ევთანაზია

გერმანიაში შეიძლება პასიური ევთანაზია დააკანონონ

გერმანიის ხელისუფლებამ შესაძლოა პასიური ევთანაზიის ლეგალიზება მოახდინოს, რომლის დროსაც სამედიცინო მუშაკის ან სხვა პირის მიერ ხდება შეზღუდული ან რთული მეთოდებით ორგანიზებული მკურნალობის შეწყვეტა მოწყალების საბაბით, რომელიც იწვევს ავადმყოფის გარდაუვალ სიკვდილს. ამასთან, აქტიური ევთანაზია კვლავ აკრძალული იქნება.

ახალმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუმცა, უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, გერმანიის მოქალაქეთა დიდი ნაწილი აკრძალვის მომხრე არაა. გამოკითხულთა 49% წინააღმდეგი არაა ევთანაზიის იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის შეწყვეტა პაციენტის სურვილის საფუძველზე ხდება.

რაც შეეხება თავად ექიმებს, ექიმთა პალატის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, გერმანელი სპეციალისტების თითქმის მეოთხედი ნაწილი ევთანაზიას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში თვლის დასაშვებად, მათ მესამედ ნაწილს კი უკვე ჰქონია პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც პაციენტი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.

საინტერესოა, რომ გერმანელი ექიმები, კანონის საწინააღმდეგოდ, აქამდეც მიმართავდნენ ევთანაზიას. გაზეთ Berliner Zeitung-ში გამოქვეყნდა უროლოგის, უვე-კრისტიან არნოლდის ისტორია, რომელმაც აღიარა, რომ უკანასკნელ წლებში ათობით უიმედო პაციენტს გაუწია მსგავსი დახმარება. ექიმთა პალატას მისთვის დიდი ჯარიმა უნდა დაეკისრებინა, თუმცა სასამართლომ არნოლდის მხარე დაიჭირა, რადგან არსებული კანონმდებლობით, გერმანიაში ექიმებს აქვთ უფლება, უიმედო პაციენტებს დაუნიშნონ მედიკამენტები, რომელთა მიღებაც მათ სიკვდილს დააჩქარებს.

 

კომენტარები