ფოკუსი

გუჯი

ფოკუსი

გუჯი

“მე დავიბადე პარიზში, 33 წლის ასაკში”, – ასე ფიქრობს კაცი, რომლის თავიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟორჟ პომპიდუმ ამხანაგ ლეონიდ ბრეჟნევს გამოსთხოვა 1974 წელს, – „უზარმაზარი თავისუფლება ვიპოვე. რასაც აქ ვაკეთებდი, ჩემს ქვეყანაში აკრძალული იყო. წინააღმდეგობა არავის გაუწევია… სრულებით თავისუფალი ვარ. მეტი რა შეიძლება გინდოდეს ადამიანს? მანამ, სანამ თავისუფალი ვარ, ბედნიერი ვარ”, – იხსენებს მოგვიანებით.

გუჯი ამაშუკელი, უფრო სწორად – გუჯი, “დაბადებიდან” დღემდე საფრანგეთში ცხოვრობს: “საბჭოეთის მიწას რომ ვტოვებდი, ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ ველურ ქვეყნებში არ დავბრუნდები. ამიტომ ძალიან ცოტა ვიმოგზაურე, ბელგია, იტალია, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი…”

მის მიერ შექმნილი ნივთები უნიკალურია – სერიულად არ იწარმოება. “დიზაინის კონცეფციას ვეწინააღმდეგები”, – მიხსნის და მაკვირდება, თითქოს სურს დარწმუნდეს, რომ გავიგე, რისი თქმაც სურს.

ოქრო, ვერცხლი, ქვა… მასალას, რომელიც დროს ამარცხებს, გუჯი ხასიათს და ფორმას აძლევს: ჩიტები, ლომები,

La Pêche miraculeuse. სასწაულებრივი თევზი

ანტილოპები, თევზები, ადამიანები… ცალკე, ან როგორც ორნამენტი. სამკაულები, ხმლები, შანდლები, ემბაზები, წმინდანის საძვალეც კი...

საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ის ხელოვნების მეტრად (Maître d’art) აღიარა, საკუთარ თავს კი ქმნილებათა ხელოსნად მიიჩნევს.

მუშაობს მარტო, დამხმარის გარეშე.

საქართველოში მასზე ამბობენ, რომ უკარებაა. როგორც თვითონ ხსნის, ამის მიზეზი ბევრი საქმეა – “დღეში 12 საათს ვმუშაობ. თავი არ ამიღია დღემდე. 8-ზე ვიწყებ და სახლში სადღაც 9-ზე ვბრუნდები”. შვებულებაში მხოლოდ ერთხელ გავიდა 38 წლის მანძილზე. მიიჩნევს, რომ ნიჭი, თავაუღებელი შრომის და ცნობისმოყვარეობის გარეშე, არაფერს ნიშნავს. და კიდევ… აღიზიანებს, როდესაც მოსაუბრე დაჟინებით ითხოვს მისგან ნოსტალგიის დემონსტრირებას იმ ადგილის მიმართ, რომელსაც ათწლეულების წინ ძლივს დააღწია თავი – მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირიდან წავიდა, საქართველოში აღარ დაბრუნებულა.

“ქვეყნის დატოვება 11-12 წლის ასაკში გადავწყვიტე, მაშინ, როცა შეგნება გამიჩნდა”, – მოკლედ პასუხობს ჩემს შეკითხვას და თან შამპანურის ბოთლს ხსნის. შუადღეა. მის სახელოსნოში ვართ – პარიზში, მონმარტრის ფერდობზე.

საფრანგეთიც ბავშვობაში გაიცნო – სტერეოსკოპის დახმარებით. ეს ხელსაწყო და ასიოდე ფოტო ბაბუამისმა ჩამოიტანა 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენიდან, სადაც გასული საუკუნის მიღწევების აღსანიშნავად უნივერსალური ვაჭრობა გაიმართა. ეიფელის კოშკიც ამ ღონისძიებისთვის აიგო. “ფოტოებს შორის ბევრი ხედი იყო, პარიზის ქუჩები, სადგურები, გოთური ტაძრები: შარტრი, სან დენისი, რუანი, ბოვე… ბავშვი ვიყავი, როცა ამას ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ ააშენეს ეს მაშინ, როცა რკინაბეტონი და ამწე არ არსებობდა?”

მის შესახებ გამოცემული წიგნის – “Goudji – des mains d’or et de feu” (გუჯი – ოქროს ცეცხლოვანი ხელები) – ავტორებთან, ბერნარ ბერტოდთან და მანუელ ან რენო-ლანგლუასთან იმასაც ჰყვება, რომ განსაკუთრებით ჩრდილოეთის მიმართულების სადგურს აკვირდებოდა: “კარგად შევისწავლე Gare du Nord-ი, მისი ნეობერძნული არქიტექტურა. ეს სადგური განსაკუთრებით მაინტერესებდა, რადგან ვიცოდი – რუსეთიდან მიმავალი მატარებელი მანდ ჩადიოდა. თუმცა, მაშინ მხოლოდ ვოცნებობდი…”

ეს 1950-იან წლებში.

1990-იანებში კი მის მიერ შექმნილი ემბაზი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში აღმოჩნდა, ხოლო მოგვიანებით, მისით იოანე პავლე მეორემ ისარგებლა.

“გოთურ ტაძარში რომ შევდივარ, კანკალი მეწყება, – მპასუხობს, როცა ინსპირაციაზე ვეკითხები, – რომ ჩამოვედი, 1974 წელს, ჩემს ცოლს ვთხოვე და პირველად სწორედ ის ეკლესიები მოვინახულე, ბავშვობაში რომ ვათვალიერებდი. გენტში ნამყოფი ხართ?” – მეკითხება ბელგიის ფლანდრიულ ქალაქზე. არ ვარ, თუმცა ვიცი, რაზეც მესაუბრება – ვან ეიკის დიპტიხი, მისტიკური ცხვარი, სან ბოვარში. მაგრამ თქმას ვერ ვასწრებ, ისე მიჭრის – “ეს თუ არ გინახავთ, ე.ი. არაფერი გინახავთ. ეს იცით რა არის? კინაღამ გადავირიე! სტენდალის სინდრომი დამემართა”.

გუჯის და კატრინ ბარსაკის ქორწილი. 1969

საქართველოთი აგრძელებს – საუბრობს კოლხურ ოქროზე. ირკვევა, სვანეთის გარდა მთელი ქვეყანა შემოვლილი აქვს. ისტორიული ძეგლები, მათი არქიტექტურა და ფერწერა აინტერესებდა. აქემენიდები, ბერძნები, რომაელები, სასანიდები, ისლამი, ბიზანტია – თვლის, რომ ეს ყველაფერი ერთდროულადაა ჩვენს ქვეყანაში.

ურჩევნია, მისი ნაკეთობა საჯაროდ იყოს გამოფენილი, იქ, სადაც ყველა ხედავს. ხელმისაწვდომობა მისთვის მნიშვნელოვანია და ეკლესია საუკეთესო ადგილია ამის უზრუნველსაყოფად. “კერძო კოლექციებისთვისაც გამიკეთებია ნივთები, მაგრამ იქ ისინი ოთხ კედელშია მოქცეული”, – აღნიშნავს სინანულით.

როგორ დაინტერესდა კათოლიკე ეკლესია მართლმადიდებელი ოქრომჭედლით? – “ერთი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის მცველი (კონსერვატორი), კათოლიკე კაცი იყო. მან შემომთავაზა, ეკლესიისთვის საგანგებო ნივთები გამეკეთებინა. მეც ზუსტად ამაზე ვოცნებობდი… როდესაც ეპისკოპოსმა შარტრის ტაძრის სალიტურგიო სივრცის მოწყობა მომანდო, არ უკითხავს, კათოლიკე ვარ, მართლმადიდებელი, თუ ებრაელი. მხოლოდ ჩემი ხელოვნება აინტერესებდა. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე”.

ჰგონია, ჩვენთან სვეტიცხოვლის ლიტურგიკული სივრცე ებრაელს, ან სომეხს რომ მოაწყობინონ, ეს უხერხულობას შექმნის და წუხს. იხსენებს, როგორ უთხრა უარი ახალგაზრდა ქართველმა მართლმადიდებელმა მღვდელმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მონახულებაზე – ურჯულოების ეკლესიაში არ შევალო. განსხვავებას მიდგომებში იმითაც ხსნის,

დედა – ნინო კაკაბაძე

რომ კათოლიკე ეკლესია რეფორმის შემდეგ მუდმივად იცვლებოდა დროსთან მიმართებით. მართლმადიდებელ ეკლესიაში კი შუა საუკუნეების კონსერვაცია მოხდა.

ბათუმელია. კარგად ახსოვს ბათუმის კათოლიკური ტაძარი. მიიჩნევს, რომ მისი მითვისება მართლმადიდებლების მიერ, დიდი შეცდომა იყო.

ბავშვობიდან ღვთისმორწმუნეა. რელიგია მის ცხოვრებაში ფრესკით წარდგა და არა ბიბლიის ტექსტით – 13 წლის იყო, ეკლესიაში რომ შევიდა და წყალზე მოსიარულე ქრისტეს ფრესკა დაინახა.

მეგობრობდა პატრიარქთან, როცა ის ბათუმის მიტროპოლიტი იყო. იხსენებს მის გატაცებას ფერწერით. “დაზგა ჰქონდა და ასლებს აკეთებდა, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი. მადონა ვიტა რომ არის, ლეონარდოს სურათი ერმიტაჟში, ის გადახატა მშვენივრად. მაშინ დასავლური ორიენტაციის გამო აკრიტიკებდნენ”.

ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მის ცხოვრებაში დედას უჭირავს. მის დამსახურებად მიაჩნია, რომ დღეს ისეთია, როგორიც არის – “დიდ ვალში ვარ დედაჩემის წინაშე... საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი იყო. მან შემაჩვია შრომას. მაშინ არაფერი იშოვებოდა და მოსწავლეებისთვის ექსპონატებს თვითონ აკეთებდა. მე ვეხმარებოდი. ამან ძალიან მიშველა. ჩემში ხელით მუშაობის უნარი განავითარა”.

1941 წელს, როდესაც გუჯი გაჩნდა, დედა – ნინო კაკაბაძე უჩვეულოდ ასაკოვანი იყო, განსაკუთრებით იმ ეპოქისთვის – 42 წლის. ხე-ტყით მოვაჭრე მდიდარი კომერსანტის ქალიშვილი სოციალისტური რევოლუციის “სიკეთეებმა” რამდენიმე ვერცხლის კოვზის, პიანინოს და საკუთარი განათლების იმედად დატოვა. ნაკითხი ქალი იყო, დახვეწილი, კარგი გემოვნებით – “წარსულზე საუბარს გაურბოდა, ეშინოდა, თვლიდა, რომ აზრი არ ჰქონდა. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მუსიკალური სკოლა, სადაც უნდოდა, რომ მევლო, ადრე ბაბუაჩემს ეკუთვნოდა. დედაჩემი მალავდა მაგას”.

სურდა, შვილს ფორტეპიანოზე დაკვრა ესწავლა, თუმცა მან სამხატვრო სკოლა არჩია – “იქვე ერთი პატარა სახელოსნო იყო, – იხსენებს ღიმილით, – ორი მოხელე მუშაობდა ხეზე, კუბოებს აკეთებდნენ. ისე მაინტერესებდა, იქ ვატარებდი ორ-სამ საათს. ვუყურებდი, როგორ ხერხავდნენ, უსვამდნენ ლაქს. სამი ტიპის კუბო იყო, ერთი უბრალო, მეორე უფრო ბობოლა, მესამე კიდევ უფრო ძვირი. ის სუნი დღემდე დამრჩა – აქ შერლაკს ეძახიან. ნატურალური ლაქია, მძაფრი სუნი აქვს”.

ხატვა ძალიან უყვარდა. როგორც თვითონ ამბობს, სულ ფანქარი ეჭირა ხელში მაშინ, როცა ეგეც არ იშოვებოდა.

გულნატკენია – “ქართველებმა გამამწარეს. სამი წელი არ მიღებდნენ აკადემიაში. ჩემს მშობლებს არც ფული ჰქონდათ და არც ნაცნობობა. მაწვალეს. თანაც ისეთი პერიოდი იყო, თუ აკადემიაში არ მიღებდნენ, მაშინ ჯარში მეძახდნენ. წითელ

იან ვან ეიკის დიპტიხი „მისტიკური ცხვარი”. ფრაგმენტი. გენტი, ბელგია

არმიაში მსახურობა, მართალი გითხრათ, არ მინდოდა. მოკლედ, დავიტანჯე. როგორც იქნა, მესამე წელიწადს გახსნეს საღამოს დასწრებული კურსები, სტიპენდიაც კი არ მეკუთვნოდა. საღამოს იყო გაკვეთილები, დღისით უნდა მემუშავა წარმოებაში. რატომ? – იმიტომ, რომ თავის შვილებს აწყობდნენ. სულ ხუთი ადგილი იყო ფაკულტეტზე. ერთი ადგილი ეკუთვნოდა აფხაზებს, ერთი აზერბაიჯანს – იმიტომ, რომ უმაღლესი სამხატვრო სკოლა არ ჰქონდა, რჩებოდა სამი – ერთი მიჰქონდა ცეკას, ერთი იყიდებოდა და ერთისთვის პროფესორების შვილები და ნათესავები იბრძოდნენ, მათ შორის დიდი კონკურსი იყო… ამბობენ, ახლა ასე აღარ არისო”, – ისეთი ემოციით ჰყვება, თითქოს ეს ყველაფერი გუშინ მოხდა.

1962 წელს საქართველოს დატოვება მოუწია და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. აი, რატომ: ბათუმში ბინის ქირაობაში დაეხმარა მეგობრებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირიდან გაქცევა ჰქონდათ გადაწყვეტილი – უნდა მიეცურათ ნორვეგიულ გემამდე და თურქეთში გადასულიყვნენ. ცურვის დროს ერთ-ერთი ცუდად გახდა და იუგოსლავიურ გემზე აღმოჩნდნენ. კაპიტანი სანაპირო დაცვას დაუკავშირდა. შედეგად ერთს 15 წლით, ხოლო მეორეს 10 წლით თავისუფლების დათმობა მოუწია. დანაშაული: სამშობლოს ღალატი და საზღვრის უკანონო გადაკვეთა. “გეფიცები, არაფერი ვიცოდი მათი განზრახვის შესახებ, მაგრამ ჩემი გვარი პროცესზე დაასახელეს. მე არ ვამტყუნებ, ეგ ისეთი რაღაცაა, ყველაფერი შეიძლება დაგემართოს”.

La Haquenée caparaçonnée aux Timbales. ცხენი ლიტავრებით

გუჯის მამა ბათუმის საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. ის ნაცნობ КГБ-ს ოფიცერს გაუფრთხილებია, მის ვაჟს ქალაქი დაეტოვებინა, სხვა შემთხვევაში დაიჭერდნენ, როგორც დანაშაულის ხელშემწყობს. თვლის, რომ გაუმართლა – გუჯის დაბადებისას, მამამისი კიდევ უფრო ასაკოვანი იყო – 52 წლის. პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ ხალხს იცნობდა და პატივს სცემდნენ. მაგალითად, იმ ოფიცრის ცოლისთვის, ვინც ვაჟის შესახებ აცნობა, ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.

მოსკოვში ჩაწერა სჭირდებოდა – “ან ქრთამი უნდა მიგეცა პოლიციელისთვის, ან ფიქტიური ქორწინება უნდა გაგეხერხებინა. ვიპოვე ახალგაზრდა ქალი, დამთანხმდა და დავქორწინდით”. მაგრამ შემდეგ კომისარიატთან შეექმნა პრობლემები სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების გამო. “ცოლის” მისამართზე მიაგნეს და იძულებული გახდა, განქორწინებულიყო, რომ “უდანაშაულო ქალბატონი”, როგორც თავად იხსენიებს, არ შეეწუხებინათ. საბოლოოდ როგორ დაუძვრა საბჭოთა კომისარიატს, არ ჰყვება – აღარც მე ვეძიები.

მოსკოვის დეკორატიული ხელოვნების კომბინატში, “ტუფტა” საბუთით მოეწყო – სახლმმართველობაში გააყალბა. “იქ მუშაობა საინტერესო არ იყო, მაგრამ მატერიალურად უზრუნველმყოფდა” – სათამაშოების დიზაინს ქმნიდა. გემებს, თვითმფრინავებს, მანქანებს. შემდეგ შევიდა სამხატვრო კავშირში, იმ დროის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო. ამბობს, რომ ეს თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოხვედრაზე მარტივი გამოდგა.

ფიქტიური ქორწინება მეორედაც დასჭირდა – როგორც თავად ხსნის, “გახრწნილი სისტემის” გამო. “ერთადერთი, მოსკოვში კარგი ის იყო, რომ დრო ბევრი მქონდა. დავდიოდი ბიბლიოთეკებში. ვიმოგზაურე. ასე დავაგროვე ცოდნა. თბილისში ძალიან შეზღუდულები ვიყავით. ერთი „ღარიბი” ბიბლიოთეკა იყო. მხატვართა კავშირის წევრი რომ გავხდი, “ოსობი ზალში” შესვლის უფლება მქონდა ლენინის ბიბლიოთეკაში”.

Le Lac impérial. საიმპერატორო ტბა

სხვა მხრივ საბჭოთა კავშირის დედაქალაქი მძიმედ ახსენდება. “იცით, რას წარმოადგენდა მოსკოვი იმ დროს? ეს იყო საშინელი გაჭირვება. არაფერი იშოვებოდა. ყველაფერში ნაცნობობა გჭირდებოდა”. როგორც მხატვართა კავშირის წევრს, იაპონურ ფუნჯებზე და ფანქრებზე მიუწვდებოდა ხელი, სხვა უხარისხო საბჭოთა პროდუქციას უნდა დასჯერებოდა. ცხოვრობდა კომუნალურ ბინაში, სადაც აბაზანას და სამზარეულოს ხუთი-ექვსი ოჯახი იყოფდა. ბერნარ ბერტოდთან და მანუელ რენო-ლანგლუასთან საუბარში ის და მისი მეუღლე იხსენებენ თუ როგორ პარავდნენ მეზობლები ერთმანეთს საპონს, ხორცს, ყველაფერს. რა შეღავათი შეიძლებოდა “გეყიდა” ერთი ბოთლი არყის საფასურად. ჰყვებიან მოსკოვის გასტრონომების ვიტრინებში “მტრის ჯინაზე” გამოკიდებულ ცვილის ქათმებსა და სოსისებზე.

როცა მამა გარდაიცვალა, საქართველოში დაბრუნდა და ორმოცი დღე დარჩა. მაშინ ორი ხელოსანი გაიცნო – სომეხი და ბერძენი. თურქეთიდან იმიგრირებულები იყვნენ. მათგან ისწავლა სპილენძზე მუშაობა აღმოსავლური მეთოდით და როგორც ამბობს, მაშინ მიხვდა, რომ ლითონისთვის ფორმის მიცემა შეეძლო.

მისი ნამდვილი მეუღლე – კატრინ ბარსაკი, მეგობარმა, ანდრეი ვალკონსკიმ გააცნო მოსკოვში 1967 წელს – “ანდრეი საფრანგეთში იყო დაბადებული, ფაქტობრივად, ფრანგი იყო”. მაშინ კატრინი საელჩოში მუშაობდა და ეგრეთ წოდებულ გეტოში ცხოვრობდა. დასახლება, სადაც “ბინძური კაპიტალისტები” ბინადრობდნენ, მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო – “შენობებიც ისმინებოდა. როდესაც კატრინს დაქორწინება შევთავაზე, დავუწერე, რომ არავის მოესმინა. თავიდან

Le Veau d’Or. ოქროს ხბო

პისტოლეტი დამიხატა, ხომ არ გაგიჟდიო. შემდეგ, ეს ქაღალდი დავწვით”.

მომავალი მეუღლისადმი მის გრძნობას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. ამბობდნენ, რომ გუჯის ერთადერთი ინტერესი საბჭოთა კავშირიდან გაღწევა იყო და კატრინს მხოლოდ იყენებდა. ამ განწყობას, ალბათ ორი ფიქტიური ქორწინებაც ამძაფრებდა. “40 წლის შემდეგ ირკვევა ზოგიერთი რამ – იმ დროს იყო ერთი ფრანგი კულტურის ატაშე. ჩემს მეუღლესთან ახლობლობდა. ერთხელ კატრინმა ვიზაზე დახმარება სთხოვა, რაზეც პასუხად უარი მიიღო. ცოტა ხნის წინ ამ კაცმა გვნახა და ბოდიში მოგვიხადა ამდენი წლის წინანდელი საქციელის გამო. მეუბნებოდნენ, არ გასულელდესო, ვიღაც გაიძვერა პიროვნებაა და სარგებლობს, რომ წავიდესო. ამიტომ არ უნდოდა ამ კაცს ჩვენი ქორწინება შემდგარიყო და შერცხვა, როცა გაიგო, რომ ამდენი წელია ერთად ვართ და კარგი ოჯახი გვაქვს”.

ზოგიერთი იმასაც ფიქრობდა, რომ КГБ-სთან იყო შეკრული – ამტკიცებდნენ, პოლკოვნიკის ფორმაში ვნახეთო. “საზოგადოება იყო ძალიან ბნელი და ბევრს თხზავდა. რაც ბნელია საზოგადოება, მით მეტს თხზავს. თქვენ არ იცით ეს პერიოდი რას ნიშნავს”.

კატრინი გუჯის ცოლობას დათანხმდა, თუმცა ეს საბჭოთა ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავდა, საბოლოო სიტყვა მაინც რეჟიმს ეკუთვნოდა და ქორწინებას აბრკოლებდნენ. ხოლო როცა თანხმობა მიიღო – 1969 წელს, საბჭოთა კავშირიდან გასვლაზე უთხრეს უარი. პროცესი 5 წლის განმავლობაში გაჭიანურდა.

მისი სიმამრი, ანდრე ბარსაკი, გავლენიანი ადამიანი იყო – თეატრის დეკორატორი, რეჟისორი და დირექტორი. ის პირადად იცნობდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ჟორჟ პომპიდუს და წერილი მისწერა შუამდგომლობის თხოვნით.

1974 წელს საბჭოთა კავშირში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა. მისი და ლეონიდ ბრეჟნევის შეხვედრიდან ორ კვირაში დარეკეს “ოვირიდან” და კატრინ ბარსაკს უთხრეს, რომ გუჯი ამაშუკელს ორი კვირა ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად – სამუდამოდ.

მანამდე საბჭოეთიდან არასოდეს გასულა. ამბობს, რომ ვინც მოგზაურობდა, ხელისულების ნდობით აღჭურვილი პირი იყო. სავარაუდოდ, უშიშროებასთან თანამშრომლობას გულისხმობს. “პარიზმა შოკში ჩამაგდო. ხელოვნების ნიმუშებზე არ ვამბობ. მომხმარებლური საზოგადოება მანამდე არ მენახა. მაღაზიებზე გავგიჟდი – უამრავი საქონელი. ქათმებს ვკიდებდი ხელს, ვამოწმებდი, ცვილის ხომ არ იყო. ყვავილების მაღაზიებმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თანაც

Le Nomade. მომათაბარე

თებერვალში. ყველაფერს ხელით ვეხებოდი, ყველაფერი ხელოვნური მეგონა”.

საფრანგეთში ისე ჩავიდა, მთავარი კითხვა – რით დასაქმებულიყო, გადაუჭრელი ჰქონდა. “სრულებით არ ვიყავი მომზადებული”, – აღნიშნავს საუბარში. კატრინმა ურჩია, დედამისის ნაჩუქარი ვერცხლის კოვზებით სამკაულები გაეკეთებინა, რადგან ლითონთან მუშაობა გამოსდიოდა. “თვითონ სულ სხვა რამ აინტერესებდა – ლიტურგიკული არტი, უნიკალური ნივთები. მაგრამ მე ვუხსნიდი, რომ დიზაინის ეპოქაში, ამ პროდუქტზე მოთხოვნა არ იყო და რთული იქნებოდა”, – იხსენებს მოგვიანებით მადამ გუჯი, როგორც მას უწოდებენ.

დაუჯერა და გააკეთა. ცოლის დისგან ფული ისესხა და საიუველირო გამოფენაზე სტენდი იქირავა – ყველაფერი გაიყიდა. რაღაცები ნაცნობებმაც იყიდეს. მიღებული ფულით ნედლეული შეიძინა და კიდევ გააკეთა. “ამას გარდა, მე ყველაფერი მეხერხება, ხელით რაც კეთდება. რემონტი, ავეჯის შეკეთება, რესტავრაცია. ამით მომეცა საშუალება, რომ ფული მომეგროვებინა. ასე დაიწყო და კარგად წავიდა”.

რამდენიმე წარმატებული სალონის შემდეგ, მეგობრები გაუჩნდა. ერთ-ერთმა ფრანგული მოდის გრანდს, იუბერ დე ჟივანშის შეახვედრა. “იქ მივიტანე ჩემი ნაკეთობები. კარგად მიგვიღო და მისი სამკაულების საგანგებო ხაზის გაკეთება მთხოვა. მე თუ გავაკეთე, ჩემი სახელით მინდა ვაკეთო, რას მიქარავს-მეთქი, ვიფიქრე და ვუთხარი. ასეთი მიამიტი ვიყავი”, – მეუბნება და ხმამაღლა იცინის, თან შამპანურს სვამს.

“Monsieur vous avez raison”, – მართალი ხარო, უპასუხია ჟივანშის. “აიღო ტელეფონი და დარეკა ერთ-ერთ გალერისტთან სანტ ონორეს ქუჩაზე – მიიღეთო. “ასე დაიწყო ჩემი მოღვაწეობა გალერეებში. ის პირველი ადამიანი იყო, ვინც გამოფენის მოწყობაში დამეხმარა. მერე შევხვდით და ვისაუბრეთ ამაზე. ახლა 90 წელს მიღწეული იქნება. ჩვენს სოფელთან ახლოს აქვს მამული, ლუარის ხეობაში. მაშინ 35 წლის ვიყავი”.

“მსოფლიოს უდიდესი ოქრომჭედელი” – ასე შეაფასა გუჯი ცნობილმა გალერისტმა, კლოდ ბერნარმა, როდესაც მისი ნამუშევრები იხილა. ოქრომჭედელს შემდეგ არაერთი გამოფენა ჰქონია მის გალერეაში – პარიზში, ბოზ არტის ქუჩაზე, სადაც სხვადასხვა დროს შეგეძლოთ გეხილათ დავიდ ჰოკნის, ფრენსის ბეკონის, პაბლო პიკასოს, ანრი-კარტიე ბრესონის და სხვათა ნამუშევრები.

მისი ნაკეთობების ადრესატთა შორის არიან იოანე პავლე მეორე, ბენედიქტ მეთექვსმეტე, საფრანგეთის აკადემიის წევრები, პრეზიდენტი მიტერანი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურებისთვის უკვეთდა საჩუქრებს.

როგორც ამბობს, ნივთის იდეა ხშირად სიზმრის შედეგად იბადება. “სუფთა ფურცლის” შიში არასოდეს ჰქონია.

ისეც ხდება, რომ კონკრეტული ნივთის დამზადებას თხოვენ. Goudji-ს ავტორებთან საუბარში ერთ ისტორიას იხსენებს,

გუჯის სახელოსნო, პარიზი

როდესაც პარიზში მცხოვრები ამერიკელი ქალი ეახლა და საკუთარი ფერფლისთვის ურნის გაკეთება სთხოვა – “მე მალე მოვკვდები. შვილები შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. გამიკეთეთ ლამაზი ურნა, ისეთი, რომ ჩემს შვილებს მასთან დაშორება არასოდეს მოუნდეთ”. ოქრომჭედელს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა ეს ჭურჭელი, ან რა ზომის უნდა ყოფილიყო. შემდეგ, პერ ლაშეზის სასაფლაოზე წავიდა შესასწავლად – “იოლად გავუგე ამ ქალბატონს, როცა სპილენძის და თითბრის უშნო ურნები ვნახე”. ასე დაამზადა ესთეტური ჭურჭელი, ესთეტი ქალბატონის ფერფლისთვის.

პერიოდულად მოსწავლეები აჰყავს – იმის გამო, რომ ხელოვნების მეტრია, საფრანგეთის კულტურის სამინისტროც ითხოვს მისგან ცოდნის გადაცემას და ამ მიზნით სტუდენტებს უგზავნის. ამ დროს ყოველთვის ითხოვს ახალგაზრდებმა თავიანთი ჩანახატები აჩვენონ, იდეები გაუზიარონ. ხშირად ხდება, რომ სტუდენტებმა, ვისაც ლითონზე მუშაობის შესწავლა სურთ, ხატვა არ იციან. გუჯი მიიჩნევს, რომ ეს წარმოუდგენელია, რადგან საძირკველი სწორედ ხატვაა. თუმცა, ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცნობისმოყვარეობაა – ახლის აღმოჩენის, ახლის შესწავლის ვნებას, თუ თვითონ არ გაქვს, ვერცერთი მასწავლებელი ვერ გაგიჩენს.

მას შემდეგ, რაც იოანე პავლე მეორემ გუჯის ნაკეთი ემბაზი გამოიყენა, ოქრომჭედელმა წერილი მიიღო – “პაპის თხოვნით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ სილამაზისთვის, რასაც თქვენი ხელოვნება….”. ამას მოჰყვა კაპუცინების შეკვეთა, პადრე პიოს ბეატიფიკაციისთვის პაპისთვის საჩუქარი დაემზადებინა, ხოლო მოგვიანებით, წმინდანად შერაცხული კაპუცინი ბერის საძვალე. ბეატიფიკაციის დღისთვის გუჯი და კატრინი რომში მიიწვიეს – “სან პიერის მოედანზე გავჩერდით, – ჰყვება Goudji-ს ავტორებთან, – პაპიც მოვიდა. დაღლილი იყო. მას ჩემი ნაკეთობები ამშვენებდა – ჯვარი, ორი შანდალი და პადრე პიოს რელიკვია, რომელსაც ის თავის კერძო ბინაში ინახავდა სიკვდილამდე. კატრინმა იტირა. მოგვიანებით ამიხსნა, რომ ახსენდებოდა, როგორ ვოცნებობდი მოსკოვში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, სადაც ათეიზმი სახელმწიფო რელიგია იყო, ღმერთის სადიდებლად შემექმნა ნივთები”.

 

კომენტარები