სუპერვულკანი

პომპეისთან ახლოს მეცნიერები სუპერვულკანის არსებობას ვარაუდობენ

ნეაპოლის ყურის გასწვრივ, პომპეისთან ახლოს, რომლის ათასობით მოსახლე ჩვენი წელთაღრიცვით 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა, მეცნიერები სუპერვულკანის არსებობას ვარაუდობენ. მათი აზრით, დამალული ვულკანის კატასტროფის მასშტაბი გაცილებით ვრცელი იქნება და შესაძლოა, მილიონობით ადამიანი შეიწიროს.

ნეაპოლის დასავლეთით მდებარეობს ფლეგრეის ველი, რომელიც მდუღარე ტალახითა და გოგირდოვანი ორთქლით არის ცნობილი. ის ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ველის სახელწოდებაც ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს, რომელიც დუღილს ნიშნავს.

ძველ დროში ამ ადგილს ჯოჯოხეთის შესასვლელად მიიჩნევდნენ. ზონა სეისმური აქტივობითაც გამოირჩევა. სწორედ ფლეგრეის ველის ქვეშ ვარაუდობენ მეცნიერები ვულკანის არსებობას. თუმცა მისი ფარგლები ველის საზღვრებს სცდება. ერთ-ერთი მეცნიერის, ჯუზეპე დი ნატალეს განმარტებით, თეორიულად შესაძლებელია შესაძლო ამოფრქვევას გლობალური მასშტაბის კატასტროფა მოჰყვეს. თუმცა დი ნატალემ იქვე დაამატა, რომ ასეთი კატასტროფის შანსი ძალზე მცირეა - დაახლოებით იმდენი, რამდენიც დედამიწასთან დიდი ზომის ასტეროიდის შეჯახების.

მეცნიერები გეგმავენ ფლეგრეის ველთან დედამიწის ზედაპირი 3.5 კილომეტზე გათხარონ და გამდნარი ქანები შეისწავლონ. თუმცა გაბურღვას სხვა მეცნიერები ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ამან შეიძლება ამოფრქვევა ან მიწისძვრა გამოიწვიოს.

კიდევ ერთი სუპერვულკანი ამერიკაში, იელოუსტოუნის ნაციონალურ პარკში მდებარეობს. თუმცა იტალიური სუპერვულკანის გარშემო 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

კომენტარები