ინციდენტი საზღვარზე

რუსული სპეცოპერაცია დაღესტანში საქართველოს საზღვართან

დაღესტანში დიდი ოდენობით სამხედრო ძალების გადასროლა რუსეთმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულენოვან ჩრდილოკავკასიურ წყაროებში ჯერ კიდევ მარტში გაჩნდა. წყაროების ინფორმაციით, დაღესტანში ორი სრული დივიზიის ექვივალენტი ძალები გადაისროლეს - 30ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკა.

ახალი ქვედანაყოფები შეიყვანეს საქართველოს მოსაზღვრე ცუნტის და დიდოს რაიონებში, სადაც რუსი ძალოვნები მეამბოხეების წინააღმდეგ სპეცოპერაციას აწარმოებენ . ზაფხულის განმავლობაში ცუნტის რაიონში, რომელიც საქართველოს უშუალოდ ესაზღვრება, რამდენიმე შეტაკება მოხდა, რომლებიც ორმხრივი მსხვერპლით დასრულდა. ბოლო ასეთი ინციდენტი 23 აგვისტოს მოხდა, როდესაც მეამბოხეები რუსი ძალოვნების საგუშაგოს თავს დაესხნენ და ერთი ძალოვანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს.

ბოლო დღეებში რუსულენოვან წყაროებში გაჩნდა ახალი ცნობები საქართველოს საზღვრის მახლობლად რუსული ძალების კონცენტრაციის, ასევე საველე სამხედრო ჰოსპიტლის განლაგების შესახებ.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები ამჟამად სოფელ ლაფანყურის მიდამოებში უცნობი შეიარაღებულ ჯგუფის დევნის ოპერაციას აწარმოებენ. რომლის გადმოვლა საქართველოს ტერიტორიაზე, არ არის გამორიცხული, სწორედ დაღესტანის მეზობელ რაიონში მეამბოხეთა წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციას უკავშირდება.

 

კომენტარები