არჩევნები 2012

საგარეო პოლიტიკა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში

”საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის წარმართვისას უგულებელყო ეფექტიანი საერთაშორისო დიპლომატიური მექანიზმები და გაეროს უშიშროების საბჭოს გაფრთხილებები. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საფრთხეები და თავისი საგარეო პოლიტიკა რუსეთთან პერმანენტული დაპირისპირების რიტორიკაზე ააგო. როგორც მოსალოდნელი იყო, ამან ვერ განაპირობა დასავლეთის მხრიდან იმ დონის ეფექტიანი დახმარება, რომელიც საქართველოს რუსეთის აგრესიისაგან დაიცავდა. ასეთი პოლიტიკის არარეალისტურობა დაადასტურა 2008 წლის აგვისტოს ომმა, რომლის შედეგადაც რუსეთმა მოახდინა რეგიონების ოკუპაცია და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა,” ასე აფასებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მდგომარეობას თავის საარჩევნო პროგრამაში,  რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ქართული ოცნება და ამომრჩეველს საგარეო პოლიტიკის თავისეულ ხედვას სთავაზობს.

პროგრამაში ხაზია გასმული რომ საქართველო აღარ უნდა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. ამავდროულად, საქართველომ საერთაშორისო მექანიზმების საშუალებით უნდა დაიწყოს რუსეთთან დიალოგი, რომლის მიზანიც იქნება ”კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება.”  კოალიცია  ასევე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და ევროტლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მთავარ საფუძველად საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას ასახელებს. 

პროგრამის მიხედვით, საქართველომ უნდა გაიზიაროს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას და გააგრძელოს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება.

კოალიცია, გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-თან როგორც მთავარ პარტნიორთან უკვე არსებული ქარტიის პირობებში აპირებს ურთიერთობების გაგრძელებას. 

ქართული ოცნების პროგრამაში საუბარია ჩრდილოთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობაზეც, რომელიც, პროგრამის მიხედვით მჭიდრო კულტურულ თანამშრომლობას უნდა ეფუძნებოდეს და ”არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღმავებლად.” პროგრამის მიხედვით საქართველომ რეგიონში ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა შეიძინოს და თურქეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები გააღმავოს.

პროგრამაში ასევე საუბარია, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღმავებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს გააქტიურებაზე. 

კომენტარები