გერმანიაში – ეს პერიოდი განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან გახსნის დროისთვის ბანკში სალაროებში გადასანაწილებელი ნაღდი ფული და მცირე რაოდენობით კლიენტია.

როგორც წესი, პროფესიონალი მძარცველები დიდი რაოდენობით კლიენტებს ერიდებიან. მძარცველთა 80% მარტოხელა, შეუიარაღებელი და შეუნიღბავია. ამასთან, მათი დიდი უმრავლესობა დებიუტანტია.

მოდი შევაჯამოთ, რატომ არის სტატისტიკურად ცუდი იდეა ბანკის გაძარცვა მაშინაც კი, თუ მძარცველი პროფესიონალია და ყველა დეტალი გათვლილი აქვს.

რა ინფორმაცია შევკრიბეთ აქამდე? ერთი მხრივ, ბანკის დამოუკიდებლად გაძარცვის ფაქტების გახსნის ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე ბანდასთან ერთად. რაც უფრო დიდია ბანდა, მით უფრო მეტი ფაქტორის გაკონტროლება ხდება და უფრო დიდია გატაცებული თანხაც. მეორე მხრივ, სტატისტიკურად ერთი ბანკის გაძარცვის შედეგად მიტაცებული თანხა რამდენიმე ათეულ ათას აშშ დოლარს არ აღემატება, რაც დიდი ბანდის შემთხვევაში ერთ კაცზე სასაცილო მოგებას ტოვებს.

გამოდის, რომ აურაცხელი სიმდიდრის დასაგროვებლად ერთი ძარცვა საკმარისი ნამდვილად არ არის. ადამიანმა ბანკების ძარცვა ცხოვრების წესად უნდა აქციოს, რომ იმაზე მეტი ფული იშოვოს, ვიდრე ჩვეულებრივად, არაკრიმინალურად დასაქმების შემთხვევაში შეძლებდა. ასეც რომ არ იყოს, საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს უფრო ყაირათიანად დახარჯავდა, ვიდრე სხვისას: ნობელის პრემიის ლაურეატს, გამოჩენილ ამერიკელ ეკონომისტსა და სტატისტიკოსს მილტონ ფრიდმანს თუ დავუჯერებთ, როცა სხვის ფულს საკუთარ თავს ვახარჯავთ, ეს უფრო ფლანგვაა, ვიდრე ხარჯვა, ერთბაშად გვინდა მთელი სარგებელი ვნახოთ. ამ ლოგიკით, ბანკის მძარცველს წელიწადში რამდენჯერმე მოუწევს ბანკის გატანა, ხოლო რაც უფრო ხშირად გაქურდავს ბანკს, მით უფრო გაიზრდება მისი დაჭერის ალბათობა: სულ რაღაც 4 რეიდის შემდეგ მან შეიძლება თავი ციხეში ამოყოს.

ამ ანალიზიდან ერთი კარგი გაკვეთილის გამოტანა შეიძლება: წარმატებულ კრიმინალს სტატისტიკა და ფულის ხარჯვის ეკონომიკა უნდა ესმოდეს.

ჰო, მართლა, გახსოვთ რომ გითხარით მარჯვე ვილის გაუმართლა-მეთქი? მოგატყუეთ. მან ცხოვრების ნახევარზე მეტი ციხეში გაატარა. თავის ავტობიოგრაფიაში უარყო ურბანული ლეგენდის ცნობილი ფრაზის ავტორობა და ამით დაადასტურა ვარაუდი, რომ ბანკების ძარცვა ბოლომდე სარფიანი საქმე არ არის.

„რატომ ვძარცვავდი ბანკებს?” – გაიმეორა მარჯვე ვილიმ მისთვის ათასჯერ მაინც დასმული შეკითხვა: „იმიტომ, რომ მომწონდა”.

კომენტარები