ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალურმა მოძრაობამ ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო ყრილობა ერთი კვირით გადადო

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო ყრილობის ერთი კვირით გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარტიის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების ოჯახის წევრებს. ისინი ჩვენი თანამოქალაქეების, სამშობლოს დაცვას შეეწირნენ. ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ მათ ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ.” - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

საქართველოს 11 ქალაქში დაგეგმილ საარჩევნო ღონისძიებას ნაციონალური მოძრაობა პირველი სექტემბრის ნაცვლად 8 სექტემბერს გამართავს.

 

კომენტარები