უმუშევრობა აშშ-ში

აშშ-ში უმუშევრობა 8.3%-მდე გაიზარდა

ივლისში აშშ-ში 163,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, თუმცა უმუშევრობა მაინც გაიზარდა და 8.2%-ის ნაცვლად 8.3% გახდა. კერძო სექტორმა 172,000 სამუშაო ადგილი შექმნა, თუმცა საჯარო სექტორში 9000 ადგილი დაიკარგა. 

მკვლევარების თქმით, უმუშევრობის გაზრდა სამუშაო ბაზარზე მეტი ადამიანის დაბრუნებამ გამოიწვია. შრომის სამინისტროს განცხადებით, მაისსა და ივნისში 6,000 სამუშაო ადგილით ნაკლები შეიქმნა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

ფედერალური რეზერვის პროგნოზით, აშშ-მა თვეში 100,000 სამუშაო ადგილი მაინც უნდა შექმნას, იმისთვის რომ უმუშევრობის დონემ არ მოიმატოს. 

ობამას ადმინისტრაციის თქმით, უმუშევრობა ჯერ კიდევ მაღალია და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმცა ეკონომიკა სწორი მიმართულებით მიდის და ბოლო 29 თვის განმავლობაში 4.5 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

ობამას კონკურენტმა, მიტ რომნიმ გააკრიტიკა პრეზიდენტი უმუშევრობის ვერ დაძლევის გამო. მისი თქმით, უმუშევრობის გაზრდა კიდევ ერთი დარტყმა იყო საშუალო კლასისთვის. რომნი ამომრჩეველს მისი არჩევიდან ერთი წლის განმავლობაში 12 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას პირდება. 

გასულ კვირაში გამოქვეყნდა ინფორმაცია აშშ-ის ეკონომიკური ზრდის შესახებ, რომლის მიხედვითაც მეორე მეოთხედში ეკონომიკა 1.5%-ით გაიზარდა. პროგნოზების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2% უნდა ყოფილიყო.

კომენტარები