Pussy Riot

რუსეთში Pussy Riot–ის წევრების მხარდასაჭერად ფლეშ–მობი გაიმართება

რუსეთში, ქალაქ კრასნოიარსკში დღეს პატიმრობაში მყოფი პანკ ჯგუფ Pussy Riot–ის წევრების მხარდასაჭერად ფლეშ–მობი ჩატარდება.

Svobodanews–ის ცნობით, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, ეკატერინა სამუცევიჩის და მარია ალიოხინას მომხრეები, დაახლოებით ასი აქტივისტი ქალაქის ცენტრში სახეზე აფარებული ფერადი ნიღბებით აპირებს მსვლელობის გამართვას.

პარასკევს კრასნოიარსკში Pussy Riot–ის მხარდასაჭერად აქცია ადგილობრივმა მხატვრებმა გამართეს. აქტივისტებმა საცხოვრებელი სახლების კედლებზე აბრები გააკრეს, რომლებზეც ჯგუფის წევრების სახელები იყო დაწერილი. გამოცემის ცნობით, ეკლესიის მხრიდან აღნიშნულ აქციას რეაქცია არ მოჰყოლია.

17 აგვისტოს Pussy Riot-ის სამი წევრი სასამართლომ ხულიგანობაში დამნაშავედ ცნო. ჯგუფის წევრებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

Pussy Riot-ის წარმომადგენლები საგამოძიებო იზოლატორში მარტიდან იმყოფებიან, 21 თებერვალს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში შესრულებულიპანკ-ლოცვისათვის - „ღვთისმშობელო გააგდე პუტინი.“

 

კომენტარები