ქართული ოცნება

ქართული ოცნება: ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ხორციელდებოდა

ქართული ოცნება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანზე ზეწოლაში ადანაშაულებს . ამის შესახებ ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც ბეთქილ შუკვანიც ესწრებოდა.

ფანჯიკიძის განცხადებით, ქართული ოცნების მხარდაჭერის გამო, ბეთქილ შუკვანზე ლადო ვარძელაშვილისა და მისი მოადგილის, გია უდესიანის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი თქმით, შუკვანს ეუბნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მხარი არ დაეჭირა და უცენზურო სიტყვებითაც მიმართავდნენ. ამ მიზეზით, პრესსპიკერის განცხადებით, საქართველომ "თითქმის  გარანტირებული ოქროს მედალი დაკარგა". 

ფანჯიკიძის თქმით, შუკვანმა ოლიმპიადაზე პირველი შეჯიბრი მოიგო, მეორე ასპარეზობა კი წააგო, რის შემდეგაც ძიუდოისტმა მიიჩნია, რომ მსაჯები უსამართლოდ მოექცნენ. ქართული ოცნების პრესსპიკერის ინფორმაციით, ძიუდოისტმა რეაგირებისთვის ქართულ დელეგაციას მიმართა, თუმცა დახმარება ვერ მიიღო.

როგორც თავად შუკვანმა განაცხადა, მარცხის შემდეგ მას სასტუმროში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გია უდესიანმა ათ კაცთან ერთად მოაკითხა. „ისინი ნასვამები იყვნენ. მე ამ ხალხთან შეხვედრას თავი ავარიდე, ფანჯრიდან გადავხტი და გავიქეცი“ - განაცხადა შუკვანმა. მისი თქმით, მან სამშობლოში დაბრუნება ახლობლების მეშვეობით მოახერხა.

"ეს ფაქტი არის კლასიკური ნიმუში იმისა, რომ ამ ქვეყანაში სპორტსმენები იყოფიან ხელისუფლების და ქართული ოცნების მხარდამჭერებად და ეს დაპირისპირება ხელისუფლებას სპორტსმენებში ხელოვნურად შეაქვს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

კომენტარები