მოდა

Jil Sander-მა მილანის მოდის კვირეული დატოვა

ჯილ სანდერი მილანის მოდის კვირეულში, რომელიც 19 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე გაიმართება, მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის ნაცვლად, ის 22 სექტემბერს გეგმავს ორი დამოუკიდებელი ჩვენების მოწყობას ახალი კოლექციის საჩვენებლად. 

ეს გადაწყვეტილება დიზაინერმა მოდის კვირეულების განრიგების შეუთავსებლობის გამო მიიღო. როგორც ცნობილია, წელს მილანის, პარიზისა და ლონდონის ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა, რამაც ბევრი დიზაინერის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო, ძირითადი ჩვენებები მილანში პირველი ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება, რის შემდეგაც უკვე პარიზის მოდის კვირეული დაიწყება, ამიტომ რედაქტორებმა, ჟურნალისტებმა და კრიტიკოსებმა მილანი შესაძლოა მოდის კვირეულის დასრულებამდე დატოვონ.

სანდერისთვის მოდის ინდუსტრიის გავლენიანი წარმომადგენლების შოუზე დასწრება მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან ის კოლექციის ჩვენებას პირველად გამართავს კომპანიაში დაბრუნების შემდეგ.

ჯილ სანდერმა კომპანიაში მუშაობა ექვსი თვის წინ განაახლა. დიზაინერმა ის პირველად 2001 წელს დატოვა, 2003 წელს კი მას კვლავ დაუბრუნდა. 2004-ის ნოემბერში სანდერის სახლი კვლავ დიზაინერის გარეშე დარჩა - სანდერი 2005-ში რაფ სიმონსმა შეცვალა. ეს უკანასკნელი ამ წლის გაზაფხულზე დიორის სახლის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, სანდერი კი საკუთარ ბრენდს დაუბრუნდა. 

კომენტარები