საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა ბათუმში ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობოთ, 2 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა და ბათუმში მიმდინარე მშენებლობებზე ადგილობრივთა დასაქმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ორბი ჯგუფის საინვესტიციო პროექტი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას და მსურველთათვის სასტუმროს ნომრების კერძო საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. მშენებლობაზე ათასი ადამიანი დასაქმდება. ახალი 35-სართულიანი სასტუმრო 1050 ნომერს მოიცავს, მოეწყობა ღია და დახურული საცურაო აუზი, სპა-ცენტრები, კაფე-რესტორნები, კაზინოები, ბავშვთა გასართობი ცენტრები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები.

„მშენებლობის სისწრაფით, ორბი ჯგუფი რეკორდს ხსნის. 5 წლის წინათ, როდესაც შენებლობები დავიწყეთ, ყველგან თურქები მუშაობდნენ, ახლა კი ყველგან ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. ჩვენ ვაპირებდით მათგან გვესწავლა, მაგრამ უკვე ორჯერ სწრაფად ვაშენებთ. ვფიქრობ, ორბი მალე თურქეთში დაიწყებს მშენებლობებს და ეს თურქებისთვისაც მომგებიანი იქნება. ჩვენი გამოცდილება, ამ მხრივ, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და თურქეთში უნდა გავიტანოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, „უცხოელები ჩამოდიან ბათუმში და ხარჯავენ ფულს, ჩვენ კი ამ ფულით ხალხს ვასაქმებთ, ახალ მშენებლობებს ვიწყებთ, ახალ სასტუმროებს ვქმნით და ყველაფერი ჩვენ გვრჩება. ყოველივე ეს ხალხის საკუთრებაა“.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე ხელვაჩაურის ავეჯის ქარხანაში სალოღლუ ჯორჯიაში იმყოფებოდა, რომელიც საყოფაცხოვრებო მოხმარების, მათ შორის, რბილ ავეჯს აწარმოებს. როგორც პრეზიდენტს ქარხანაში განუმარტეს, ორბი ჯგუფის ახალი სასტუმრო-კომპლექსი აქ ნაწარმოები ავეჯით მოეწყობა.

მიხეილ სააკაშვილი დღესვე აჭარის დასაქმების სააგენტოს ეწვია. პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პედაგოგების საჭიროებას იმ ფონზე, რომ ბათუმში უდიდესი მასშტაბის საგანმანათლებლო დაწესებულებები შენდება. "ბათუმი ხდება ევროპული მასშტაბის საგანმანათლებლო ცენტრი. აქ იხსნება პირველად აღმოსავლეთ ევროპაში, სრულფასოვანი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ჩვენ ასევე მივდივართ იმ ეტაპამდე, რომ ევროკომისია გახსნის ევროპულ უნივერისტეტს, როგორიც არის ბელგიაში, ბრიუგეში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები