თავდაცვის სამინისტრო

ერთწლიანი ჯარის სანაცვლოდ სრული საბაკალავრო სწავლების დაფინანსება

თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს ახალი კონცეფცია გააცნო. დოკუმენტი ე.წ. 3T-ს პრინციპს ეფუძვნება (ტოტალური ზრუნვა, ტოტალური წვრთნა და ტოტალური თავდაცვა).

როგორც სამინისტროს ვებგვერდი იუწყება, თავდაცვის სისტემაში ტოტალური ზრუნვის კომპონენტი ეტაპობრივად 2013 წლიდან დაინერგება,  რაც ”მკვეთრად” გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2013 წლიდან სამინისტრო ერთწლიანი სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ ბაკალავრიატში 4-წლიან სწავლებას დაუფინანსებს ყველა პირს, ვინც ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში, ვერ მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს და ვერ გადაიხდის სწავლის საფასურს.

იმ შემთხვევაში კი, თუ პიროვნება საკონტრაქტო სამსახურს მეორე ვადითაც  გააგრძელებს, სამინისტრო მას მაგისტრატურაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

ასევე, სამხედროებს უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერის, ინგლისურისა და ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში ქართული ენის სწავლებისა და პროფესიული სწავლების ვაუჩერიც.

შეიქმნება სპეციალური ფონდიც, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებლებში სწავლების ხარჯებს დაფარავს. სამხედროებისთვის ასევე ამოქმედდება განათლების უზრუნველყოფის საოჯახო პაკეტი, კერძოდ:

 - ფასდაკლება სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში;

 - ოფიცრების, კაპრალებისა და სერჟანტების პირველკლასელი შვილებისთვის უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები;

 - 16 წლიანი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის შვილების სწავლების დაფინანსება ბაკალავრიატში სახელმწიფო გრანტის ოდენობით;

 - პროფესიული განათლების ვაუჩერი სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებს.

 

კომენტარები