თამარ ჩუგოშვილი

რთულია იმის მტკიცება, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა არის კორუფციული დანაშაული

0 კომენტარი

არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე საუბრისას ყველაზე ხშირად ამომრჩევლის მოსყიდვა ისმის. უკანასკნელ პერიოდში ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე დაჯარიმდა ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. ბოლო შემთხვევა მაესტროს სატელიტური თეფშების დაყადაღება იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თეფშების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს და ამომრჩევლის მოსყიდვასთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობის სხვა დარღვევებზე საუბრობს. ტაბულა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, ამომრჩევლის მოსყიდვის და მაესტროს სატელიტური თეფშების შესახებ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ოთარ კახიძესა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესებს. როგორ შეაფასებდით საარჩევნო გარემოს ამ მომენტისთვის და რა გამოწვევები არსებობს?

ჩვენი წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების პროგრამა იანვრიდან მიმდინარეობს, ერთი ანგარიში მომზადდა და მეორე მომზადების პროცესშია. ამ დრომდე შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო პროცესები მიმდინარეობს ძალიან მძიმე რეჟიმში, არის საკმაოდ დაძაბული გარემო და ეს დაძაბულობა არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება. სამწუხაროდ, მრავლად იკვეთება სხვადასხვა ტიპის დარღვევები, როგორიც არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევა და ა.შ. მაგრამ ყველაზე პრობლემური არის გარკვეული შერჩევითი მიდგომები სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პარტია არღვევს კანონს, სახელმწიფოს მხრიდან, როგორც წესი, რეაგირება მაშინ ხდება, როცა დარღვევა ოპოზიციურ პარტიას უკავშირდება, მმართველი გუნდის ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დარღვევებზე კი ისეთივე ეფექტური რეაქცია არ არის.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სასამართლომ მიიღო კალაძის და ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად სცდება ზღვარს. თუ მანამდე დავაზე და მტკიცების გარკვეულ ტვირთზე იყო საუბარი, ეს არის შემთხვევები, რომლებიც სრულად სცდება კანონმდებლობის ჩარჩოებს.

კალაძის და ივანიშვილის საქმეზე თქვენს განცხადებაში ახსენეთ, რომ ამან საარჩევნო გარემოზე იქონია გავლენა, მაშინ როცა ორივე ამბობს, რომ ეს თანხა არჩევნებთან კავშირში კი არა, პირადი მოხმარებისთვის იყო. როგორ მოახდენდა პირადი მოხმარების თანხა საარჩევნო გარემოზე გავლენას?

არავინ ამტკიცებს, ეს თანხა სწორად დაიხარჯა თუ არასწორად, პრობლემა არის სხვა რაღაცაში. თუ მოხდა სამართალდარღვევა და პირმა უკანონო ქმედებაში გამოიყენა თანხა, მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს. ახლა ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევა, როცა მტკიცების ტვირთი გადავიდა ფიზიკურ პირზე. გლობალ კონსალტინგის ანტენების შემთხვევაში, იქაც გვქონდა გარკვეული სამართლებრივი შენიშვნები, მაგრამ იქ იყო, მაგალითად ჩვენებები, გარკვეული მასალები, რომლებიც ასეთი ეჭვის არსებობას საფუძვლიანს ხდიდა. ეს არის საქმე, რომელშიც ერთი მტკიცებულებაც არ არის, ერთი ჩვენებაც არ არის, რომელიც დაასაბუთებდა ამ ეჭვების საფუძვლიანობას. ამიტომ სრულიად უკანონოდ მიგვაჩნია ეს გადაწყვეტილება და ჯარიმები, რომლებიც დაკისრებული იყო. დარღვევები რომ მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან იყოს და სხვა პარტიები არ არღვევდნენ, მაშინ სხვა ვითარება იქნებოდა.

ჩვენ ვხედავთ დარღვევებს ყველა მხრიდან. გვახსოვს მოსყიდვის შემთხვევები, როდესაც ქართულ ოცნებაზე იყო საუბარი და ამის გამო რამდენიმე პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ მოსყიდვის ფაქტებს, ძალიან აქტიურად, გამგებლების მხრიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან, როგორიც არის ფქვილის დარიგება, თან ეს ხდება ტომრებით, რაც, ჩემი აზრით, წმინდა წყლის ამომრჩევლის მოსყიდვაა და ამით არავინ ინტერესდება. იმაზე კი არ არის საუბარი, დამტკიცდა თუ არა, უბრალოდ არავინ სწავლობს. ვიღაცამ ხომ უნდა შეისწავლოს, რომ დაასკვნას. ამიტომ ამ ყველაფრით იქმნება უთანასწორო საარჩევნო გარემო.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგაც ხომ არის აღძრული რამდენიმე საქმე?

ერთი შემთხვევა იყო რუსთავში, ღვინის და ცხვრების დარიგება და ეს პირი 5000 ლარით დაჯარიმდა. მეორე შემთხვევაც იყო და ჯარიმაც ანალოგიური გახლდათ. შეადარეთ, საუბარია 150 მილიონზე და 5000 ლარზე, ეს აბსოლუტურად არაპროპორციულია. რაოდენობრივადაც თუ შევხედავთ, ძალიან ბევრი მიმართვა გვაქვს გაგზავნილი აუდიტის სახელმწიფო სამსახურში, უწყებათაშორის კომისიაშიც და რეაგირება, როგორც წესი, არ არის. ეს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ყურადსაღები შემთხვევებია.

მაგალითად, ავიღოთ შემთხვევა, რომელიც გაჟღერდა გადაცემის „აკრედიტაციის გარეშე” ეთერში მაესტროზე, როდესაც ქალბატონი ამბობდა, რომ წლების განმავლობაში იყო მმართველი პარტიის კოორდინატორი და საუბრობდა ძალიან სერიოზულ სქემაზე, როგორ ხდებოდა სახელმწიფო რესურსის და საბიუჯეტო თანხების გამოყენება პარტიის კოორდინატორების დაფინანსებისთვის. ეს შეიძლება სიმართალეა, შეიძლება – არც არის, მაგრამ ამისთვის შესაბამისი რელევანტური უწყება უნდა დაინტერესდეს, შეისწავლოს ფაქტი და დაადგინოს, ასეთი რამ მოხდა თუ არა. უწყებათაშორისმა კომისიამ მაშინვე თქვა, რომ ვერ შეისწავლის ამ შემთხვევას, არ არის დაინტერესებული. ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა ფაქტის შესწავლა, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მივიღეთ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან. არადა, ეს საჯარო ინფორმაცია იყო და დაუყოვნებლივ, ან მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში უნდა გვცოდნოდა რაც გვაინტერესებდა. საბოლოოდ, ძალიან გვიან მივიღეთ.

ამომრჩევლის მოსყიდვა ახსენეთ. უკანასკნელი შემთხვევა რომ გავიხსენოთ, მაესტროს სატელიტური ანტენები და მათი დაყადაღება. იუსტიციის სამინისტროს თქმით, ანტენები დააყადაღეს, რადგან ეს იყო ამომრჩევლის მოსყიდვა და ამომრჩევლის მოსყიდვა კი კორუფციული დანაშაულია. თქვენი თქმით, ანტენების დაყადაღება უკანონო იყო. რაში არ ეთანხმებით სამინისტროს ანალიზს?

მიჭირს, დავეთანხმო იუსტიციის სამინისტროს იმიტომ, რომ მათი არგუმენტები ძალიან სუსტია. არსებობს სისხლის სამართლის სამი საფუძველი, როდესაც შეიძლება ყადაღის გამოყენება. პირველი – ბრალდებული უნდა იყოს და ბრალდებული არ არის, მეორე – განსაკუთრებით მძიმე დანაშაული უნდა იყოს და ესეც არ არის და მესამე – თავისი არსით კორუფციული დანაშაული. აქ გარკვეულწილად კანონის ხარვეზთან გვაქვს საქმე. საპროცესო კანონი ახსენებს კორუფციულ დანაშაულს, მაგრამ მატერიალური კოდექსი, სადაც ჩამოთვლილია, რა არის დანაშაული, საერთოდ არ გვაძლევს ცნებას, თუ რა არის კორუფციული დანაშაული.

ამომრჩევლის მოსყიდვა შესულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავში, სადაც არის ქრთამის აღება-მიცემა. სამოხელეო დანაშაულზე სადაცაა საუბარი, იქ არ არის მოცემული, სრულიად სხვაგანაა. არსებობს კლასიფიკატორები, რომლებიც, მართალია, მანამდე იყო დამტკიცებული, ვიდრე კანონში ცვლილებები შევიდოდა, მაგრამ რატომ აკეთებს კანონის ცვლილებაზე იუსტიციის სამინისტრო აპელირებას, ვერ ვხვდები. ამომრჩევლის მოსყიდვა დიდი ხანია დასჯადი ქმედებაა და ეს კლასიფიკატორებიც არსებობდა.

გარდა ამისა, არსებობს გაეროს ანტიკორუფციული კონვენცია, სადაც ჩამოთვლილია, რომელი დანაშაულებია კორუფციული და ამომრჩევლის მოსყიდვა არც იქ არის ნახსენები. ანუ იუსტიციის სამინისტროს რაღაც ჰიპოთეტური განმარტებების გარდა, არაფერი არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ დანაშაულთან.

თქვენი განმარტებით, ამომრჩევლის მოსყიდვა კორუფციული დანაშაული არ არის?

ჩვენი განმარტებით, ძალიან რთულია იმის მტკიცება, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა არის კორუფციული დანაშაული და ეს არის სისხლის სამართლის ყადაღის გამოყენების საფუძველი. ჩვენ შეიძლება შევიდეთ იურიდიულ დისკუსიებში და ვიდაოთ, უნდა იყოს თუ არა ეს კორუფციული დანაშაული. შეიძლება საბოლოოდ იმაზე შევთანხმდეთ, რომ კი, ეს არის კორუფციული დანაშაული და საერთაშორისო პრაქტიკა იქით წავიდეს, რომ ეს განიმარტოს როგორც კორუფციული დანაშაული.

მაგრამ დღეს, ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით, როცა მედიაორგანიზაციაზეა საუბარი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უფრო ემსგავსება, ვიდრე ამომრჩევლის მოსყიდვის თავიდან აცილებას. უფრო მაღალი სტანდარტი უნდა გამოვიყენოთ, არ შეიძლება ჭორების დონეზე ხდებოდეს ამის განსაზღვრება.

გლობალის შემთხვევა კიდევ სხვა იყო და მაესტროს შემთხვევა საერთოდ არაფერში არ ჯდება. თუნდაც იმიტომ, რომ მაესტროს დაწყებულიც კი არ ჰქონდა თეფშების დარიგება. იყო პრომო აქცია, ეს გაშუქდა პირდაპირი ეთერით, რამდენიმე ანტენა დამონტაჟდა და ყველამ ნახა, რომ იქ ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია. მე მახსოვს, როცა ლაშა ტუღუში ამონტაჟებდა ანტენებს, არ უთქვამს, რომ ეს რომელიმე პარტიის საჩუქარი იყო.

გაჩნდა ეჭვი, რომ რადგან გლობალი უკვე ჩართული იყო ამომრჩევლის მოსყიდვაში და გლობალსა და მაესტროს შორის კავშირი დადგინდა, ანუ თვალთმაქცური გარიგება შედგა, ამომრჩევლის მოსყიდვა იმავე სქემით გაგრძელდებოდა, როგორც ამას აქამდე გლობალი აკეთებდა.

ძალიან ჰიპოთეტურ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, საუბარი არის, რომ გლობალი მაესტროს გამოყენებით მოისყიდდა ამომრჩეველს, მაგრამ ისე, რომ ამომრჩეველთან ინფორმაცია, რომ ეს იყო დაკავშირებული პოლიტიკურ ძალასთან, არ მივიდოდა. მაშინ რანაირი მოსყიდვა გამოდის. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გულისხმობს მტკიცების ძალიან მაღალ სტანდარტს. ეს შემთხვევა ვერანაირ სტანდარტს ვერ უძლებს.

იუსტიციის სამინისტროს თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია. საუბარია გრეკოს რეკომენდაციებზე და ასევე თქვენი კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის მოსყიდვა კორუფციული დანაშაულია. არ ეთანხმებით თქვენს კოლეგა ორგანიზაციას?

საერთაშორისო გამჭვირვალობის შემთხვევას არ ვიცნობ. გრეკოს შემთხვევა არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა კორუფციულ დანაშაულს წარმოადგენს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ ჩარჩოზე და საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობა არანაირ განმარტებას არ აკეთებს, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ საერთაშორისო კანონმდებლობით, რომელსაც მიერთებული ვართ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის გაეროს კონვენცია და იქ საერთოდ არ არის ნახსენები ამომრჩევლის მოსყიდვა. კონვენცია საერთოდ არ საუბრობს ამ თემაზე. შესაბამისად, არაფერზე არ არის დამყარებული, რაღაც მოსაზრებების და თეორიების გარდა.

მედიაზე რომ ვისაუბროთ: ფოთიდან ქართული ოცნების ლიდერი ფაქტობრივად დაემუქრა ჟურნალისტებს და ამას თქვენი მხრიდან ოფიციალური განცხადება არ მოჰყოლია. რატომ მოხდა ასე?

ამას ჩემი ძალიან მკვეთრი შეფასება მოჰყვა მაესტროს ეთერში. ჩვენ სხვადასხვა შემთხვევებში განცხადებებს სხვადასხვა ფორმით ვაკეთებთ. ხშირად მხოლოდ კომენტარით შემოვიფარგლებით, ხანდახან ვავრცელებთ განცხადებას, შეიძლება მხოლოდ Facebook-ზე და ა.შ. ამ შემთხვევაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი მუქარანარევი კომენტარები და მოწოდებები არ არის სწორი და გამართლებული.

5 აპრილს კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაავრცელეთ განცხადება, სადაც თქვით, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ქსენოფობიურ ან ჰომოფობიურ განცხადებებს მკვეთრად დაგმობდით. თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ რეაქციები მხოლოდ ხელისუფლების განცხადებებზე გაქვთ, ოპოზიციის ქსენოფობიურ განცხადებებზე კი ნაკლებად რეაგირებთ. როგორ უპასუხებდით ამას?

ქსენოფობიურ განცხადებებზე ყოველთვის ვავრცელებთ კომენტარს და ძალიან ცხადად გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. ცოტა გაუგებარია ამ კუთხით ჩვენ მიმართ არსებული პრეტენზიები. როგორ შეიძლება ან ქსენოფობიურ ან ჰომოფობიურ გამონათქვამებზე რაიმე სხვა რეაქცია გვქონდეს.

მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში, ქართული ოცნების აქციაზე ერთ-ერთი გამომსვლელი გამოირჩეოდა ანტითურქული გამონათქვამებით. ამაზეც გქონდათ რეაქცია?

შეიძლება ოფიციალური განცხადება არ იყოს გავრცელებული და ჩვენმა ადგილობრივმა წარმომადგენელმა გააკეთა კომენტარი, ზუსტად ვერ გეტყვით. ნამდვილად შეიძლება, რომ რომელიმე კონკრეტული შემთხვევები გამოგვრჩეს. არის ამის შანსი, რადგან სიძულვილის ენის გამოვლინებები ძალიან ხშირია.

ამ აქციასთან დაკავშირებით თქვენ წინასწარ განაცხადეთ, რომ მონიტორინგს გაუწევდით იქ შეკრების უფლების დაცვას. გამოსვლების შინაარსს არ მიაქციეთ ყურადღება?

მონიტორინგი გამომსვლელების და, მით უმეტეს, პროგრამების მონიტორინგს არ გულისხმობს. რაც შეეხება ჰომოფობიურ განცხადებებს, ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია ძალიან ცხადია, ყოველთვის ვგმობთ და დავგმობთ. აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია, მით უმეტეს პოლიტიკოსების მხრიდან და პოლიტიკური მიზნებისთვის ქსენოფობიური გამონათქვამების გამოყენება. მონიტორი უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლებს გამომსვლელთა საუბრის შინაარსის კონტროლს.

ანუ ბათუმის შემთხვევაზე არ გქონდათ რეაქცია?

შესაძლებელია ჩვენს ადგილობრივ ოფისს გაკეთებული ჰქონდეს, უბრალოდ მე არ ვიმყოფებოდი ქვეყანაში. ორგანიზაციის სახელით განცხადება არ გავრცელებულა. ახლა ვიტყვი, რომ სიძულვილის ენის ნებისმიერი გამოვლინება, მით უმეტეს საარჩევნო მიზნებით, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ყოველთვის დავძრახავთ.

ოთარ კახიძე: ამომრჩევლის მოსყიდვა პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი სახეა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები