თვალსაზრისი

სულელების საუკუნე

გამჭვირვალე, დალუქულ პატარა ნაგებობაში ჟანგბადის განსაზღვრული რაოდენობაა. შიგნით ადამიანია. ცდილობს, ჰაერი გამოიზოგოს, მაგრამ ეს წამოწყება თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. საბოლოოდ, ჰაერის მარაგი თავდება და გარეთ მყოფები იშვიათი ტრაგიკული სურათის მოწმეები ხდებიან – შიგ მყოფს აგონია ეწყება, ეს პატარა ოთახი კი თანდათან მის სამარედ იქცევა.

სურათი ემოციურია, მაგრამ მნახველში დიდ მღელვარებას არ იწვევს. მორიგი უცნაური არტინსტალაცია, თანამედროვე შემოქმედის ახირებული დადგმა სინამდვილეს არ შეესაბამება, ღელვის მიზეზიც, შესაბამისად, არ არსებობს. შესაძლოა იმიტომ, რომ რთულია საკუთარი თავის იდენტიფიცირება ჟანგბადის ნაკლებობის გამო აგონიაში მყოფთან – რეალური ის უფროა, რომ ამ გამოფენას დატოვებ, გარეთ გახვალ და ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავ, ეს აპოკალიფსური ბოდვა კი აღარც გაგახსენდება.

აპოკალიფსის თემა კაცობრიობას ყოველთვის აღელვებდა. კატასტროფების თეორია ხომ ათასწლეულების წინ, ჯერ კიდევ შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში გაჩნდა და მას შემდეგ არაერთ მითს თუ ფილოსოფიურ ნააზრევს დაუდო საფუძველი. ბოლო წლებში კი აპოკალიფსის და გლობალური კატასტროფის თემა არა მხოლოდ ფილოსოფოსებისთვის, ხელოვანებისთვისაც ერთ-ერთ სერიოზულ ინსპირაციად იქცა. ამაზე გავლენა ე.წ. 2012 წლის ფენომენმაც მოახდინა, თუმცა აქტუალური მხოლოდ ეს თემა არ გამხდარა.

სამიოდე წლის წინ, დევიდ დე ვრისმა სატელევიზიო დოკუმენტურ სერიალში „სიცოცხლე ადამიანების შემდეგ” დეტალურად აჩვენა, რა მოხდება ერთ საათში, ორ დღეში, კვირაში, ხუთ წელიწადში... მას შემდეგ, რაც ადამიანთა მოდგმა გაქრება. იმავე, 2009 წელს გამოვიდა ლიუკ ბესონის „სახლი”, რომელიც გვიყვება მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფასა და იმაზე, თუ რა დიდი როლი მიუძღვის ადამიანს გლობალურ დათბობაში, ნახშირის კრიზისსა და ენერგორესურსების გაფლანგვაში. არანაკლებ საინტერესო იყო ფრანი არმსტრონგის „სულელების საუკუნე”, რომლის სიუჟეტიც 2055 წელს ვითარდება – ამაზონიის ტყეები გადამწვარია, ლონდონი წყალშია, ალპებზე თოვლი დადნა, უცნობი არქივარიუსი კი ცდილობს ახსნას, რას შეეძლო გამოეწვია გლობალური კატასტროფა, სად დაუშვეს ადამიანებმა შეცდომები.

ლარს ფონ ტრიერმა ფილმით „მელანქოლია” აპოკალიფსის თემა სხვა, არანაკლებ საინტერესო კუთხით დაგვანახა. ეს ის ნამუშევარია, რომელიც განსხვავებულ პრობლემებზე გვაფიქრებს. ამასთან, სრულიად ვერ ცვლის იმის შესაძლებლობას, რომ ორბიტიდან გზას აცდენილი პლანეტის რამდენიმე დეკადის შემდეგ დედამიწაზე სიცოცხლის გასანადგურებლად ჩამოვარდნა, შესაძლოა, აღარც გახდეს საჭირო. მეცნიერების ნაწილის აზრით, ეს თავისთავად მოხდება ასე, ეკოლოგიური

Stella McCartney-ის თეთრეულის კოლექცია
კატასტროფის და ენერგეტიკული კრიზისის გამწვავების შედეგად.

საინტერესოა, რომ სიტყვა ეკოლოგია ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ბიოლოგიის ნაწილი იყო და მას მხოლოდ ვიწრო მნიშვნელობით ხმარობდნენ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი იქცა ახალი საუკუნის რელიგიად, რომლის მიმდევრების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ის მხოლოდ ერთ მთავარ მცნებას ქადაგებს – „მოექეცი სამყაროს ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ”. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ყველა რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი „ფუნქცია” სწორედ სიკვდილის უარყოფაა, დღეს კი ეკოლოგიური მდგომარეობა შეიძლება იმ ფაქტორად იქცეს, რომელზეც კაცობრიობის არსებობაა დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, არსებობს სკეპტიკური მოსაზრებაც: კატასტროფები ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც აპრიორი მოხდება, იმისგან დამოუკიდებლად, თუ განვითარების რამდენად ეკოლოგიურად სწორ გზას ავირჩევთ. უფრო მეტიც, ექსპერტების ნაწილის შეხედულებით, გლობალური დათბობა არააქტუალურია და ტემპერატურის შესამჩნევი მატება ბოლო საუკუნის განმავლობაში არც დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ამ თემის პოპულარიზაციას ფინანსური მოგების მიზნით დაგეგმილ სტრატეგიას მიაწერენ, რომელიც„მწვანე” ინვესტიციებს ძალიან მოგებიანს ხდის.

ამ თემაზე დავა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა გლობალური დათბობის საკამათო ასპექტები მაინც ვერ ცვლის ალბათობას, რომ რესურსების არაგონივრული ხარჯვა მომდევნო თაობებს ენერგეტიკულ კრიზისს უმზადებს, გენმოდიფიცირებული პროდუქტი კი შესაძლოა არც ისე სასარგებლო აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის და ა.შ. ამიტომ მდგრადი განვითარება არა მხოლოდ მთავრობებისთვის, უბრალო ადამიანებისთვისაც იდე ფიქსი გახდა. ხელოვნებაში – ფერწერაში, ფოტოგრაფიაში ცალკე, „მწვანე” მიმდინარეობა გაჩნდა, ეკოლოგიური არქიტექტურა კი ერთ-ერთ მოდურ ტრენდად გადაიქცა. ეს გაცილებით კომპლექსური მიმდინარეობაა, რომელიც უკვე აღარ გულისხმობს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალით სახლის აშენებას. აღმოჩნდა, რომ დედამიწაზე მოხმარებული ენერგიის 30 პროცენტი შენობების განათებაზე, გათბობასა და გაგრილებაზე მოდის, ამიტომ არქიტექტორებმა მთავარ მიზნად ბუნებრივი სავენტილაციო სისტემების, მზის გამათბობლების და ა.შ. სრულყოფა დაისახეს. შესაბამისად, თანამედროვე „მწვანე” არქიტექტურა, პირველ რიგში, ენერგიის დაზოგვაზეა ორიენტირებული და წარმატებითაც ვითარდება.

ინგლისელი დიზაინერის, ქეთრინ ჰემნეთის მაისურებზე ვუყურებთ წარწერას „გადაარჩინე მომავალი” და ვხვდებით, რომ ეკოლოგიურმა კრიზისმა ისეთი დეკორატიული ხელოვნებაც კი, როგორიც სამოსის შექმნაა, პოლიტიზებული გახადა. „არაორგანული ბამბა მსოფლიოს აგრარული წარმოების 10%-ს შეადგენს და პროდუქტის მოსაყვანად გამოყენებული პესტიციდების 25%-ს შეიცავს. ყოველ წელს 20 000 ადამიანი იღუპება პესტიციდებით მოწამვლისგან. 200 000 ფერმერი ყოველ წელს თვითმკვლელობას სჩადის იმის გამო, რომ პესტიციდების შესაძენად ვალები აქვს აღებული და ვერ იხდის. პესტიციდებზე უარის თქმით, ფერმერები 50%-ით გაზრდიან თავიანთ შემოსავალს და სიღარიბესაც თავს დააღწევენ” – Save The Future-ის სლოგანის უკან ასეთი სამწუხარო ინფორმაცია იმალება. არც ისე დამაჯერებლად ჟღერს?

სინამდვილეში, არაორგანული ბამბის წარმოების პრობლემა მართლაც შედარებით უმნიშვნელოა იმის გათვალისწინებით, თუ რა არაგონივრულად იხარჯება რესურსები მოდის ინდუსტრიაში. ყოველ წელს, ნაგავსაყრელზე, დაუჯერებლად დიდი რაოდენობით, მოდიდან გადასული და უხარისხო სამოსი ხვდება. ამიტომ, როგორი „ეთიკური” სამოსის კოლექციებიც უნდა გამოუშვას H&M-მა და fast fashion-ის სხვა რომელიმე გიგანტმა, საეჭვოა, რომ ქსოვილისა და ტრანსპორტირების უზარმაზარ დანახარჯებს გამართლება მოუძებნოს. თუმცა ეს ინდუსტრია „მოთხოვნა-მიწოდების” პრინციპის ლოგიკური შედეგია, სამომხმარებლო ფსიქოლოგია კი დღეს საზოგადოებაში ძალიან ძლიერია. ისეთი ბრენდები, როგორიცაა Stella McCartney, Edun, Kuyichi შესანიშნავ მაგალითს იძლევიან, როგორ შეიძლება მოდა ეთიკური გახადონ ბუნებრივი და გადამუშავებული მასალის გამოყენებით, მაგრამ ეკომიმდინარეობა ამ სფეროში მეინსტრიმად მაინც ვერ იქცა.

ბოლო წლებში გაძლიერდა ბიოპროდუქტების მიმართ გაჩენილი ინტერესიც. თუმცა, სანამ კაცობრიობის ერთი, ეგოისტური ნაწილისთვის ეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფროა, დასავლეთში ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი იმაზეც, რომ სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებით მიწა სულ უფრო უნაყოფო ხდება, რაც მომავალში შესაძლოა გლობალური მასშტაბით შიმშილის მიზეზიც კი გახდეს. აქედან გამომდინარე, თანამედროვე საზოგადოებაში უკვე ბევრი „ექსტრემისტის” ნახვა შეიძლება, რომლებიც არა მხოლოდ გარემოზე ზრუნავენ, ცალკეულ დაჯგუფებებსა და დასახლებებსაც კი ქმნიან. ამიტომ, ეკოლოგიური ცხოვრების წესი თანდათან სუბკულტურადაც კი ჩამოყალიბდა.

ამ „ექსტრემისტებს” ძირითადად მათ მიერვე დაარსებულ ე.წ. ეკოსოფლებში ნახავთ. მიწათმოქმედებას აქ შხამქიმიკატების გარეშე ეწევიან, ენერგიას კი მინიმალური დოზით მოიხმარენ, თუმცა „დალუქულ, უჟანგბადო სივრცეში ჩაკეტვის” საფრთხე მათაც ისევე ემუქრებათ, როგორც ნებისმიერ სხვას. ამ უკიდურეს ძალას მხარს უმაგრებს ერთი შეხედვით

ინგლისელი დიზაინერის ქეთრინ ჰემნეთის მაისური
ნაკლებად რადიკალურად განწყობილი ადამიანი, რომელმაც დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ფრონტის წინა ნაწილში, ანუ დიდ ქალაქში გადაწყვიტა.

ის ცხოვრობს შენობაში, რომელიც შტეფან ბენიშმა დააპროექტა და მოიხმარს იმ ენერგიის 25-30%-ს, რომელიც ჩვეულებრივ, ანუ არაეკოლოგიურ შენობას დასჭირდებოდა ფუნქციონირებისთვის. საღამოობით არც ისე ბევრს კითხულობს, რადგან მის ოთახში ლუმინესცენტური ნათურის მაგივრად, მხოლოდ შუქ-დიოდის ნათურებია. ეს უკანასკნელი ისე კარგად ვერ ანათებს, სამაგიეროდ ოცი წელი ძლებს და ტოქსიკური ნარჩენების რაოდენობას ამცირებს. მუსიკას მხოლოდ ტორენტ-საიტებიდან იწერს. ვინილის დისკი ფუფუნებაა – მისი გადამუშავება შხამიანი აირის დიდი რაოდენობით გათავისუფლებას უწყობს ხელს, კომპაქტდისკის დამზადებასაც მასალა და ენერგია სჭირდება. Stella McCartney, Howies, People Tree – მოდაში მისთვის მთავარი ტრენდი ნატურალური ან გადამუშავებული ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელია. სძულს fast fashion ბრენდები და ვინტაჟის მაღაზიებსაც ხშირად სტუმრობს, რადგან სამომხმარებლო იდეოლოგია საშიშად მიაჩნია. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მას გონივრული ასკეტიზმი ერთადერთ მისაღებ გამოსავლად ესახება.

საქართველოში კი H&M ძალიან უყვართ. ბიოპროდუქტებსაც იშვიათად წააწყდები მაღაზიის დახლებზე. ეკოსოფლის დაარსების იდეა ქართულ საზოგადოებაში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, თუმცა მისი განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა. მასიურად დაბინძურებულ ქვეყანას მიწის ერთი პატარა ნაგლეჯი ეკოლოგიური კატასტროფისგან ისედაც ვერ იხსნის. ორი წლის წინ, ღვინის მსოფლიო კონგრესის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტებზე საუბრისას, სწორად შენიშნა, რომ ისეთი პატარა ქვეყნის მიწა, როგორიც საქართველოა, გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ვერ „გადახარშავს”, ამიტომ საჭიროა თითოეული კვადრატული მეტრის გაფრთხილება, სწორად გამოყენება.

თუმცა არც ეს უნდა იყოს ერთადერთი პრობლემა. ვუყურებთ საშინლად დაბინძურებულ ზღვის სანაპიროს, მდინარეებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით პოლიეთილენი მოაქვთ, ადამიანებს, რომლებიც ურნისგან ორი მეტრის მოშორებით დგანან და ნაგავს მაინც პირდაპირ ქუჩაში ყრიან და მხოლოდ იმის იმედი გვრჩება, რომ ეკოლოგიურ სიტუაციას დასავლური მოდის წამბაძველობა გამოასწორებს. სოციალურ ფსიქოლოგებს ამაზე საკუთარი აზრი აქვთ და პრობლემის სათავეს ჩვენს სოციალისტურ წარსულში ეძებენ. მათი აზრით, თუ დიდი ხნის განმავლობაში არწმუნებ ხალხს, რომ ის, რაც გარშემო ხდება, გამომდინარეობს ზემდგომი ორგანოებისგან, მათ ქმედებებს კი მნიშვნელობა არ აქვს, გარკვეული ხნის შემდეგ ისინი მმართველ ძალას მიანდობენ ისეთი პრობლემების გადაჭრასაც, რისი მოგვარებაც თავად შეუძლიათ. საბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ხანმოკლე პერიოდების გახსენება შეიძლება, როცა ხალხსაც შეეძლო გარემოში რაღაცის შეცვლა – „პერესტროიკა”, 80-იანი წლების დასასრული...

როგორც მერაბ მამარდაშვილი ულდის ტირონსისთვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესოდ შენიშნავს: „ჩვენი ქართული სიმამაცე გამოიხატებოდა იმაში, რომ ყველა საკუთარ თავს შველოდა. ამიტომ, საერთო ჯამში, ჩვენ გადავრჩით, მაგრამ თითოეული ჩვენგანი გადარჩა, როგორც ინდივიდი, საზოგადოებრივი გარემო კი იშლებოდა. შეხედეთ სახლების სადარბაზოებს – როგორ გამოიყურება ისინი. საქმე ისაა, რომ ეს მთლიანად ეწინააღმდეგება იმას, როგორ გამოიყურება სახლები შიგნიდან. შიგნით შეიძლება დიდებული ბინები იყოს. ჭუჭყიანი სადარბაზო – ეს გარეგანი გამოხატულებაა საკუთარი თავის აღქმის სტრუქტურის, აგრეთვე დასაშვები და ასატანი გარემოცვისა”.

ამ ინტერვიუს შემდეგ ოც წელზე მეტი გავიდა, ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში კი ცოტა რამ თუ შეიცვალა. აქამდე თუ როგორღაც მოვაღწიეთ, ამის შემდეგაც თავს როგორმე გავიტანთ – ვფიქრობთ ჩვენ, ვყიდულობთ ბევრ H&M-ს, „მწვანე” ხელოვნების მაგივრად ტრანსპორტში სკამების მოხატვის ტექნიკას ვხვეწთ, პოლიეთილენით ბუნებას ვალამაზებთ და ყოველდღე კუვიეს ნააზრევს ვიმეორებთ – დედამიწის გეოლოგიური განვითარების ყველა ერა მთავრდება კატასტროფით, რის შემდეგაც უფრო სრულყოფილი სამყარო იქმნება. ვინ იფიქრებდა, რომ გარემოს დაბინძურებაზე ზრუნვა სრულყოფილებისკენ გადადგმული კეთილშობილური ნაბიჯი იქნებოდა...

 

კომენტარები