ლონდონი 2012

ოლიმპიადის გმირები

0 კომენტარი

ლეგენდა: მაიკლ ფელპსი
ლონდონი პირველი ქალაქია, სადაც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მესამედ გაიმართა: 27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი მსოფლიოს ცენტრად იქცა.

ზაფხულის XXX თამაშები უამრავი ფაქტის გამო შევიდა ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში: სპორტის 8 სახეობაში მსოფლიოს 32 რეკორდი დამყარდა; არაერთი ოლიმპიური შედეგი გაუმჯობესდა; საუდის არაბეთმა, ყატარმა და ბრუნეიმ პირველად გააგზავნეს ოლიმპიადაზე გოგონები; დიდი ბრიტანეთის გუნდმა 1908 წლის შემდეგ ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა; პირველად მოხვდა ოლიმპიურ პროგრამაში გოგონათა კრივი და ამით ლონდონი 2012 გახდა პირველი თამაშები, სადაც ქალები სპორტის ყველა სახეობაში მონაწილეობდნენ...

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. სახალისო ფაქტები თავისებურ ელფერს მატებს თამაშებს, მაგრამ როცა ამ ოლიმპიადას გაიხსენებენ, გულშემატკივრებს სტატისტიკური მონაცემები კი არა, ის სპორტსმენები მოაგონდებათ, რომელთა ბრწყინვალე ასპარეზობაც სამუდამოდ ჩაიბეჭდა გონებაში.

ვინ იყო ლონდონი 2012-ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი? ვფიქრობთ, ასეთი რამდენიმეა: ლეგენდარული მოცურავე მაიკლ ფელპსი, სპრინტერი უსეინ ბოლტი, ველომრბოლები ბრედლი უიგინსი და კრის ჰოი, სტაიერი მო ფარა, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი... ამ და კიდევ არაერთმა სპორტსმენმა დაუვიწყარი წამები აჩუქეს გულშემატკივრებს და სამუდამოდ

ყველაზე სწრაფი მსოფლიოში: უსეინ ბოლტი
შეაბიჯეს მსოფლიო სპორტის ისტორიაში, მაგრამ ლონდონი 2012-ის ჩემპიონებზე არანაკლებ შთამბეჭდავი იყო სამხრეთაფრიკელი სპრინტერის ოსკარ პისტორიუსის გარბენი 400 მეტრზე.

ის არ გამხდარა ჩემპიონი და რეკორდსაც ვერ შეწვდა. მას ვერც პრიზიორთა შორის იპოვით. მიუხედავად ამისა, აგვისტოს პირველ დღეებში ყველა მის შესახებ საუბრობდა და წერდა. რატომ? ოსკარ პისტორიუსი პირველი უნარშეზღუდული სპორტსმენი გახდა, რომელმაც ოლიმპიადაზე იასპარეზა.

25 წლის სამხრეთაფრიკელმა 400- მეტრიანი დისტანცია ყველაზე ბოლომ დაძლია. მერე რა? ბევრ ჩემპიონს არ უგრძვნია მსგავსი მხარდაჭერა – ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილი 80 ათასი გულშემატკივარი ფეხზე იდგა და პისტორიუსს ტაშს უკრავდა. პეკინის 2008 წლის პარალიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი (100, 200 და 400 მეტრზე სირბილში) 11 თვის იყო, როცა მუხლს ქვემოთ ფეხები მოკვეთეს...

ამ ისტორიულ გარბენამდე ერთი დღით ადრე ცურვის შეჯიბრებები დასრულდა: ამერიკელებმა მაიკლ ფელპსმა და მისი ფრანკლინმა ყველაზე მეტი, ოთხ-ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ფრანკლინი 17 წლისაა. კალიფორნიელმა გოგონამ პირველად გაცურა ოლიმპიადაზე, 27 წლის ფელპსისთვის კი ლონდონი 2012 მეოთხე და უკანასკნელი თამაშები იყო: მსოფლიო სპორტის ლეგენდამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე განაცხადა, რომ ოლიმპიადით კარიერას დაასრულებდა.

მაიკლ ფელპსი ლონდონს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიონიკის სტატუსით ეწვია, სამშობლოში კი უდიადესის რანგში დაბრუნდა! 4 აგვისტოს საღამოს, როცა თანაგუნდელებთან ერთად მე-18 ოლიმპიური ოქრო მოიგო, ცურვის საერთაშორისო ფედერაციის – FINA – პრეზიდენტმა ხულიო მალიონემ მას სპეციალური ჯილდო გადასცა, რომელზეც ეწერა: „ყველა დროის უდიადეს ოლიმპიონიკს”.

22 ოლიმპიური მედალი... 18 ოქრო... ამდენი ჯილდო თამაშების ისტორიაში არავის მოუგია. სპორტსმენებს თავი დავანებოთ, ბევრი გუნდისთვის სანატრელია ასეთი მონაგარი. მაიკლი ლონდონში დამოუკიდებელი ქვეყანა რომ ყოფილიყო, არაოფიციალურ ჩათვლაში მე-20 ადგილს გაიყოფდა ჩრდილოეთ კორეასთან და გაასწრებდა ესპანეთს,

სერ კრის ჰოი
ბრაზილიას, არგენტინას, დანიას, ხორვატიას, რუმინეთს, პორტუგალიას, ნორვეგიას, კანადას, ოლიმპიადის სამშობლო საბერძნეთს...

კარგა ხანია ამბობენ, რომ მაიკლი მოვლენაა და ასეთი სპორტსმენები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ცხადია, ასეა – შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა წერდა, რომ ფელპსის სხეული მეცნიერებმა შეისწავლეს და დაადგინეს: ფეხებთან შედარებით უჩვეულოდ გრძელი ტორსი, ელასტიური კუნთები და გრძელი მკლავები ხელის დიდ მტევნებთან ერთად სწორედ ის „საიდუმლოა”, რომელსაც უამრავი ოქროს მედალი მოაქვს.

ვერ გეტყვით, ესაა თუ არა მაიკლის ზღაპრული წარმატების საიდუმლო, მაგრამ მთავარი მაინც ის რეჟიმი გვგონია, რითაც ფელპსი თითქმის 20 წელიწადია ცხოვრობდა და რის გამოც სპორტს თავი დაანება: დილიდან საღამომდე მომქანცველი ვარჯიში აუზსა და სატრენაჟორო დარბაზში. როცა 27 წლის ხარ და ცხოვრება უამრავ სიხარულს გჩუქნის, როცა მსოფლიო გიცნობს და ულამაზესი გოგოები შენზე ოცნებობენ, ძნელია ყველაფერზე უარი თქვა და მხოლოდ ცურვაზე იფიქრო.

ტურ დე ფრანსის და ოლიმპიადის ტრიუმფატორი ბრედლი უიგინსი
იუარებ ერთხელ, ორჯერ, მაგრამ როდემდე? მაიკლმა ძალიან დიდხანს ითმინა და ახლა, როცა მოიგო ათობით ოქროს მედალი, წავიდა. „როცა მეუბნებიან, როგორ მივაღწიე ამდენს, მარტივად ვპასუხობ: ძალიან მინდოდა პირველი ვყოფილიყავი! იოლია ამის თქმა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი შრომა იმალება ამ სიტყვების უკან”, – ლონდონში ჩასვლამდე ფელპსმა მთელ ამერიკას CNN-ის საშუალებით გადაუშალა გული.

ოთხი წლის შემდეგ რიოში ფელპსი არ იქნება, მაგრამ იქნება ლონდონი 2012-ის მეორე მშვენება, მუტანტად წოდებული იამაიკელი უსეინ ბოლტი. დღეს ის ერთადერთი სპრინტერია, ექვსი ოლიმპიური ოქრო რომ მოუგია და ასევე ერთადერთი მძლეოსანი, რომელმაც ზედიზედ ორ თამაშებზე მოიგო 100, 200 და 4X100 მეტრზე გარბენი!

5 აგვისტოს ბოლტმა 100 მეტრზე იმარჯვა. უსეინ ბოლტი, ჯასტინ გეტლინი, ტაისონ გეი, ასაფა პაუელი, იოჰან ბლეიკი –

ლონდონი 2012-ის ორგზის გამარჯვებული, სტაიერი მო ფარა
ისინი სპორტის დედოფლის ყველაზე საინტერესო დისციპლინის ლეგენდები არიან, უამრავი ოქროს მედალი მოუგიათ, მაგრამ როცა სარბენ ბილიკზე ტანმაღალი იამაიკელი დგება, ყველა მის ჩრდილში ექცევა.

რა იქნება 2016 წელს რიოში, ეს არავინ იცის, მაგრამ დღეს ბოლტი უკონკურენტოა. კი, ბატონო, იოჰან ბლეიკმა 100 მეტრზე შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ისიც გეცოდინებათ, ამ სეზონში საუკეთესო შედეგი მას რომ ჰქონდა, მაგრამ როცა სპრინტერებმა ოლიმპიურ სტადიონზე ფინიში გადაკვეთეს, ტაბლოზე პირველად უსეინის გვარი აინთო – 9.63 წამი! ეს ოლიმპიური თამაშების ახალი რეკორდი და ყველა დროის მეორე შედეგია. ბოლტმა პეკინში დამყარებული თავისივე მიღწევა გააუმჯობესა!

9 აგვისტოს მან 200 მეტრზეც იმარჯვა: 19.32! კვლავ 20 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა, მაგრამ საკუთარ მსოფლიო რეკორდს – 19.19 – მაინც ჩამორჩა. „დღეს მე უკვე ლეგენდა ვარ”, – განაცხადა ბოლტმა მეორე ტრიუმფის შემდეგ. 11 აგვისტოს ესტაფეტის დრო დადგა: 4X100-ზე მთავარი ფავორიტი იამაიკა რომ იყო, ეს ყველამ იცოდა. იმასაც ხვდებოდნენ, რომ კუნძულელები მსოფლიო რეკორდს შეუტევდნენ, მაგრამ 36.84 წამი? ის, რაც იამაიკელებმა შეძლეს, საოცრება იყო. დაახლოებით ისეთივე სასწაული, რაც მექსიკის ოლიმპიადაზე ბობ ბიმონის „საუკუნის ნახტომი”. პირველი ნესტა კარტერი იდგა. მაიკლ ფრატერი – მეორე. მერე იოჰან ბლეიკი იყო. ბოლოს ბოლტი. საბოლოოდ 36.84! საწყის ორას მეტრზე

ოსკარ პისტორიუსი
ამერიკელებმა იძალეს, მაგრამ ბლეიკთან და ბოლტთან ვერაფერი გააწყვეს...

ორი ოქრო მოიგო სტაიერმა მო ფარამ და ბრიტანეთის გმირი გახდა. წარმოშობით სომალელმა მძლეოსანმა შარშან, მსოფლიო ჩემპიონატზეც სცადა 5 და 10 ათას მეტრზე პირველობა, მაგრამ მაშინ მხოლოდ პირველ დისტანციაზე იმარჯვა. ამჯერად კი ოცნება აიხდინა: პირველად 10 კილომეტრზე მოიგო – ბრიტანეთის ნაკრებს ამ დისციპლინაში ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა, ერთ კვირაში კი 5 ათას მეტრზეც ყველაზე ადრე გადაკვეთა ფინიში.

გაერთიანებული სამეფოს წარმატებაში ლომის წილი დაიდო გუნდის მედროშემ, ველომრბოლმა კრის ჰოიმ. 36 წლის შოტლანდიელმა ორი ოქრო მოიგო: ჯერ გუნდურ სპრინტში იმარჯვა და ლეგენდარული ნიჩბოსნის, სერ სტივ რედგრეივის „ბრიტანული” რეკორდი გაიმეორა – მეხუთე ოქროს დაეუფლა, 7 აგვისტოს კი კეირინი მოიგო და თამაშების ექვსგზის ჩემპიონი პირველი ბრიტანელი გახდა!

ვინუს უილიამსმა ერთი ოქრო მოიგო, სერენამ - ორი
ჰოი 7 ოლიმპიური მედლის მფლობელია, ეს კი დიდი ბრიტანეთის რეკორდია. მაგრამ მას თანამფლობელიც ჰყავს: კიდევ ერთი ველომრბოლი, ტურ დე ფრანსის პირველი ბრიტანელი გამარჯვებული ბრედლი უიგინსი. მან საგზატკეცილო რბოლაში იმარჯვა და გახდა პირველი, რომელმაც ერთ წელს მოიგო ტურ დე ფრანსი და ოლიმპიური ოქრო.

ლონდონი 2012-ის მთავარ ვარსკვლავად ჩაითვლება ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსიც: ერთეულებში და წყვილებში (დასთან, ვინუსთან ერთად) იმარჯვა. ლეგენდარული გერმანელის, შტეფი გრაფის შემდეგ სერენა მეორეა, რომელმაც საკარიერო დიდ მუზარადს ერთეულთა შორის ოლიმპიური ოქროც დაურთო.

ოთხი წლის შემდეგ XXXI თამაშებს რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს. სამხრეთ ამერიკაში ოლიმპიადა პირველად გაიმართება.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები