არჩევნები 2012

ივანიშვილი ჟურნალისტებს: საკუთარ მომავალს ნუ შეებრძოლებით

აგვისტოს, ფოთიდან კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს მიმართა. მიმართვისას ივანიშვილმა ჟურნალისტები მიკერძოებულობაში და ხელისუფლების მსახურში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თუ მედიის წარმომადგენლები პოზიციას არ შეიცვლიან, მათ საზოგადოებაში ცხოვრება გაუჭირდებათ. გთავაზობთ მის განცხადებას უცვლელად:

"მე მივმართავ ჟურნალისტებს დღეს, პირველად, ფოთიდან. არ გამიკეთებია მე მსგავსი მიმართვა ჟურნალისტებისადმი. მეორე განცხადება, როცა ჩემი პოლიტიკაში შემოსვლიდან შემოდგომაზე გავაკეთე, მაშინ მე მივმართე მათ და პირველშიც შევახსენებდი, თუ როგორი დახმარება შემეძლო გამეწია. და აი, დღეს პირველად მინდა მიმვართო ფოთიდან ჟურნალისტებს. ნუ შეგეშინდებათ ზედმეტად. თქვენ გამოიჩინეთ და გაუწიეთ მოქალაქეობრივი წინააღმდეგობა. საკუთარ მომავალს თქვენ თვითონ ნუ შეებრძოლებით, ნუ გაუფუჭებთ მომავალს თქვენს შვილებს. დრო დადგა, ძალიან ცოტა დრო დარჩა. ჩვენ ამათ [მთავრობას] აუცილებლად გავისტუმრებთ პირველ ოქტომბერს. აუცილებლად მოვა ახალი ხელისუფლება. ძალიან ცოტა დრო დაგრჩათ, რომ დაუმტკიცოთ საზოგადოებას, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ ამ სიცრუეს და ამ სიცრუის მექანიზმს, რომელსაც ერთი კაცი ნერგავს. ჩემი თხოვნა იქნება და საზოგადოების მოთხოვნა იქნება, და სანამ ეს მოთხოვნა მკვეთრად გაჟღერებულა მე თქვენ გთხოვდით, რომ როგორმე პოზიცია შეიცვალოთ, როგორმე გახდეთ უფრო ობიექტურები. როგორმე გაუწიეთ წინააღმდეგობა, ნუ ექვემდებარებით ძალადობას. დროა დარჩა ძალიან ცოტა და ნუ მოხდება ისე, რომ ჩვენ მოვალთ, გავიმარჯვებთ და თქვენ საზოგადოების წევრობა გაგიჭირდებათ, რამდენადაც საზოგადოება ძალიან გაღიზიანებულია ძალიან ბევრ ჟურნალისტზე. უნდა მოახერხოთ და დაბრუნდეთ საზოგადოებაში. კიდევ ვიმეორებ, მე ძალიან კარგად მესმის, ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის. ჩვენ დაგიდგებით და ორი კვირის შემდეგ უამრავი დამკვირვებელი შემოვა საქართველოში. გაიმართეთ წელში, არ იცრუოთ. ემსახურეთ სიმართლეს მხოლოდ, ეს არის თქვენი დანიშნულება. ძალიან დიდი როლია ჟურნალისტიკის, რომ იცოდეთ. თქვენ რეალურად წარმოადგენთ მეოთხე ხელისუფლებას, დაიბრუნეთ ეს და ნუ ემსახურებით პირველს და მეორეს, ნუ ემსახურებით ერთ კაცს. თქვენ თვითონ ხართ ხელისუფლება. დაიბრუნეთ საკუთარი ძალაუფლება და ემსახურეთ საკუთარ საზოგადოებას. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული თქვენს პოზიციაზე. აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ დაიბრუნოთ ღირსება."

პოლიტიკაში მოსვლის განცხადების შემდეგ, ივანიშვილი ჟურნალისტებს ხელფასების გაორმაგებასა და გასამმაგებას შეჰპირდა, თუ ისინი მის სამსახურში ჩადგებოდნენ. 

კომენტარები