სამხედრო სამსახური

სამხედრო მოსამსახურეები შეღავათებით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთ წლიანი სავალდებულო სამსახურის შემდეგ, ბაკალავრიატში 4 წლიან სწავლებას დაუფინანსებს ყველა იმ პირს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, ვერ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და ვერ იხდის სწავლის საფასურს. პირს, რომელიც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს ოთხი წლით გააგრძელებს, დაუფინანსდება მაგისტრატურაში სწავლება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამხედრო მოსამსახურეებს აგრეთვე, უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერისა და ინგლისური ენის სწავლის ვაუჩერი, ხოლო 20 წლის სამხედრო სამსახურის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დაუფინანსდებათ მაგისტრატურაში სწავლება. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წლის მსახურის შემთხვევაში, პენსიამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბოლო ერთი წლის სრულ ხელფასს პრემიის სახით.

16 წლიანი საკონტრაქტო სამსახურის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო გრანტის ოდენობით სამხედრო მოსამსახურის შვილების ბაკალავრიატში სწავლებასაც უზრუნველყოფს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს სახელმწიფო საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს. საცხოვრებელ ფართს მიიღებს სამხედრო მოსამსახურე განსაკუთრებული საბრძოლო ღვაწლისთვისაც.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სიახლეები ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურეს უფრო მეტად კონცენტრირებული იყოს თავის მოვალეობის შესრულებაზე და გრძნობდეს სახელმწიფოს ზრუნვას მასსა და მის ოჯახზე.

 

კომენტარები