ფოკუსი

ვიღაცამ კრაზანის ბუდეს გადაუფრინა

0 კომენტარი

ქართული პოლიცია ლაფანყურის ქუჩებს აკონტროლებს ფოტო: REUTERS
„ჩვენს ხელთაა ოპერატიული ინფორმაცია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფი ბანდიტური დაჯგუფებების ცალკეულ ლიდერებს განზრახული აქვთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია ჩვენთან, ჩრდილო კავკასიაში შემოსაღწევად”, – ეს განცხადება გასული წლის ივლისში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა გააკეთა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ნათქვამს რუსული სპეცსამსახურების მორიგი ბოდვა უწოდა.

ФСБ-ს შეფის ბრალდება საქართველოში განსაკუთრებული ინტერესის საგანი არ გამხდარა – მსგავსი განცხადებები რუსეთისგან არავის უკვირს. ხშირად კეთდება და, როგორც წესი, უსაფუძვლოა.

ამ კომუნიკაციიდან ერთი წლის შემდეგ, 26 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის 5 მკვიდრი დაიკარგა. ახალგაზრდებს ორი დღის შემდეგ, 28 აგვისტოს მიაგნეს. ლაფანყურელების პოვნის შესახებ გვაცნობეს, მაგრამ დაკარგვის მიზეზის თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

28 აგვისტოს, ღამით ადგილობრივმა ინტერნეტმედიამ ლოპოტის ხეობაში პოლიციის მაღალი აქტივობის შესახებ გვამცნო. იმავე ღამეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი და მიმდინარეობს მათი “დევნის ოპერაცია”. განცხადებაში ლაფანყურელი ახალგაზრდების დაკარგვისა და ლოპოტის ხეობაში დაწყებული ოპერაციის ურთიერთკავშირზე არაფერი თქმულა.

29 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჯგუფის წევრები “დივერსანტები” არიან, ხოლო “დევნის ოპერაციად” წოდებული ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს მძევალთა გათავისუფლება.

ინფორმაციამ დივერსიისა და მძევლების შესახებ, საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. იმ დროისთვის ლაფანყურის ხუთი მცხოვრები ნაპოვნი იყო, სხვა დაკარგულების შესახებ არაფერი ვიცოდით. უფრო მეტად ისინი ღელავდნენ, ვინც დაღესტანში მიმდინარე მოვლენებსაც ადევნებდა თვალს.

მოგვიანებით, ხელისუფლებამ განმარტა, რომ დაკარგული ლაფანყურელები ორი დღის განმავლობაში იმ

ფოტო: რუკა: შ.პ.ს Geographic
შეიარაღებული დაჯგუფების მძევლები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგაც სპეცოპერაცია ჩატარდა. 28 აგვისტოს მათ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მიაგნეს. სამოქალაქო პირების ნაცვლად, მძევლად სექტორის უფროსი, რამაზ ფარადაშვილი დარჩა.

ოფიციალური ვერსიით, როდესაც მესაზღვრის მძევლად აყვანის შესახებ შეიტყვეს, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მივიდა მოსალაპარაკებლად. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ მესაზღვრე გაათავისუფლა და მის ნაცვლად, სამართალდამცავი დაიტოვა.

შსს-ს მტკიცებით, შეიარაღებული შეტაკება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხსენებულმა სამართალდამცავმა შეიარაღებული ბანდისგან კატეგორიული უარი მიიღო თხოვნაზე, განიარაღებულიყვნენ და ჩაბარებოდნენ ქართველ სამართალდამცავებს. სამწუხაროდ, ოპერაციას სპეციალური დანიშნულების რაზმის ორი თანამშრომელი და ერთი სამხედრო ექიმი შეეწირა.

ხელისუფლების მიერ აღწერილ სურათს ფაქტობრივ (და არა შეფასებით) ნაწილში დიდწილად ემთხვევა ქართულ მედიაში გავრცელებული ადგილობრივების მონათხრობი. ჟურნალ ლიბერალის ანონიმური წყარო, რომელსაც ავტორი “შუა ხნის ლაფანყურელ მამაკაცად” მოიხსენიებს, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს “მებრძოლებს” ეძახის და ადასტურებს, რომ ახალგაზრდა თანასოფლელების მაგივრად მათთან მესაზღვრე დარჩა, ვიდრე ისინი სამართალდამცავებმა არ ჩაანაცვლეს – “მებრძოლები არაფერს არ ითხოვდნენ, მაგათ დაღესტანში გადასვლა უნდოდათ, იქ უფროსი მოუკლეს და ალბათ, იქ მიდიოდნენ”.

შეიარაღებულ ჯგუფს რომ რუსეთის საზღვარი უნდა გადაეკვეთა, ადასტურებს ჩრდილოკავკასიური წინააღმდეგობის – კავკასიური იმარატის – მთავარი ვებგვერდი, კავკაზცენტრი. მათი ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე “მოხალისე ახალწვეულთა ჯგუფი შეიკრიბა, რომელიც დაღესტნის ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის ჩასატარებლად მიემართებოდა”. საინტერესოა, რომ ამ განცხადებამდე, მათ გაცილებით მკაცრი მიმართვა გაავრცელეს, რომელიც მოგვიანებით ვებგვერდიდან გაქრა. თავდაპირველ ტექსტში მოჯაჰედები საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებდნენ და შეიარაღებული ჯგუფის განადგურებისთვის შურისძიებითაც ემუქრებოდნენ.

ხელისუფლებას არ დაუდასტურებია, რომ “დივერსანტები” მოჯაჰედები იყვნენ. მათ ჯერჯერობით არ უთქვამთ სად მიდიოდა ეს ჯგუფი, ან როგორ აღმოჩნდა ის საქართველოს ტერიტორიაზე.

არც ის ვიცით, რატომ უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დივერსანტებს – დაგეგმილი დივერსიის შესახებ აქვთ ინფორმაცია და გამოძიების ინტერესების გამო არ ამჟღავნებენ, თუ ტერმინების აღრევასთან გვაქვს საქმე.

ვერც ის გავიგეთ, რატომ ირწმუნებოდნენ, რომ დაჯგუფების 11 წევრიდან არცერთი საქართველოს მოქალაქე არ არის, მაშინ როდესაც მეორე დღეს თავადვე განაცხადეს, რომ მხოლოდ შვიდი გვამი ამოიცნეს და აქედან ორი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, პანკისიდან. დანარჩენები – რუსეთის.

თავისთავად, არანორმალური იმაში არაფერია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავი ორგანოები არ მიიჩნევდნენ საჭიროდ ამა თუ იმ დეტალის გამომჟღავნებას – მოქალაქეობა იქნება, მიზანი, თუ სხვა რამ. მით უმეტეს, რომ ინციდენტიდან ჯერ სულ რამდენიმე დღე გავიდა და გამოძიება არ დასრულებულა. მაგრამ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს – ეს მის მიმართ უნდობლობას კვებავს.

30 აგვისტოს ლოპოტის ხეობის ამბებს ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მან ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელები ქართული ოცნების მხარდამჭერებად გამოაცხადა. მართალია, საკმარისი არ ვიცოდით, იმისთვის რომ მომხდარი შეგვეფასებინა, მაგრამ ოპოზიციის ლიდერმა ეჭვი გამოთქვა, რომ ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ხელისუფლების ავანტიურა იყო. საგულისხმოა, რომ მსგავსი განცხადებები მისმა თანაპარტიელებმა სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში გააკეთეს. მათ სააკაშვილი “სკამის შენარჩუნების” მიზნით სისხლისღვრის მოწყობასა და პროვოკაციის დადგმაში ამხილეს. თუმცა არ განუმარტავთ, როგორ შეუწყობდა ხელს საქართველორუსეთის საზღვართან შეიარაღებული შეტაკების ინსცენირება მმართველი პარტიის პოზიციის განმტკიცებას.

ივანიშვილმა აღიარა, რომ განვითარებული მოვლენების შესახებ ცოტა იცის, მაგრამ ამის მიუხედავად დარწმუნებულია, რომ თვითონ “რაღაც მარტივს” მოიფიქრებდა და “ჩვენ ხალხს არ ჩაახოცინებდა”. “ისინი [შეიარაღებული ჯგუფი] იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული და ითხოვდნენ უკან გაეშვათ? რატომ არ უნდა გაეშვათ? ბავშვები [ლაფანყურელი მძევლები] დაეტოვებინათ და ისინი უკან გაეშვათ პრინციპში. საიდანაც შემოვიდნენ, უკან გავიდოდნენ ჰო?” – იკითხა ოპოზიციის ლიდერმა.

ივანიშვილის და სხვა “სავარძლის გენერლებისგან” განსხვავებით, ჩვენ, ვისაც “მენცარის” სკოლა არ გაგვივლია, ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რამდენად პროფესიონალურად ჩატარდა ეს ოპერაცია. მძევლები ცოცხლად გადარჩნენ და ეს კარგია. თუმცა, არ ვიცით შესაძლებელი იყო თუ არა, ქართველ ძალოვანთა შორის მსხვერპლის თავიდან აცილება ან შეიარაღებული ბანდის წევრების ცოცხლად აყვანა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს – გამოძიება არ დასრულებულა და როცა დასრულდება, მაშინაც შეიძლება მხოლოდ ის გავიგოთ, რასაც ხელისუფლება ეროვნული უშიშროების ინტერესების გათვალისწინებით გაგვიმხელს.

მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ვუპასუხოთ ივანიშვილის შეკითხვას, თუ “რატომ არ უნდა გაეშვათ” შეიარაღებული ბანდის წევრები რუსეთში. ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ რა ხდებოდა დაღესტანში იმ დღეებში, როდესაც ე. წ. ახალწვეულები რუსეთში გაღწევას ცდილობდნენ; გავიხსენოთ, რა საშინაო და საგარეო საფრთხეების წინაშე იდგა საქართველო ათიოდე წლის წინ – მაშინ, როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობა საქართველოს ტერორისტების თავშესაფრად მოიხსენიებდა – ჩვენი ხელისუფლების უუნარობის წყალობით, არცთუ უსაფუძვლოდ; შემდეგ შევადაროთ ფინანსურად ჯერ კიდევ სუსტი, ჩეჩნეთში ომისგან დაღლილი 2002

ლაფანყური ფოტო: REUTERS
წლის რუსეთი ჩვენს ამჟამინდელ ჩრდილოელ მეზობელს და პასუხიც ნათელი იქნება.

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თავს “ეპოქის გონებად, ღირსებად და სინდისად” მიიჩნევს სააკაშვილის ხელისუფლებას შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს. ზოგიერთი აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ პანკისელ ჭირისუფალთან სამართალდამცავის მკვლელის ცხედარმა სამი დღე დაიგვიანა, როგორც ხელისუფლება ამბობს, გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე. “მთელი სოფელი ისევე დავტირით იმ 11 მებრძოლს, როგორც ჩვენს სპეცნაზელებს, არ იყვნენ ისინი მოსაკლავები…” – უყვება ლიბერალის გულაჩუყებულ ავტორს “შუა ხნის ლაფანყურელი”.

მსხვერპლის მხრიდან მოძალადის მიმართ გამოვლენილი სიმპათია უნიკალური მოვლენა არ არის. მას სტოკჰოლმის სინდრომის სახელით იცნობენ. ამის გამოვლენის საუკეთესო მაგალითი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე ვიხილეთ, სადაც ერთ-ერთი მძევლის დედა კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მის შვილს გამტაცებლები არც ჭამას აკლებდნენ და არც სმას – “ერთადერთი ეგ იყო, რომ დაატყვევეს და წაიყვანეს”.

ლაფანყურსა და მის შემოგარენში ასეთ ირაციონალურ დამოკიდებულებას, შესაძლოა, ვაჰაბიტი მებრძოლების შიში და ახლო წარსულში მიღებული გამოცდილება კვებავდეს. მაგრამ ლიბერალის ზემოხსენებული ავტორის, ბექა ქურხულის მდგომარეობა ცოტა უფრო რთული ასახსნელია. აი, რას წერს ის: “არავინ უარყოფს იმას, რომ ისინი შესაძლოა საბრძოლველად მიდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ რატომ ვერ მოხერხდა მათი ცოცხლად აყვანა? მით უმეტეს, რომ საუბარია 19-20 წლის ბიჭებზე, რომელთაც მიაჩნდათ, რომ რუსებმა მათი სამშობლო დაიპყრეს, მათი რელიგია შეურაცხყვეს და მათი თანამემამულეები დახოცეს. ფაქტია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ კავკასიის იმარატს, მის მებრძოლებს – მოჯაჰედინებს და მათ ლიდერს, დოკუ უმაროვს, რომლებიც თავგამოდებით ებრძვიან რუსეთს, არასოდეს, არც სიტყვით და არც საქმით, საქართველოს ან საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს”.

მანამდე, სანამ “ეპოქის გონება, ღირსება და სინდისი” გაარკვევს, რომ მისი მტრის მტერი მაინცდამაინც მეგობარი არ არის, ჩვენ “19-20 წლის ბიჭების” საკითხს დავუბრუნდეთ.

3 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 დაღუპულიდან 7 მათგანის ვინაობა გაასაჯაროვა. 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰუდინ ქავთარაშვილი საქართველოს მოქალაქეები არიან. ქისტები, პანკისიდან. დანარჩენები – რუსეთის. 26 წლის ბაჰუდინ ბაღაკაშვილი ქისტია, მაგრამ გროზნოშია დაბადებული, პანკისში ნათესავები ჰყავს. 44 წლის დუკვახა დოშუევი, 20 წლის სალამ ზაურბეკოვი და 31 წლის მუსა ადუევი ჩეჩნები არიან. 23 წლის ჯაბრაილ ხაშიევი ინგუშია.

როგორც უკვე ითქვა, კავკასიის იმარატის მტკიცებით, ისინი ახალწვეულები იყვნენ და დაღესტანში მიემართებოდნენ. თუმცა გასაკვირია, როგორ შეძლო “ახალწვეულთა” 17-კაციანმა რაზმმა კარგად გაწვრთნილი შავნაბადის ბატალიონისთვის ამხელა დარტყმა მიეყენებინა? ამას გარდა, მათ გამოუცდელობას ეჭვქვეშ აყენებს მათივე აღჭურვილობა – სნაიპერის შაშხანები, ღამის ხედვის აპარატურა, კავშირგაბმულობის დახვეწილი სისტემები, РПГ ყუმბარმტყორცნები – ექპერტების მტკიცებით, იმ იარაღის გამოყენებას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ვნახეთ, სულ მცირე, ერთწლიანი მომზადება სჭირდება.

ისრაელელი პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში აბრაამ შმულევიჩი შეიარაღებული ჯგუფის თანამედროვე აღჭურვილობაზე დაყრდნობით უფრო შორს მიდის და მათ რუსეთთან კავშირზე საუბრობს. პოლიტოლოგი ამტკიცებს, რომ ავსტრიული წარმოების 2700-დოლარიანი Steyr Scout-ის შაშხანები ისლამისტებზე არ უნახავთ, მაგრამ რუსეთის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГРУ) წელს შეიძინა. თუ შმულევიჩის ვერსიას გავყვებით, შესაძლოა იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქე შეიარაღებული პანკისელების ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებთან ერთად დაღესტანში გადასვლა „საბრძოლო ოპერაციის ჩასატარებლად” არა რუსეთის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი იყო.

ამ “19-20 წლის ბიჭებიდან” ყველაზე საინტერესო და გავლენიანი დუკვახა დოშუევია, ჩეჩენი ლიდერის აჰმედ ზაკაევის დაცვის ყოფილი თანამშრომელი. 2000-იანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ზაკაევი რუსეთის ხელისუფლებას საზღვარგარეთ გაექცა, დოშუევი დააპატიმრეს, თუმცა მალევე ამნისტია შეეხო.

რუსული გამოცემა Коммерсантъ-ის ცნობით, 2003 წელს, ლონდონის სასამართლოში, აჰმედ ზაკაევის ექსტრადიციის საქმის მოსმენაზე რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ დოშუევის ჩვენება წარმოადგინა, სადაც დაცვის თანამშრომელი თავის ყოფილ უფროსს ყველა იმ დანაშაულში ამხელდა, რასაც რუსეთის ხელისუფლება აბრალებდა. თუმცა რუსეთიდან გაქცეულმა დოშუევმა ლონდონში საკუთარი ჩვენება უარყო და განაცხადა, რომ ის მრავალდღიანი სასტიკი წამების შედეგად მისცა.

ლაფანყურის შემთხვევა საღი აზრის მიხედვით საწინააღმდეგოს უნდა ადასტურებდეს, მაგრამ ქართული ოცნების წევრები ხელისუფლებას უკანონო შეიარაღებულ ბანდებთან კოლაბორაციაში ადანაშაულებენ. ერთი მაჟორიტარი კანდიდატი, პაატა ზაქარეიშვილი, სააკაშვილს “გადამგდებს” უწოდებს იმის გამო, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრები აქ შემოიტყუა, “დაასვენა ან მოამზადა” და მერე სასტიკად გაუსწორდა. ხოლო მეორე – მამუკა არეშიძე ამტკიცებს, რომ პანკისის ხეობას ხელისუფლება ვაჰაბიტების მეშვეობით აკონტროლებს და რომ ეს ახალგაზრდებიც ამ ჯგუფის წევრები იყვნენ. ქართული ოცნების წევრების რიტორიკას მხარს უბამს რუსული სახელისუფლო პრესა – “რუსეთში ტერაქტების კოორდინირება შესაძლოა პანკისიდან ხდებოდეს”, – წერს Известия.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები