ამომრჩეველთა მოსყიდვა

ოთარ კახიძე: ამომრჩევლის მოსყიდვა პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი სახეა

არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე საუბრისას ყველაზე ხშირად ამომრჩევლის მოსყიდვა ისმის. უკანასკნელ პერიოდში ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე დაჯარიმდა ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. ბოლო შემთხვევა მაესტროს სატელიტური თეფშების დაყადაღება იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თეფშების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს და ამომრჩევლის მოსყიდვასთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობის სხვა დარღვევებზე საუბრობს. ტაბულა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, ამომრჩევლის მოსყიდვის და მაესტროს სატელიტური თეფშების შესახებ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ოთარ კახიძესა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა.

არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას ყველაზე ხშირად სიტყვა მოსყიდვა ისმის. NDI-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა უმრავლესობა მოსყიდვას ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს. რას ნიშნავს ამომრჩევლის მოსყიდვა?

ამომრჩევლის მოსყიდვა, იგივე მოქრთამვა, გულისხმობს ამომრჩევლისთვის საარჩევნო მიზნებით, ხმის მიცემის სანაცვლოდ, ფულის ან მატერიალური სარგებლის შეთავაზებას, ან დაპირებას.

ზოგადად ამომრჩევლის მოსყიდვა პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი სახეა. მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა და კანდიდატებმა კამპანია აწარმოონ იდეების, პროგრამების შეჯიბრით და არა მატერიალური სარგებლის შეთავაზება-დაპირებით. ამგვარი პროცესი უცხოა დემოკრატიისთვის. ჩვენ გავითვალისწინეთ ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილება, რომელიც მიუთითებს, რომ სახელმწიფომ უნდა აკრძალოს ამომრჩევლის მოსყიდვა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დასჯადად აცხადებს ამომრჩევლისთვის პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, თუ რაიმე სხვა მატერიალური სარგებლის შეთავაზებას, ან დაპირებას. აგრეთვე დასჯადია ამგვარი შეთავაზების მიღება ან მოთხოვნაც. ეს იგივეა, რაც ქრთამის მიცემა და აღება, ანუ ანალოგიური კორუფციული დანაშაულია.

ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლი არეგულირებს პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთ ნაირსახეობას, რომელიც გულისხმობს საარჩევნო მიზნით უკანონო ან თვალთმაქცური, მოჩვენებითი გარიგების დადებას. ესეც აკრძალულია.

უნდა აღინიშნოს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისთვის იწყება მაშინ, როდესაც გარიგების ან იმ საგნის ღირებულება, რომლითაც მოსყიდვა ხდება, 100 ლარს აღემატება.

სად გადის ზღვარი ქველმოქმედებასა და ამომრჩევლის მოსყიდვას შორის?

ზღვარს კანონი ადგენს. ეს არის საარჩევნო მიზანი. თუკი 18 წელს მიღწეულ მოქალაქეს რომელიმე სუბიექტი გადასცემს ფულს, ან სხვაგვარ მატერიალურ ქონებას, საარჩევნო მიზნის არსებობის შემთხვევაში ეს იქნება ამომრჩევლის მოსყიდვა. თუ სახეზე არ გვაქვს საარჩევნო მიზანი და არის საქველმოქმედო, ან სხვა მიზანი, ეს იქნება ჩვეულებრივი ქმედება, რომელიც, ბუნებრივია, არაა აკრძალული.

როდესაც პოლიტიკოსები ამომრჩევლებს სხვადასხვა ფორმით რამის გადაცემას ჰპირდებიან, ეს იქნება მაცივარი, ანტენა, თუ ნებისმიერი მატერიალური საგანი ან ფული, სახეზეა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები.

არსებობს მოსაზრება – როგორი საფრთხის შექმნაც შეუძლია კერძო ფულს, იგივე საფრთხე შეიძლება შექმნას ხელისუფლების ხელში არსებულმა ადმინისტრაციულმა რესურსებმა. რა არეგულირებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და სად არის ზღვარი ხელისუფლების ვალდებულებებსა და ამომრჩევლის მოსყიდვას შორის, მაგალითად, ვაუჩერებით?

ამ შემთხვევაში ამომრჩევლის მოსყიდვის რეგულაციაც ავლებს გარკვეულ ზღვარს. მოსყიდვად არ ჩაითვლება ბიუჯეტის განაწილების შესახებ დაპირებები იმიტომ, რომ ბიუჯეტის განაწილება, იგივე სოციალური პროექტები, რომლებიც დროდადრო მიმდინარეობს ქვეყანაში, მთავრობის საქმიანობის პროცესია. გნებავთ ვაუჩერის გადაცემა, გარკვეული სფეროების სუბსიდირება, გაწერილია ბიუჯეტში, აქვს სამთავრობო პროგრამის სახე და ამ შემთხვევაში კანონის ფარგლებში ხორციელდება.

რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანები საკუთარი სახსრებით ჰპირდებიან გარკვეულ მომსახურებას, შეღავათებს, ახდენენ მატერიალურ დაინტერესებას ან უშუალოდ გადასცემენ გარკვეულ ქონებას.

ბიუჯეტის თანხა არ არის რომელიმე პარტიის ფონდი. ბიუჯეტი მოქალაქეთა გადახდილი გადასახადებისგან შედგება. ბიუჯეტის, გნებავთ ვაუჩერის ბენეფიციარი არის მოქალაქე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

რაც შეეხება პარტიებს, მათ შორის მმართველს, მას აქვს თავისი ფონდი, რომლითაც თავის აქტივობებს აფინანსებს.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მეტი რომ ვისაუბროთ. რეალურად თუ არსებობს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საფრთხე და როგორ რეგულირდება ეს საკითხი?

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, მაგალითად, როდესაც საჯარო მოხელეები ეწევიან წინასაარჩევნო აგიტაციას იმ დროს, როდესაც სამსახურებრივ მოვალეობებს უნდა ასრულებდნენ.

იგივე უნდა ითქვას სამთავრობო შენობების, ინფრასტრუქტურის, მანქანების, ანუ საბიუჯეტო სახსრების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებაზე. კანონმდებლობით ესეც დაუშვებელია.

საუბარია იმაზეც, სხვადასხვა პროექტების გახსნისას, რამდენად უნდა გამოჩნდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბარი ზედმეტია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც საბიუჯეტო სახსრებით ხდება გზის, ხიდის მშენებლობა, გახსნა, ეს არის ყველას, თითოეული მოქალაქის პროდუქტი. თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს სურვილი აქვთ, მათაც შეუძლიათ მივიდნენ გახსნაზე და მიიპყრონ მედიის ყურადღება.

მთავარია, რომ ადმინისტრაციული რესურსი – ადამიანურიც და მატერიალურიც – არ გამოიყენონ პარტიული მიზნებისთვის. როდესაც საჯარო მოხელეები დაასრულებენ თავიანთ სამუშაო დღეს, ან გავლენ შვებულებაში, აქვთ უფლება, გამოხატონ მხარდაჭერა იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომელიც მოსწონთ.

მაესტროს თეფშების თემით რომ გავაგრძელოთ. თავად ტელეკომპანია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თვლის, რომ თეფშების დაყადაღება უკანონო იყო, რადგან პროკურატურას არ გააჩნდა საკმარისად მყარი მტკიცებულებები. რას უპასუხებდით?

ხაზი უნდა გაესვას, რომ არ შეგვიძლია გამოძიების საქმეში ჩავერიოთ, ასევე სასამართლოს კომპეტენციაში ვერ შევიჭრებით. შეგვიძლია, მხოლოდ გასაჯაროებული ინფორმაცია გავაანალიზოთ. ამ ინფორმაციით, გლობალ კონსალტინგის წარმომადგენლები ამომრჩეველს ანტენებს გადასცემდნენ, რასაც მოსყიდვის სახე ჰქონდა. ეს კადრები ბევრ მოქალაქეს აქვს ნანახი, გადაიცემოდა სხვადასხვა ეთერით, სადაც მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათ ანტენები გადასცეს, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის საჩუქარი. კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ანტენით მოისყიდიან ამომრჩეველს, ტელევიზორით, თუ სხვა ნივთით. ამ შემთხვევაში გამოძიების მასალების მიხედვით სახეზე იყო მოსყიდვის ნიშნები და დაიწყო გამოძიება. შემდეგ გამოძიებისთვის ნათელი გახდა, რომ ეს დარიგების პროცესი უნდა შეჩერებულიყო, ვინაიდან მოქალაქეებს თეფშები მასობრივად გადაეცემოდათ და ისინი დააყადაღეს. ამის საფუძველია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი, რომლის მესამე ნაწილიც მიუთითებს, რომ თუ ქონება კორუფციულია, მიმართულია კორუფციული დანაშაულის ჩასადენად, მაშინ კანონი ითვალისწინებს მისი დაყადაღების შესაძლებლობას. ეს შესაძლებლობა გამოძიებამ გამოიყენა, პროკურატურის არგუმენტები სასამართლომ გაიზიარა, გამოიცა განჩინება და თეფშები დაყადაღდა.

შემდგომ, ასევე გამოძიების ინფორმაციის თანახმად, გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა გადაწყვიტა, რომ თეფშების შემოტანა და დარიგება მაესტროს განეხორციელებინა, ანტენების შემოტანა დაიწყო მაესტროს სახელით და ისინი უკვე აპრობირებული სქემით უნდა დარიგებულიყო.

როდესაც საუბარია არასაკმარის მტკიცებულებებზე, ეს შეფასებითი თემაა. მოქალაქეებს წარედგინათ ინფორმაცია, გაშუქდა მედიითაც, რომ ადგილი ჰქონდა მოლაპარაკებას ბიძინა ივანიშვილის და მაესტროს წარმომადგენლებს შორის. ანტენებზე დაკრული სტიკერებიც გლობალ კონსალტინგს ეკუთვნოდა. რიგ შემთხვევაში ეს სტიკერები დარჩენილი იყო და შემდგომში ხდებოდა მაესტროს სტიკერების გადაკვრა. საუბარია იმაზე, რომ ეს ანტენები რეალურად გლობალ კონსალტინგს ეკუთვნოდა. სასამართლოს განჩინებით ირკვევა, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, გამოძიება გრძელდება და დადგინდება, რასთან გვაქვს საქმე.

შეიძლება ვინმესთვის ეს მტკიცებულებები საკმარისი არ იყოს, მაგრამ ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელია – მტკიცების სტანდარტი საკმარისია, რომ ვთქვათ: ადგილი ჰქონდა თვალთმაქცურ გარიგებას. რაც შეეხება კანონიერ საფუძველს, რაც მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლში, სასამართლომ სწორედ ეს მიუთითა თავის განჩინებაში.

საია ამტკიცებს, რომ დაყადაღება კანონიერი იქნებოდა, თუ იქნებოდა კონკრეტული ბრალდებული, ან საქმე შეეხებოდა მძიმე დანაშაულს.

საინტერესო განცხადებაა, ყურადღებით გავეცანით და გამოვაქვეყნეთ 151-ე მუხლის ანალიზი, რომელიც მათ განიხილეს. თუმცა, ჩვენს ანალიზში მუხლის მესამე ნაწილიცაა მოცემული, ხოლო მათ ანალიზში მის მხოლოდ ორ ნაწილზე იყო მითითება და ამ სიტუაციაში რელევანტური მესამე ნაწილი შეგნებულადაა გამოტოვებული. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ ბრალდებული უნდა გვყავდეს სახეზე და არ გვყავს. მეორე ნაწილის მიხედვით, უნდა იყოს მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც არ არის, ხოლო მესამე ნაწილი, რომელსაც საიამ გვერდი აუარა, ეხება სიტუაციას, როდესაც ქონება არის კორუფციული და სწორედ კორუფციული ქონების დაყადაღება ხდება.

რაც შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, ამომრჩევლის მოსყიდვა კლასიკური კორუფციული დანაშაული გახდა. კორუფციულ დანაშაულად განიხილავს ამომრჩევლის მოსყიდვას საერთაშორისო გამჭვირვალობა, ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტი გრეკო და ის სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებშიც ამ კატეგორიასაა მიკუთვნებული.

ლოგიკურია, როდესაც რაღაც ქონებით მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა, ეს უნდა შეჩერდეს. უნდა იყოს საამისო მექანიზმები, რაც არის 151-ე მუხლის მესამე ნაწილში. როდესაც ქონება არის კორუფციული და მიმართულია ამომრჩევლის მოსყიდვისკენ, ზუსტად ასე წერია სასამართლოს განჩინებაში, არსებობს მისი დაყადაღების საფუძველი.

საიას შემდგომ განცხადებაში ნახსენები იყო ერთი მომენტიც, სადაც ამ ხარვეზის გამოსწორებას შეეცადნენ. უთითებდნენ, რომ კლასიფიკატორებში მოცემული არ არის კორუფციულ დანაშაულში ამომრჩევლის მოსყიდვა. უბრალოდ, კლასიფიკატორები შედგა მანამ, სანამ ამომრჩევლის მოსყიდვა შესაბამის ცვლილებას განიცდიდა – 164-ე მუხლის პრიმა ნაწილი. ამ საკითხსაც ავსახავთ შესაბამის კლასიფიკატორებში.

სასამართლოსაც აკრიტიკებენ, რომ მის განჩინებაში მტკიცებულებები არ იყო მოცემული. რატომ მოხდა ასე?

სასამართლოს განჩინება ამ შემთხვევაში არ არის გამამტყუნებელი განაჩენი, სადაც ძალიან დეტალურად იწერება აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი, ყველა მტკიცებულება. გვაქვს გამოძიების გამოქვეყნებული მასალები, პროკურატურის შუამდგომლობა, სადაც მოცემულია, რატომ, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს პროკურორი ქონების დაყადაღებას. სასამართლოს შემდგომ განჩინებაში სამართლებრივი საფუძველია მითითებული, რა არგუმენტს იზიარებს და რას – არა. დეტალური მსჯელობა აქ არაა. სასამართლოს განჩინება ცალკე არ უნდა ავიღოთ საქმის სხვა მასალებისგან ამოგლეჯილად. მათი ერთობლიობაში განხილვა ნათელს ხდის სასამართლოს მოტივაციას.

თამარ ჩუგოშვილი: რთულია იმის მტკიცება, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა არის კორუფციული დანაშაული

კომენტარები