ანთროპოლოგია

კენიაში უძველესი ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

კენიელმა არქეოლოგებმა ახლახან ჩრდილოეთ კენიაში ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს. მათ დაადგინეს, რომ დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ აფრიკაში უძველესი ადამიანის არა ორი, არამედ სამი სახეობა ცხოვრობდა.

Homo rudolfensi-ის ნაშთები აფრიკაში ჯერ კიდევ 1972 წელს იპოვეს, თუმცა მხოლოდ ერთი ნიმუშით რთული იყო იმის დამტკიცება, ეს ცალკე სახეობაა თუ უკვე ცნობილის ანომალიური განვითარების შედეგი. ახალი აღმოჩენა Homo rudolfensi-ის არსებობას საბოლოოდ ადასტურებს. სახის ძვლების ფრაგმენტი დაახლოებით 1.78- 1.95 მილიონი წლის უნდა იყოს. Homo rudolfensi-ის განმასხვავებელი ნიშანი ტვინის დიდი ზომა და სახის გრძელი ფორმაა.

აქამდე ფიქრობდნენ, რომ აფრიკაში ერთსა და იმავე ეპოქაში ადამიანის მხოლოდ ორი სახეობა თანაარსებობდა - Homo erectus და Homo habilis. Homo rudolfensi მეცნიერებმა ტბა რუდოლფის პირას აღმოაჩინეს, უძველესმა ადამიანმაც ეს სახელი სწორედ ამ ფაქტის გამო მიიღო. ახალი აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ადამიანის ევოლუცია არ ყოფილა სწორხაზოვანი და პროგრესის რამდენიმე ხაზთან უნდა გვქონდეს საქმე.

ახალ სახეობაზე კვლევა ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული. 

კომენტარები