აშშ

დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მიშელ ობამა და ბილ კლინტონი გამოვლენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო ყრილობაზე, რომელიც სამშაბათს ქალაქ შარლოტში იხსნება, სიტყვით შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა გამოვა. გავრცელებული ცნობით, პირველი ლედი დელეგატებს ყრილობის პირველივე დღეს მიმართავს.

BBC-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი გამოვა, ხოლო თავად ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ოფიციალურად ხუთშაბათს წარადგენენ.

როგორც BBC-ი აღნიშნავს, ბარაკ ობამას წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი პუნქტები ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალების 2014 წლის ბოლომდე გამოყვანა და ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

აშშ-ის პირველმა პირმა წინასაარჩევნო ყრილობაში ჩართვამდე ქარიშხალ აისეკის შედეგად დაზარალებული შტატ ლუიზიანას რაიონები მოინახულა.

გასულ კვირას ფლორიდაში ქალაქ ტამპში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე რესპუბლიკელებმა მით რომნი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა პოლ რაიანმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რომნი გამარჯვების შემთხვევაში, ”აშშ-ის სწორ გზაზე დააბრუნებს.”

უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ორივე პარტიის კანდიდატს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს.

 

კომენტარები