შოუ-ბიზნესი

უცხოური მედია მაიკლ ჯექსონის სიცოცხლის ბოლო დღეებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

BBC–ი მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების მიზეზებსა და მისი უკანასკნელი დღეების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. გამოცემა იუწყება, რომ გაზეთი Los Angeles Times გარდაცვლილი შემსრულებლის უკანასკნელი ტურნეს ორგანიზატორების წერილებს ფლობს. ელექტრონულ გზავნილებში 2009 წელს დაგეგმილი ტურნეს პრომოუტერები წერენ, რომ მომღერლის ფიზიკური და მორალური მდგომარეობა უკანასკნელი კონცერტების სერიის წინ შემაშფოთებელი იყო.

ორგანიზატორების მიმოწერის თანახმად, იმ დღეს, როდესაც მაიკლ ჯექსონს ლონდონში პრესკონფერენციაზე თავად უნდა შეეტყობინებინა საზოგადოებისთვის სცენაზე დაბრუნების შესახებ, მომღერალი საკუთარ საგრიმიოროში არაფხიზელ და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული წერილები შესაძლოა მომავალ წელს დაგეგმილ სასამართლო პროცესებზე გამოიყენონ. ერთ–ერთ პროცესზე სადაზღვევო კომპანიის საჩივარი განიხილება, რომელიც შემსრულებლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაკისრებული 17, 5 მილიონი დოლარი კომპენსაციის გაუქმებას შეეცდება. ხოლო მეორე საჩივარი მაიკლ ჯექსონის ოჯახის წევრების მიერაა შეტანილი, რომლებიც აღნიშნული საკონცერტო ტურის ორგანიზატორებს მომღერალზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის გადამეტებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. გასულ წელს მომღერლის პირად ექიმს შემსრულებლის არა წინასწარგანზრახული მკვლელობისთვის ოთხი წლით პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები