საქართველო–აშშ

ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს

ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. რასმუსენის Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ მიმართვაში ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია.

"მოგესალმებით თბილისიდან, საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან. მე აქ სომხეთიდან ჩამოვედი, შემდეგ კი აზერბაიჯანში მივემგზავრები. მე ვმოგზაურობ ამ რეგიონში იმიტომ, რომ სამხრეთ კავკასია არის მნიშვნელოვანი რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ნატო აფასებს ურთიერთობას ამ რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას. ნატოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა სურს და დაინტერესებულია რეგიონში უსაფრთხოების საკითხებითა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით.“ - აცხადებს ანდერს ფოგ რასმუსენი.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო ეხმარება საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში რეფორმებით და მოუწოდებს მათ, რომ განაგრძონ რეფორმების გზა.

"ერთად ჩვენ გვსურს დავიცვათ სტაბილურობა ამ რეგიონში და განვავითაროთ დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა. სამხრეთ კავკასიაში არის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, თუმცა ის დაბლოკილია გადაუჭრელი კონფლიქტების გამო. რეგიონში დაძაბულობა უნდა შემცირდეს და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ განხორცილდეს რეგიონალური თანამშრომლობა და შერიგება. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის. საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორი და ერთგულების მაგალითია. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. შემოდგომაზე საქართველო გახდება ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის და ეს უდიდესი მიღწევაა. ამგვარად ნატოს და ჩვენს პარტნიორებს აქ და სამხრეთ კავკასიაში აქვს მყარად ჩამოყალიბებული ფარგლები დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. ერთად ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ უსაფრთხოების გამოწვევებს 21-ე საუკუნეში, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშავოთ სტაბილურობის, უსაფრთხოების შესაქმნელად, რასაც ეს რეგიონი იმსახურებს". - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი Facebook–ის გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები