სამხედრო სამსახური

შეიარაღებულ ძალებში მომსახურე სტუდენტებს სახელმწიფო სწავლას დაუფინანსებს

იმ სტუდენტებს, რომლებიც 2012-2013 და შემდგომი სასწავლო წლებისთვის ვერ მოიპოვებენ ან ნაწილობრივ მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს და საკუთარი სურვილით აიღებენ ვალდებულებას, რომ თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აკეთებს.

„სტუდენტები, რომლებიც 2012-2013 და შემდგომი სასწავლო წლებისთვის ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ჩაირიცხებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვებენ ან/და ნაწილობრივ მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს და საკუთარი სურვილით აიღებენ ვალდებულებას, რომ თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (თავდაცვის სამინისტრო), სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით.“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სტუდენტმა აღნიშნული შეთავაზების სარგებლობის მიზნით უნდა აიღოს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა, წარადგინოს იგი შესაბამისი მუნიციპალიტეტის/რაიონის გამწვევ კომისიაში და გამოთქვას წერილობითი თანხმობა ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

ყველა აღნიშნული ცნობის წარდგენის და გასაწვევი პირისთვის დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მან უნდა შეიჩეროს სტუდენტის სტატუსი.

 

კომენტარები