აშშ

მით რომნი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

ფლორიდაში, ქალაქ ტამპში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მით რომნი ოფიციალურად წარადგინეს აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატად.

როგორც BBC–ი აღნიშნავს, უკანასკნელი სოციალური გამოკითხვების თანახმად, ამ ეტაპზე არც რესპუბლიკელების კანდიდატი და არც მისი მეტოქე, აშშ–ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა შესამჩნევი უპირატესობით არ სარგებლობენ.

აღნიშნულ ყრილობაზე, რომელიც შტორმ ისააკის გამო ერთი დღით გადაიდო, რომნიმ დელეგატების 2061 ხმა მიიღო. ოფიციალურ კანდიდატად გასახდომად მას 1144 ხმა სჭირდებოდა. ამავე ყრილობაზე კონგრესმენი პოლ რაიანი რესპუბლიკური პარტიის ვიცე–პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა.

ტამპში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე მით რომნი მხარდასაჭერად მისი მეუღლე ენ რომნის გამოვიდა. თავად რესპუბლიკელების კანდიდატი კი დელეგატებს სიტყვით ხუთშბათს მიმართავს.

ყრილობაზე რესპუბლიკელებმა აგრეთვე, მიიღეს ახალი პროგრამა, რომელშიც საუბარია გადასახადების შემცირების აუცილებლობასა და ეკონომიკის სტიმულირებაზე, ობამას მიერ წამოწყებული ჯანდაცვის რეფორმის უარყოფაზე და ასევე აბორტების აკრძალვაზე.

 

კომენტარები