ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავას იწყებს

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში დავას იწყებს. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის განმარტებით საქმე ეხება გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილის საინვესტიციო უფლებების დარღვევას, მათ შორის კანონის ცვლილების შედეგად ქართუ ბანკის მიერ 119 მილიონი დოლარის ზარალს.

"კანონის შეცვლა შეეხებოდა იპოთეკისა და გირავნობით უზრუნველყოფილი ქონებების გაუფასურებას. ეს შეეხებოდა ასევე ბანკის უკანონო დაჯარიმებას, თითქოსდა იმ ბონუსების, რომელიც მან თანამშრომლებზე გასცა პოლიტიკურად მოტივაციის გამო", - განაცხადა კბილაშვილმა.

ასევე დავის საგანი გახდება 2011 წლის ოქტომბერში ქართუ ბანკის საინკასაციო მანქანის შსს-ის მიერ ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავება. ივანიშვილი მთავრობას ბანკის კლიენტებზე ზეწოლასაც აბრალებს, რის გამოც, კბილაშვილის თქმით, კლიენტები ბანკს ტოვებენ. დავის საგანი იქნება ასევე პროგრესბანკში ივანიშვილის წილის დაყადაღაც. სადავო საკითხებს შორის არ მოხვდება ივანიშვილის მიერ გადახდილი ჯარიმა, 80 მილიონი ლარი.

ივანიშვილის უფლებებს იურიდიული კომპანია Skadden დაიცავს. ფანჯიკიძის თქმით, Skadden-ის წარმომადგენლები საქართველოში 16-17 ივლისს იყვნენ ჩამოსულები და საქმის დეტალები განიხილეს. კომპანიამ უკვე მოამზადა "უკანასკნელი შეტყობინება დავის შესახებ", რომელიც საქართველოს მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს 31 ივლისს დაეგზავნათ. საქართველოს მთავრობის მიერ ივანიშვილის ბრალდებებზე არ დათანხმების შემთხვევაში, დავა საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში დაიწყება. ცენტრი მსოფლიო ბანკთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ორგანოა.  

მთავრობისთვის მიწოდებულ შეტყობინებაში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომელთაც ივანიშვილი ხელისუფლებას ედავება. კბილაშვილის თქმით, დანაშაულის აღიარებასთან ერთად მთავრობამ უნდა გადაიხადოს არა მხოლოდ მიყენებული ზარალი არამედ დარიცხული პროცენტი, რომელიც საერთაშორისო ბირჟის მონაცემებით გამოითვლება. 

 

კომენტარები