აშშ საპრეზიდენტო არჩევნები 2012

ამერიკელი კათოლიკეების ლიდერი რესპუბლიკური პარტიის ყრილობას დალოცავს

რომის კათოლიკე ეკლესიის უმაღლესი იერარქი აშშ-ში, კარდინალი ტიმოთი დოლანი, მომავალ კვირას ფლორიდაში დაგეგმილ რესპუბლიკური პარტიის ნაციონალურ ყრილობას დალოცავს. მით რომნის ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, პარტიის ოფიციალურ კანდიდატად დაასახელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელ კათოლიკეთა პრიმუსის მიერ ცერემონიის დალოცვა, დიდი მხარდაჭერაა კონკრეტული პარტიის მიმართ (კათოლიკეები ქვეყნის მოსახლეობის 22%-ს შეადგენენ), ტიმოთი დოლანის პრესსამსახური აცხადებს, რომ ყრილობაზე პრიმუსის მიერ აღვლენილი ლოცვა, არ უნდა გავიგოთ, როგორც კათოლიკე ეკლესიის მხრიდან რომნის კანდიდატურის მხარდაჭერა.

თუმცა ამის დაჯერება ამერიკულ პრესას უჭირს. კარდინალი დოლანი, ამერიკის ორმოცამდე ეპარქიასა და რელიგიურ ორგანიზაციასთან ერთად, სასამართლო დავაშია ობამას ადმინისტრაციასთან. ობამამ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტით, ეკლესიები დაავალდებულა დააზღვიონ საკუთარი თანამშრომლები აბორტზე, რაც რელიგიურმა ინსტიტუტებმა აღმსარებლობის თავისუფლების შებღალვად მიიღეს. მით რომნიმაც, რომელიც აღმსარებლობით მორმინია, სწორედ ასე შეაფასა ადმინისტრაციის მიერ მიღებული აქტი და რელიგიურ ორგანიზაციებს მხარდაჭერა გამოუცხადა. კარდინალი ტიმოთი დოლანი, ნიუ-იორკის რომის კათოლიკე ეკლესიის ეპარქიას ხელმძღვანელობს და იმავდროულად ამერიკის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტია. პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ ის წელს აღიყვანა კარდინალის ხარისხში და წითელი ბურეტა გადასცა.  

კომენტარები