აშშ არჩევნები

ბილ კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ბარაკ ობამას კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

ქალაქ შარლოტში გამართულ აშშ–ის დემოკრატიული პარტიის ყრილობის მეორე სამუშაო დღეს შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ამჟამინდელი პირველი პირი ბარაკ ობამა ოფიციალურად წარადგინა საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატად.

ბილ კლინტონმა სიტყვით გამოსვლისას ობამას ადმინისტრაციის მიერ ეკონომიკურ სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ”ობამამ საფუძველი თანამედროვე, ბალანსირებულ ეკონომიკას ჩაუყარა.” ყოფილმა პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში რესპუბლიკური პარტიაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის გამავლობაში აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი სწორედ რესპუბლიკელების მიერ ჩადენილი შეცდომების გამოსწორებას ცდილობდა.

ბარაკ ობამამ ბილ კლინტონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ყრილობაზე ორი პოლიტიკური ეპოქა გაერთიანდა.

ექსპერტების შეფასებით, ბილ კლინტონის ყრილობაზე გამოსვლით დემოკრატიული პარტია საშუალო ფენის თეთრკანიან ამერიკელებში ობამას პოპულარობის გაზრდას ცდილობს. ისინი აგრეთვე მიიჩნევენ, რომ დემოკრატები საზოგადოებას პარტიის ეთნიკური და რასობრივი მრავალფეროვნებით იზიდავენ – პარტიის ყრილობაზე ახალგაზრდა ლათონოამერიკელი და აფროამერიკელი პოლიტიკოსებიც გამოვიდნენ.

დემოკრატიული პარტიის პირველ სამუშაო დღეს დელეგატებს სიტვით პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ მიმართა, ხოლო ხუთშაბათს მათ წინაშე უკვე თავად ბარაკ ობამა წარსდგება.

გასულ კვირას ფლორიდაში ქალაქ ტამპში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე რესპუბლიკელებმა მით რომნი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა პოლ რაიანმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რომნი გამარჯვების შემთხვევაში, ”აშშ-ის სწორ გზაზე დააბრუნებს.”

უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ორივე პარტიის კანდიდატს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს.

 

კომენტარები