Pussy Riot

Pussy Riot: ჩვენ ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ

Pussy Riot-ის წევრები: ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუჩევიჩი სასამართლო პროცესზე

წლის 17 აგვისტოს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რელიგიური სიძულვილის მოტივებით ჩადენილ ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა Pussy Riot-ის წევრებს: ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას, მარია ალიოხინას და ეკატერინა სამუჩევიჩს. თავად ჯგუფის წევრებმა ბრალი არ აღიარეს და განაცხადეს, რომ მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქცია, რომლის დროსაც საკურთხეველთან პანკ-ლოცვა „ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი” შესრულდა, მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის იყო და მორწმუნეთა შეურაცხყოფას მიზნად არ ისახავდა. განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე წუთით ადრე, სასამართლოს მოპირდაპირე შენობის ერთ-ერთი ბინიდან გაჟღერდა Pussy Riot-ის ახალი სიმღერა, რომლითაც ჯგუფის თავისუფლებაზე დარჩენილი წევრები საზოგადოებას ჩეკისტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებენ. Amnesty International-მა გოგონები სინდისის პატიმრებად აღიარა, რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ დაპატიმრებულთა მხარდამჭერი აქციები მოეწყო, რუსეთის ხელისუფლება კი უპრეცედენტო კრიტიკის ქვეშ მოექცა.

ისტორია, რომელმაც ბოლო თვეების მანძილზე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, 2011 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ფერად ნიღბებში გამოწყობილმა რამდენიმე გოგონამ მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურებსა და ტროლეიბუსების სახურავებზე ქალების რთული ცხოვრების, არაბულ ქვეყნებში დიქტატორული რეჟიმების დამხობის და მამაკაცების სწორად ჩაგვრის შესახებ სიმღერა შეასრულა, შემდეგ კი ამ ღონისძიების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტით გაავრცელა. ამას მოჰყვა შეჭრა ელიტარულ ბუტიკებში, ბარებსა და მოდების ჩვენებებზე და ახალი სიმღერა, რომელშიც Pussy Riot ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მის მდედრობით ნაწილს, სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებდა.

ჯგუფის მომდევნო აქცია უკვე იმ საპატიმროს სახურავზე მოეწყო, სადაც რუსეთის დუმის არჩევნების შემდეგ ჩატარებული საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულები იმყოფებოდნენ. ამჯერად გოგონები, გისოსებს მიღმა მყოფ ადამიანებთან ერთად, მოედნების ოკუპაციაზე, პოლიციელებისთვის იარაღის წართმევასა და ციხეებიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მღეროდნენ. იანვარში კი Pussy Riot-ისთვის სცენად წითელი მოედანი იქცა. სწორედ იქ, სიმღერის „ამბოხი რუსეთში – პუტინმა ჩაისვარა” შესრულების შემდეგ, მოხდა ჯგუფის წევრების პირველი დაკავება.

საზოგადოებრივ ადგილებში შეჭრა და კონცერტების გამართვა სიახლე არ არის. არც მუსიკოსების მიერ მოწყობილი პოლიტიკური აქციები და მათი მონაწილეების დაპატიმრებაა იშვიათობა. ჯერ კიდევ სამოციანებში Jefferson Airplane-მა, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ნიუ იორკის ერთ-ერთი სახლის სახურავი დაიკავა და პოლიციის მოსვლამდე გარშემომყოფებს საკუთარი მუსიკით ართობდა. სამოცდაათიანებში კი Sex Pistols-მა ტემზაზე გემი იქირავა და პარლამენტის შენობის წინ God Save The Queen შეასრულა, რის შემდეგაც ჯგუფის

Pussy Riot-ის წევრები: ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუჩევიჩი სასამართლო პროცესზე
მენეჯერი და მუსიკოსები ციხეში აღმოჩნდნენ.

შეიძლება ანალოგიების გატარება ოთხმოცდაათიანებში პოლიტიკური ტექსტებით და რადიკალური ფემინისტური ლოზუნგებით ცნობილ ამერიკულ ჯგუფთან Bikini Kill და, ამავე დროს, პანკ როკში წარმოქმნილ ფემინისტურ მოძრაობასთან Riott Grrrl. თუმცა არის ერთი რამ, რაც გოგონებს წინამორბედებისგან განასხვავებს – Pussy Riot სტანდარტული მუსიკალური ბენდი არ არის, ეს უფრო არტ-პარტიზანული დაჯგუფებაა, რომლის ფესვებიც რუსულ აქციონიზმშია საძებნი. შემთხვევითი არაა, რომ ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა არტჯგუფ Война-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი ყველა მნიშვნელოვანი აქციის მონაწილეა. თანამედროვე ხელოვნების ამ მიმართულებასთან კავშირის ხაზგასასმელად კი შეგვიძლია ისიც გავიხსენოთ, რომ მაცხოვრის ტაძარში შესრულებულ პანკლოცვამდე რამდენიმე წლით ადრე, რუსული აქციონიზმის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ბრენერმა მსგავსი პერფორმანსი ჩაატარა – ეკლესიაში საკურთხეველს მივარდა ყვირილით „ჩეჩნეთი, ჩეჩნეთი”.

მსოფლიო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, Pussy Riot-ის სამი მონაწილე დღეს ციხეშია, თავისუფლებაზე დარჩენილებზე კი ძებნაა გამოცხადებული. ტაბულამ შეძლო დაკავშირებოდა გოგონებს და რამდენიმე კითხვა დაესვა მათთვის.

დიდი მადლობა, რომ დათანხმდით ინტერვიუს ჩვენს ჟურნალთან. საუბრის დასაწყისში მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც თქვენ მიმართ რუსეთის გარეთ მცხოვრებმა ადამიანებმა გამოხატეს და რას ეტყოდით მათ, ვისაც Pussy Riot-ის საქმე რუსეთის შიდა პრობლემად მიაჩნია?

სპექტაკლის საზოგადოება არ იცავს დრამატურგიის კლასიკურ წესებს. ის არ იზღუდავს თავს დროში, ადგილსა და მოქმედებაში. ამიტომ გარეგანი არ არის გამოყოფილი შინაგანისგან და პირიქით. „პრობლემა” გაცდა სახელმწიფოს მასშტაბებს, გავიდა მის ფარგლებს გარეთ; მისი სახელმწიფოებრიობა (ინსტრუმენტალიზმი) არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას გამკლავებოდა.

პროტესტის ადგილმა – ეკლესიამ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. რას უპასუხებდით ამ ადამიანებს?

ჩვენს ბლოგზე LiveJournal-ში სრულად და დეტალურად არის აღწერილი, რატომ ავარჩიეთ ჩვენი აქციისთვის ადგილი მეტროს სადგურ კროპოტკინსკაიას პირდაპირ. ადამიანების შეურაცხყოფა, ზოგადად ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის მორწმუნეების ჩათვლით, ჩვენ არც არასდროს გვინდოდა და არც ახლა გვინდა. ხელისუფლება საკრალიზებულია და ტოტემური ცხოველების სახით წარმოგვიდგება – აი, ეს უნდა იწვევდეს საზოგადოების ამ ნაწილის სამართლიან რისხვას.

რით ახსნით ასეთ დიდ მობილიზებას Pussy Riot-ის მხარდასაჭერად მაშინ, როდესაც პოლიტიკური აქტივისტების დაკავება რუსეთში მიღებული პრაქტიკაა?

პოლიტიკური აქტივისტები და სამი უჩვეულოდ მამაცი გოგონა – ალბათ მაინც სხვადასხვა რამეა. მხარდაჭერას თავად ის ფაქტი იწვევს, რომ საზოგადოებას ეშინია მსგავსი აქციების ჩატარების, ვინაიდან ეს არ არის ერთკაციანი პიკეტი ან მიტინგზე სიტყვით გამოსვლა – თავად პროტესტის ფორმაა ახალი მაშინ, როდესაც მისი შინაარსი, შეიძლება ითქვას, იგივე დარჩა.

თქვენ სოლიდარობა გამოგიცხადათ მადონამ, ბიორკმა, სტინგმა, პოლ მაკარტნიმ და მუსიკის სხვა ვარსკვლავებმა, ამავე დროს, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა – მაგალითად, პუგაჩოვამ, გაზმანოვმა, კობზონმა და ა.შ., Pussy Riot-ის წინააღმდეგ გაილაშქრა, რა არის ამის მიზეზი?

სამწუხაროდ, რუსული შოუბიზნესის ის ნაწილი, რომელსაც თქვენ ახსენებთ, ჩვენთვის უცნობია – ჩვენ მათ არ ვიცნობთ, მაგრამ შეიძლება მიხვედრა, რომ საუბარია სამსხვერპლო ცეცხლის გულმოდგინე მცველებზე. როგორც ჩანს, მათ იმედი აქვთ, რომ თავად შეავსებენ ტოტემური ბესტიარიუმის რიგებს.

რამდენად ეფექტიანია თქვენი აქციები? არსებობს მოსაზრება, რომ ისინი რუსეთის გარეთ მცხოვრებ ადამიანებზე უფროა გათვლილი, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებზე. ეს განსაკუთრებით ტაძარში შესრულებულ პანკ-ლოცვას ეხება. ხომ არ მოხდება ისე, რომ, რაც უფრო მეტი უცხოელი გამოხატავს სოლიდარობას თქვენ მიმართ, მით უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე დაიჯერებს ლეგენდას გარყვნილი დასავლეთის შესახებ. რომ პუტინი და პუგაჩოვა იცავენ სულიერებას,

პოლიციელი Pussy Riot-ის მხარდამჭერის დაპატიმრებას ცდილობს
დასავლეთი და მადონა კი ღმერთის და რელიგიის წინააღმდეგ ილაშქრებენ.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება მყისიერი წარმატების იმედი გვქონდეს, მაგრამ ამასთანავე ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება. ჩვენი ყველა ქმედება სინქრონიზებულია იმასთან, რაც ხდება ქვეყანაში და არა მის ფარგლებს გარეთ. ზოგიერთებს ეშინიათ, რომ პანკ-ლოცვა შედეგს მოიტანს, მაშინ, როდესაც სხვებმა იციან, რომ მან შედეგი უკვე მოიტანა. თუმცა ჩვენი სამოქმედო ველი ჩვენი ქვეყანა და მისი პრობლემებია.

2010 წელს არტჯგუფმა Война, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც ნადეჟდა ტოლოკონნიკოვაა, მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც კი რუსეთში თანამედროვე ხელოვნების სფეროში არსებობს – სახელმწიფო პრემია „ინოვაცია”. წელს კი უკვე Pussy Riot-ია წარდგენილი არანაკლებ პრესტიჟულ – კანდინსკის პრემიაზე. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს? პოლიტიკურმა კონიუნქტურამ, თუ იმან, რომ თქვენ მართლაც ხელოვნების ნიმუშებს ქმნით?

ეს არ ვიცით, ჩვენ ხომ არტკრიტიკოსები არ ვართ. უბრალოდ, მხატვრულ საშუალებებს ვიყენებთ ჩვენი აქციებისთვის.

Pussy Riot-ის სამი წევრისთვის განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პოლიციამ ჯგუფის დანარჩენ წევრებზე თებერვლის აქციაში მონაწილეობის გამო ძებნა გამოაცხადა. შეიძლება ითქვას, რომ არალეგალურ მდგომარეობაში ხართ. რას აპირებთ იმ პირობებში, როდესაც იცით, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია დაგაპატიმრონ და თქვენი მეგობრების ბედი გაიზიაროთ? ხომ არ ფიქრობთ ქვეყნის დატოვებაზე?

ჯგუფის მხოლოდ ორმა წევრმა დატოვა რუსეთი, ჩვენ კი ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ. გაქცევა – უკანასკნელი ჩინური სტრატაგემაა და, როგორც კომენტატორები აღნიშნავენ, ყველა სტრატაგემიდან – საუკეთესო. ჩვენი ოპონენტებისთვის ჯერ კიდევ არ არის გვიან ამ სტრატაგემით სარგებლობა.

როგორ ხედავთ Pussy Riot-ის მომავალს? იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს დაგეგმილი, დღეს თქვენ პოპვარსკვლავები ხართ. Pitchfork თქვენს ახალ სიმღერას საკუთარ ვებგვერდზე ათავსებს, Playboy კი ფოტოსესიაზე გეპატიჟებათ. რა იქნება შემდგომში? სადებიუტო ალბომი რომელიმე ცნობილ ლეიბლზე, საკონცერტო ტურნე, თუ ისევ ბარიკადები და სპონტანური არტაქციები მოსკოვის ქუჩებში?

ჩვენ დაკავებული ვართ მხოლოდ არასანქცირებული, არალეგალური გამოსვლებით, პოლიტიკური აქტივიზმით. კაპიტალიზმის სისტემაში მონაწილეობა ჩვენთვის საინტერესო არ არის, წესს „იყიდე-გაყიდე” – არ ვცნობთ. დიდ პატივს ვცემთ მადონას და ბიორკს, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ მიერ შემოთავაზებულ მოედნებზე გამოსვლა არ შეგვიძლია. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას მოსკოვში. იმ განსხვავებით, რომ ახლა აქციები უნდა იყოს უფრო მძლავრი და უკეთ მომზადებული.

სოციალური გამოკითხვებით, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა თვლის, რომ სასამართლო პროცესი Pussy Riot-ის წინააღმდეგ სამართლიანად ჩატარდა. ამავე გამოკითხვის მიხედვით, საზოგადოებრივი აზრი თქვენს მხარეზე არ არის და მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას ემხრობა. მკვლევართა განმარტებით, ამის მიზეზია ის, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, სადაც თქვენი საწინააღმდეგო პროპაგანდა მიმდინარეობს და აგრეთვე რუსეთის საზოგადოების მდგომარეობა, კონსერვატორი უმრავლესობა, რომელიც თქვენგან განსხვავებული ღირებულებებით ცხოვრობს. ასეთ პირობებში რა გაძლევთ იმედს, რომ თქვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება?

ეს ყველაფერი სპექტაკლის შემადგენელი ნაწილია; ჩვენ არაერთხელ დავრწმუნებულვართ, რომ „უმრავლესობა” არაუფლებამოსილია არა მხოლოდ იმისთვის, რომ რამე გადაწყვიტოს, არამედ იმისთვისაც, რომ საღად შეაფასოს მოვლენები. ხელისუფლება აგრძელებს მის კვებას სიმულაკრებით. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ რამე ადამიანების თუნდაც იმ ერთი პროცენტისთვის, რომელიც აზროვნებს და პროგრესულ იდეებს იზიარებს.

და ჩვენი საუბრის ბოლოს, მოკლე შეკითხვა და სასურველია მასზე ამომწურავი პასუხი გასცეთ – რა გინდათ?

რომ ადამიანებმა ნაკლებად იტანჯონ, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოსგანაც.

 

კომენტარები