რიჩარდ ნორლანდი

საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი ჩამოვიდა

დღეს საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი ჩამოვიდა. მას თბილისის აეროპორტში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.

როგორც ცნობილია, დღეს რიჩარდ ნორლანდი საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს რწმუნებათა სიგელების ასლებს გადასცემს. იგეგმება ნორლანდის მონაწილეობა თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალშიც.

,,სასიამოვნოა, რომ ისევ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, სადაც მე ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობდი 1993 წელს სამსახურის დროს. ველი იმ შესაძლებლობას, რომ გავაგრძელო საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე ურთიერთობების აგება. ვიცი, რომ 1993 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ელჩად მუშაობისას ჩემი პირველი ამოცანა იქნება, უკეთ გავერკვე მნიშვნელოვან ცვლილებებში, შევხვდე პოლიტიკის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად ბევრ წარმომადგენელს, ასევე მოვისმინო დიდი რაოდენობა შეხედულებებისა იმის შესახებ, რა ხდება ამ დინამიურად განვითარებად საზოგადოებაში.''-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 

ჯონ ბასის შემცვლელს საქართველოში, 57 წლის რიჩარდ ნორლანდს, დიპლომატიური საქმიანობის 32 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მუშაობდა უზბეკეთში, ლატვიაში, ავღანეთში რუსეთში, ბაჰრეინსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. ჩართული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების სამუშაოებშიც. 

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, ნორვეგიულ, რუსულ და ლატვიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

კომენტარები