მუზეუმი

თანამედროვე მუზეუმები

0 კომენტარი

გუგენჰაიმის მუზეუმი. ბილბაო
ქალაქის ისტორიული ცენტრი, ტაძრები, მუზეუმები... – ეს ღირსშესანიშნავი ადგილების სტანდარტული ჩამონათვალია, რის ნახვასაც ტუროპერატორები ტრადიციულად სთავაზობენ ადგილზე ჩასულ დამთვალიერებლებს. ამ კულტურული დაწესებულებების წონა განისაზღვრება მათი კოლექციების სიმდიდრითა და გარემოთი, რომელშიც ხელოვნების ნიმუშებია თავმოყრილი. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების შენობები, იქნება ეს პარიზის ლუვრი, ფლორენციის უფიცების გალერეა თუ რომის ვატიკანის მუზეუმები, წარმოადგენენ ისტორიული წარსულისა და მხატვრული ღირებულებების მქონე ნაგებობებს, რომლებიც ერთგვარად ხელს უწყობენ მათში წარმოდგენილი ექსპონატების საკრალიზაციას.

მეოცე საუკუნეში კლიშე, რომ მუზეუმი უპირობოდ ხელოვნების ტაძარს უნდა წარმოადგენდეს, სადაც მნახველს დახვეწილ, კლასიკურ გარემოში შეეძლება შედევრებთან მიახლება, პირველად 1970 წელს დაიმსხვრა, როდესაც პარიზში ქვეყნის პრეზიდენტის, ჟორჟ პომპიდუს დაკვეთით, გამოცხადდა კონკურსი თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრის აგებაზე. 681 განაცხადიდან ჟიურიმ დაამტკიცა ახალგაზრდა არქიტექტორების, რენცო პიანოსა და რიჩარდ როჯერსის პროექტი, რომელმაც, ბევრი ექსპერტის აზრით, ე.წ. არქიტექტურულ High-tech-ს ჩაუყარა საფუძველი და სრულიად ახლებური ტიპის მუზეუმი შესთავაზა დამთვალიერებელს.

არქიტექტორების გადაწყვეტილებით, ხელოვნების და კულტურის ცენტრმა არსებული სამშენებლო ტერიტორიის მხოლოდ ნახევარი დაიკავა (1000 კვ.მ) და სივრცის დაზოგვის მიზნით, მის ფასადზე მოექცა ყველა ის ტექნიკური ელემენტი, რომელიც ტრადიციულად ინტერიერშია განთავსებული: საყრდენი ბოძები, სართულების დამაკავშირებელი ესკალატორები და მილები, რომლებიც, დანიშნულების მიხედვით, სხვადასხვაფრადაა შეღებილი (გათბობის სისტემისა და

პომპიდუს ცენტრი. პარიზი
კონდიცირების მილები ლურჯი ფერისაა, წყლის – მწვანე, ელექტრობის – ყვითელი, მიწისქვეშა ვენტილაციის – თეთრი...). შენობის მინისა და რკინის მასიური კონსტრუქციის ფერთა სიმრავლემ და ფასადის მაღალმა რელიეფებმა, რის გამოც ნაგებობა მეტადრე ქარხანას მოგაგონებთ, ვიდრე საკრალური დატვირთვის მქონე ხელოვნების პომპეზურ ტაძარს, თავის დროზე ექსპერტების რისხვა გამოიწვია, თუმცა დღეს პომპიდუს ყოველდღიურად 25 000 დამთვალიერებელი სტუმრობს, რაც მასში მოქცეული შედევრების სიმრავლის გარდა, ნაგებობის შთამბეჭდავი იერსახის დამსახურებაცაა.

ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ყოფილი მმართველის, ფილიპ მონტებელოს აზრით, დღეს მსოფლიოში მუზეუმების რიცხვის მატება არა იმდენად ტრადიციული მიზეზებითაა გამოწვეული (რაც გულისხმობს არსებული ხელოვნების ნიმუშების ერთ სივრცეში მოქცევასა და შედევრების კონტეინერის ფუნქციის შეთავსებას), არამედ: „დამკვეთებს სურთ, მათი მუზეუმები ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებად იქცეს და თანაც ისეთივე არქიტექტურა ჰქონდეთ, როგორიც ბილბაოს გუგენჰაიმს აქვს, რადგან ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს ნაგებობა მათი ქალაქების ეიფელის კოშკი გახდეს”, – ამბობს მონტებელო.

1997 წელს დასრულებული გუგენჰაიმი კი, რომელიც ეპოქის საუკეთესო კონსტრუქციადაა მიჩნეული, მართლაც ბილბაოს სავიზიტო ბარათად იქცა და მეტიც, სრულიად შეცვალა მანამდე უსახური ინდუსტრიული საპორტო ქალაქის სახე. ამერიკელი არქიტექტორის, ფრენკ გერის პროექტით აგებული შთამბეჭდავი შენობა ტიტანიუმის ფირფიტებით არის მოპირკეთებული და მის ფასადზე ბრტყელ ზედაპირს თითქმის ვერ წააწყდებით. პროექტის განხორციელებაში რეკორდული თანხა, ასი მილიონი დოლარი დაიხარჯა.

მუზეუმის გახსნის პირველივე წელს, ქალაქს, რომლითაც იშვიათად ინტერესდებოდნენ ტურისტები, ერთდროულად დამთვალიერებლების უზარმაზარი ნაკადი მიაწყდა. კრიტიკოსები ხშირად ღიმილით აღნიშნავენ, რომ ტურისტები ბილბაოს მუზეუმის რიგში ხანდახან საათობით დგანან და 10,50 ევროს იმაში იხდიან, რომ ნახონ გამოფენა, რომლის ავტორის შესახებაც არასდროს არაფერი სმენიათ. ეს ცხადყოფს, რომ გუგენჰაიმის შემთხვევაში, მთავარი ფუნქციის მატარებელი კონტენიტორი, ანუ თავად კონსტრუქციაა და არა ის დროებითი თუ მუდმივი ექსპოზიციები, რომლის ნახვაც მასში მოხვედრისას შეგიძლიათ.

მუზეუმები ხელოვნების ნიმუშებისა და ადამიანების შეხვედრის კოლექტიურ ადგილს წარმოადგენს, თუმცა სახელგანთქმული ნამუშევრები რიგ შემთხვევებში ისეა დაცული, რომ მათი აღქმა რეპროდუქციებში გაცილებით უკეთაა შესაძლებელი, ვიდრე ორიგინალში. მაგალითად, ლუვრში მსოფლიოს უდიდესი შედევრის, მონა ლიზას სანახავად ტურისტულ სეზონზე თუ მოხვდი, ათი წუთი მაინც უნდა იდგე რიგში, რომ წინა ხაზზე, დამცავ ზონართან, ნახატიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით აღმოჩნდე და კონტურებისა და ფერების გარდა, ვერაფერიც ვერ დაინახო, რადგან

ბერლინის ებრაული მუზეუმი
პორტრეტი არცთუ დიდი ზომისაა (77x53). მას ბროლის გამჭვირვალე საფარი იცავს და თანაც მაღლიდან გადმოგყურებს, მნახველის მდგომარეობიდან გამომდინარე, მართლაცდა დამცინავად.

თუკი ბილბაო, ზემოხსენებული პარიზული მუზეუმებისგან განსხვავებით, უნიკალური შედევრების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის, ბერლინის ებრაული მუზეუმი, რომელიც გუგენჰაიმის საპირისპიროდ, ჩამქრალი, რკინაბეტონის ნაცრისფერი ნაგებობაა, დამთვალიერებელზე სწორედ რომ მრავლისმთქმელი სიცარიელით ახდენს შთაბეჭდილებას. დანიელ ლიბესკინდის პროექტი ერის ისტორიის არქიტექტურულ ფორმებში გადმოცემული მეტაფორა უფროა, ვიდრე საექსპონატო სივრცე. ნაგებობას ზიგზაგისებური ფორმა აქვს და სამ ნაწილადაა დაყოფილი: „მარადისობის კიბე”, „დევნილობისა და ემიგრაციის ბაღი” და „ჰოლოკოსტის სიცარიელე”. ვიწრო დერეფნები, კედლების სირუხე, ირიბად შემოსული სუსტი სინათლე, მძიმე კარებები მნახველს წუთიერად აგდებს საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი ებრაელების უიმედო ყოფაში და თანაგრძნობას იწვევს.

ებრაული მუზეუმის მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს ექსპერტების მოსაზრებას, რომ სამუზეუმო ექსპონატები თანამედროვე დამთვალიერებელს ხშირად ყველაზე ნაკლებად აინტერესებს. რისი ნახვა სურს სინამდვილეში მუზეუმში მოხვედრილ საზოგადოებას, ეს თანამედროვე არტკურატორების თავსატეხს წარმოადგენს. “ხალხი ამბობს, რომ მეტროპოლიტენი მეტისმეტად დიდია, თუმცა დღეს მუზეუმები კიდევ უფრო ფართოვდება მათში კაფეტერიებისა და მაღაზიების გასახსნელად”, – მოხერხებულად აღნიშნა ფილიპ მონტებელომ 2007 წელს ამ საკითხზე The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში და ამით მარტივად ახსნა, თუ რა წარმოადგენს სტუმრების ხშირად ყველაზე დიდ ინტერესს: სუვენირებისა თუ სხვადასხვა შედევრებიდან გადმოღებული სამკაულების ასლების შერჩევა და ფინჯანი ყავის დაგემოვნება კულტურულ სივრცეში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები