ამერიკა

რომნი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად რაიანს დაასახელებს

არაოფიციალური ინფორმაციით, 11 აგვისტოს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი მით რომნი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად კონგრესმენ პოლ რაიანს დაასახელებს. რომნი მეწყვილეს ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში, ექსპლუატაციიდან ამოღებულ სამხედრო გემ USS Winsconsin-ზე წარადგენს. აღსანიშნავია, რომ რაიანი ვისკონსინის შტატიდანაა.

დებატები რომნის ვიცე პრეზიდენტობის შესახებ უკვე თვეებია გრძელდება. რაიანის გარდა რომნის მეწყვილედ ოჰაიოს სენატორი რობ პორტმანი, მინესოტას შტატის ყოფილი გუბერნატორი ტიმ პოულენტი, ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო და ნიუ ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტიც მოიაზრებოდნენ. 

11 აგვისტოს რომნი იწყებს ტურს ავტობუსით და 4 შტატს, ვირჯინიას, ჩრდილოეთ კაროლინას, ფლორიდასა და ოჰაიოს მოივლის. ეს 4 შტატი 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რომნის შანსებისთვის საკვანძოდ მიიჩნევა.

ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებამ რომნის კამპანიას ახალი სისხლი უნდა გადაუსხას. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რომნი ბარაკ ობამას რეიტინგებში ჩამორჩა. 

42 წლის პოლ რაიანის მეწყვილედ წარდგენა კიდევ ერთხელ მიაპყრობს ამერიკის ბიუჯეტს საზოგადოების ყურადღებას. რაიანი წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა. მას ეკუთვნის საბიუჯეტო გეგმა, რომელიც ამერიკის სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. რაიანის არჩევით, რომნის იმედი ექნება რომ ობამასთან ეკონომიკურ დებატებში უპირატესობას მოიპოვებს. 

კომენტარები