არჩევნები 2012

ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში

ქართული ოცნების საპროგრამო დოკუმენტი, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ცალკე აყალიბებს კოალიციის ხედვას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კუთხით. 
ქართული ოცნება აკრიტიკებს ხელისუფლებას ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში გატარებული „გაუაზრებელი რეფორმბის“ გამო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით. „ეს პაკეტი უზრუნველყოფს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, ფინანსური რისკებისაგან დაცვას, დაავადებათა პრევენციასა და საბაზისო პაკეტით გათვალისწინებულ მკურნალობას“– ნათქვამია დოკუმენტში. 
ჯანდაცვის სისტემის მართვის კუთით კოალიცია ახალი არასახელმწიფო ინსტიტუტის შექმნას აპირებს, რომელიც მოახდენს თანხების ადმინისტრირებას, მიმწოდებლების (სამედიცინო პერსონალი, საავადმყოფოები) შერჩევასა და დაფინანსებას“. ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია აღნიშნული ინსტიტუტის მუშაობის მონიტორინგთან ერთად, საკანონმდებლო ინიციატივების წარმოდგენა, ბაზისური კალათის განსაზღვრა-განფასება, მარეგულირებელი აქტივობების განხორციელება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების მართვა–დაფინანსება იქნება. ადგილობრივ დონეზე კოალიცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტების შექნმას აპირებს. ამ დეპარტამენტების მიზანი კი ლოკალური პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა იქნება.  კერძო სადაზღვევო კომპანიები მხოლოდ დამატებითი, ბაზისური კალათით გათვალისწინებულზე მეტი, მომსახურების გაწევაში იქნებიან ჩაბმული.
რას შეეხება საპენსიო პოლიტიკას – ქართული ოცნების საპროგრამო დოკუმენტი ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების კრიტიკით იწყება. „დღეს სახელმწიფო პენსიის ოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ნება-სურვილზე, ყოველი უმნიშვნელო მატება ემთხვევა პოლიტიკურ კალენდარს და იღებს ხელისუფლების „წყალობის“ ფორმას“ – ნათქვამია დოკუმენტში.
ქართული ოცნება ამომრჩეველს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს. ამასთან, კოალიცია  იღებს ვალდებულებას, რომ ყველა კატეგორიის პენსიონერი მიიღებს პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა. 
კოალიციის საპენციო პოლიტიკა სავალდებულო საპენსიო დაზღვევას დაეფუძნება. პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქნება სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე. მნიშვნელოვანი იქნება  კერძო საპენსიო ინსტიტუტების როლი. მათ მარეგულირებელი ფუნქცია ექნებათ. არასრული სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის მქონე მოქალაქეებს კი სოციალური პენსია დაენიშნებათ. 

კომენტარები