ფოკუსი

პანკისი 1999-2005

0 კომენტარი
ფოტო: დარო სულაკაური

წელს, ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში, საქართველოს თავი დაახლოებით 6 ათასმა დევნილმა შეაფარა. ბევრ მათგანს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებთან ნათესაური კავშირი ჰქონდა.

ამ გარემოებამ სიტუაციის გართულება გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მკვეთრად იმატა ადამიანების გატაცებამ, ნარკოტიკებით ვაჭრობამ, ყაჩაღობამ და მკვლელობებმა. ამით შეწუხებული მოსახლეობა მაღალჩინოსნებს ჩრდილოკავკასიელ კრიმინალებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.

უკმაყოფილებამ პიკს 2002 წლის იანვარში მიაღწია, მაშინ როცა სამართალდამცავებმა სამი ახმეტელი მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი რესტორანში მოხდა. ახმეტელების მტკიცებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ჩეჩენ კრიმინალებთან ერთად ისხდნენ სუფრასთან და ქეიფობდნენ, რაზეც ადგილობრივებისგან შენიშვნა მიიღეს. შელაპარაკებას სამართალდამცავების მხრიდან სროლა მოჰყვა.

რუსეთის ხელისუფლება შევარდნაძის მთავრობას ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა. ამ საბაბით პუტინს საქართველოში ჯარის შემოყვანა სურდა. დაძაბულობამ განსაკუთრებით იმატა 2002 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც რუსეთის სამხედრო ძალებს, საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთით, სამოცი ჩეჩენი მებრძოლი დაესხა თავს. პასუხად რუსეთმა 2002 წლის 23 აგვისტოს პანკისი დაბომბა. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, შვიდი დაიჭრა.

შევარდნაძე იძულებული გახდა რაღაც ზომები მაინც მიეღო. პანკისში პოლიცია და უშიშროების უწყება შევიდა, ნაცნობ კრიმინალებს სთხოვა გაცლოდნენ იქაურობას. ხოლო შემდეგ, განაცხადეს, რომ ამბოხებულებმა და ტერორისტებმა სპეცოპერაციის გამოცხადებისთანავე საქართველო დატოვეს.

4 სექტემბერს შევარდნაძემ პუტინისგან წერილი მიიღო, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ტერორისტების “განეიტრალებას” ითხოვდა. ამის პარალელურად პუტინმა თავდაცვის, უშიშროებისა და სასაზღვრო უწყებებს ინტერვენციის გეგმის მომზადება დაავალა. პრეზიდენტ ბუშს, გაეროს უშიშროების საბჭოს და ეუთოს წევრებს წერილი მისწერა და გაეროს ქარტიით მინიჭებული თავდაცვის უფლების გამოყენებით დაიმუქრა.

რუსეთის ინტერვენციისგან, გარკვეულწილად, 11 სექტემბრის ტრაგედიამ გადაგვარჩინა. ალ-ყაიდას თავდასხმის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, რომლის ხელისუფლებაც მანამდე იზოლაციონისტურ მიდრეკილებებს ამჟღავნებდა, ტერორის წინააღმდეგ გლობალური ომი წამოიწყო. ამ პოლიტიკის ფარგლებში პანკისის ხეობაც შეერთებული შტატების ინტერესის ზონაში აღმოჩნდა – უშიშროების სამსახურები ეჭვობდნენ, რომ საქართველოს ალ-ყაიდას წევრები აფარებდნენ თავს.

ისე დაემთხვა, რომ 9/11-დან სულ რამდენიმე კვირაში, 5 ოქტომბერს, ედუარდ შევარდნაძე ჯორჯ ბუშს შეხვდა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ წერილში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი, ზეინო ბარანი სინანულით აღნიშნავს, რომ “საქართველომ ვერ შეძლო ჩეჩნეთთან სასაზღვრო მონაკვეთზე ეფექტური კონტროლის დამყარება და ახლა თბილისი მოსკოვის ანტიტერორისტული პოლიტიკის ეპიცენტრში მოექცა”.

ავტორი ამერიკის პრეზიდენტს ურჩევს, წითელი შუქი აუნთოს რუსეთს და არ დაუშვას ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით საქართველოში ინტერვენცია, მაგრამ ამავდროულად, ნათლად აგრძნობინოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ აუცილებელია აღიკვეთოს ქვეყანაში ტერორისტების ყოფნის მტკიცების ყოველგვარი საფუძველი.

ამ შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 64 მილიონი დოლარი გამოუყო ანტიტერორისტული დანაყოფის გასაწვრთნელად. პროექტი GTEP (Georgia Train and Equip Program) 21-თვიანი იყო. ამ ნაბიჯით შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლებას გააგებინა, რომ პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხეს ხედავდა და თავად იყო დაინტერესებული მისი აღმოფხვრით.

პანკისის ხეობის საკითხი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისას. “პირველი, რაც მან მთხოვა, საზღვრის გამაგრება და ჩრდილო კავკასიაში ოპერაციის ჩატარებაში ხელშეწყობა იყო”, – იხსენებს საქართველოს პრეზიდენტი მოგვიანებით. რეალური კონტროლი სახელმწიფომ პანკისის ხეობაზე 2005 წელს დაამყარა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები